საქართველოს ნაკრები, ალექსანდრე იაშვილი, მალხაზ ასათიანი, დავით სირაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით თარგამაძე
Aa
Aa

ვინ იქნება მეექვსე - თურქებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია

სამშაბათს, 18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას თურქეთთან გამართავს და შეეცდება ამ ტურნირზე პირველი ქულა, ან ქულები აიღოს. აქამდე ამ გუნდების 5-ჯერ აქვთ ნათამაშები, 3 მატჩი თურქების გამარჯვებით დასრულდა, ერთში ფრე დაფიქსირდა და ერთხელ ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა მოიგო. ხუთ შეხვედრაში „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს ხუთი ბურთი გაუტანეს და ხუთივე სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშზეა.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრების გზები პირველად 2002 წლის 21 აგვისტოს ტრაბზონში გადაიკვეთა და ამხანაგურ შეხვედრაში მეტოქემ არიფ ერდემის, ჩიჰან ჰასპოლატისა და ნიჰათ ქაჰვეჩის გოლებით გაიმარჯვა. ორ წელიწადში გუნდები ისევ ტრაბზონში, ამჯერად 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ და 49-ე წუთზე ფათიჰ თექეს გატანილ ბურთს, 85-ე წუთზე ზუსტი დარტყმით მალხაზ ასათიანმა უპასუხა და მატჩი 1:1 დასრულდა. ამავე შესარჩევში თბილისში თურქეთის ნაკრებმა 5:2 გაიმარჯვა. დუბლი ფათიჰ თექეს ანგარიშზეა, თითო ბურთი კი ტოლგა სეიჰანმა, მუსტაფა ავჩიმ და თუნჯაი სანლიმ გაიტანეს. ქართველების მხრიდან კი თავი ალექსანდრე ამისულაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გამოიჩინეს.

თურქებსა და ქართველებს შორის ბოლო ორი მატჩი ამხანაგური იყო - 2007 წლის 7 თებერვალს მეტოქე დავით სირაძის მიერ 76-ე წუთზე გატანილი გოლით დავამარცხეთ. 2012 წლის 24 მაისს კი საქართველოს ნაკრები ავსტრიაში გამართულ სპარინგში 1:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ჰამიტ ალტინტოპისა და ნური შაჰინის ბურთებით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი გოლები დავით თარგამაძემ და სელჩუკ ინანმა გაცვალეს. ვინ იქნება მეექვსე ქართველი ფეხბურთელი და იქნება თუ არა ასეთი, ამას 18 ივნისს შევიტყობთ - თურქეთი - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ემოციურია გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა“ - ნაკრების ღია ვარჯიში ფელბერტში
„ემოციურია გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა“ - ნაკრების ღია ვარჯიში ფელბერტში