„ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა“ - მამადუ სახო
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მამადუ სახომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა და ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
რას ამბობს სახო:
„კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა“.
„ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო“.
„კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
ფრანგი ფეხბურთელი „ტორპედოსთან“ ხელშეკრულებას უახლოეს საათებში გააფორმებს. მამადუ სახოსა და ქუთაისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოში“ მხოლოდ მოთამაშის ფუნქციას არ შეითავსებს. მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის ტორპედოს აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი.