„პირველი მატჩი უმნიშვნელოვანესია“ | რა თქვეს თურქებმა საქართველოსთან შეხვედრაზე
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი გახლავთ და „თეთრ-წითლების“ ფეხბურთელებმა, იუსუფ იაზიჯიმ და ბერტუგ ილდირიმმა „ჯვაროსნებთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ილაპარაკეს.
„ასეთი ჩემპიონატებისას ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი თამაშია. არსებობს გამოთქმა, რომ როგორი სტარტიც გაქვს, ისე გაგრძელდება ყველაფერი. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან მატჩი, როგორც მოტივაციის, ისე ჯგუფიდან გასვლის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაუზოგავად ვმუშაობთ და იმედია, ეს შედეგს მოიტანს.
გერმანიაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. მადლობა თურქ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან. გვიხარია, რომ გერმანიაში ამდენი თურქი ცხოვრობს. გუშინ, ღია ვარჯიში გვქონდა და ადამიანების გაბედნიერებული სახეების დანახვამ დადებითი ემოციები მოგვიტანა. ამბიციური ფეხბურთელი ვარ და ისეთი მიზნები უნდა დავისახოთ, რომ დიდი მოტივაცია გვქონდეს“, - განაცხადა იაზიჯიმ.
„ყველაფერი კარგად მიდის. ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს და ამან დაგვამწუხრა, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. მომზადებას ვაგრძელებთ და ტურნირის დაწყებას ველოდებით. ჩემი, როგორც თავდამსხმელის მოვალეობაა გოლები გავიტანო. მართალია, გოლების გატანა გვიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, ამ გამოწვევას გადავლახავთ და მგონია, პრობლემა არ გვექნება. ჩვენი მიზანია, თითოეულ თამაშს ინდივიდუალურად მივუდგეთ და მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა“, - აღნიშნა ილდირიმმა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.