15 მწვრთნელი 13 წელიწადში - ფიფია ისევ ძიებაშია
რამდენიმე დღის წინ, თბილისის „დინამოში“ მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა - ანდრეს კარასკომ კლუბის ხელმძღვანელებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. 46 წლის ესპანელის შემცვლელად 44 წლის ავსტრიელი სპეციალისტის ფერდინანდ ფელდჰოფერის კანდიდატურა სახელდება, რომელმაც სახელი „ვოლფსბერგერში“ მუშაობისას გაითქვა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით კლუბი ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა. სხვათა შორის, მაშინ ამ გუნდში ორი ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობდა.
კარაკოს გახდა რიგით მე-15 მწვრთნელი, რომელიც რომან ფიფიამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა. დიახ, 2011 წლის იანვრის, ანუ მას შემდეგ რაც მან თბილისის „დინამოს“ აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თხუთმეტი დამრიგებელი გამოიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფიფიას მმართველობის 13-წლიან პერიოდში დედაქალაქელებმა 14 ტიტული (6-ჯერ Crystalbet ეროვნული ლიგა, 4-ჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასი, 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასი) მოიგეს, წელიწადნახევარზე მეტხანს პოსტზე არც ერთ მთავარ მწვრთნელს არ უმუშავია. რა არის ამის მიზეზი, ამაზე ერთმნიშვნელოვნად საუბარი ძნელია და ეს უფრო კლუბის შიდა სამზარეულოა. თუმცა, ფაქტია, რომ დიდხანს მუშაობის საშუალება არც ერთ სპეციალისტს არ მისცემია და ამის მიზეზი ხან პირადი გადაწყვეტილება, ხან კი გუნდის მიერ ნაჩვენები აშკარად არადამაკმაყოფილებელი შედეგები იყო.
მართალია, წელს „დინამო თბილისი“ ვერც შიდა ასპარეზზე წყვეტს ციდან ვარსკვლავებს და თვრამეტი ტურის შემდეგ ოცდაორი ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა Crystalbet ეროვნულ ლიგაში წარმატებული გამოსვლა ამ უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდის საზომი არასოდეს ყოფილა. ევროტურნირებზე კი ყველაზე დიდ წარმატებას ფიფიას პრეზიდენტობისას თბილისელებმა მისი მმართველობის პირველივე წელს მიაღწიეს, როდესაც ესპანელმა ალექს გარსიამ გუნდი უეფას თასის პლეი ოფამდე მიიყვანა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ათენის „აეკთან“ დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. გარსიას შემდეგ „დინამო თბილისს“ სხვადასხვა პერიოდში ავარჯიშებდნენ გიორგი დევდარიანი, რამაზ მუმლაძე, დუშან უჰრინი, მალხაზ ჟვანია, მიხალ ბილეკი, კახი გოგიჩაიშვილი, იურაი იარაბეკი, ვიაჩესლავ გროზნი, ზაურ სვანაძე, ფელის ვისენტე, ჩისკო მუნიოსი, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი და სულ ბოლოს ანდრეს კარასკო, რომელმაც ახალი სამსახური უკვე იშოვა და უკრაინის „ჩერკასი“ ჩაიბარა. ჩამოთვლილ სპეციალისტებს შორის შიდა ასპარეზზე ნაჩვენებ შედეგებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ყველაზე წარმატებულები უჰრინი, ჟვანია და იარაბეკი იყვნენ, რადგან მათი ხელმძღვანელობით გუნდმა სეზონის „ოქროს დუბლით“ დაასრულა.
მწვრთნელების ხშირ ცვლა და ცუდი სპორტული შედეგები ფიფიაზე კარგად არ მეტყველებს, თუმცა მის სახელს ძალიან ბევრი კარგი საქმეც უკავშირდება. მმართველობის მის ხელში გადასვლის შემდეგ, მოხდა კლუბის მოდერნიზაცია, დიღმის საწვრთნელ ბაზას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცა. გარდა ამისა, დაიწყო ფუნქციონირება ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიამ, რომლის ძალიან ბევრი აღზრდილიც რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. თუმცა, გულსატკენია ის ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი კარსაა მომდგარი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშეა და მიმდინარე სეზონში არასტაბილურ შედეგებს აჩვენებს.