დონჩიჩის გაძევება და ბოსტონის მესამე მოგება - სელტიკსი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია
NBA-ში სუპერფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა, რომელშიც სერიის ლიდერი „ბოსტონ სელტიკსი“ სტუმრად „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 106:99 გაიმარჯვა. შესაბამისად, ბოსტონმა სერიაში ანგარიში 3:0 გახადა და ჩემპიონობამდე ერთ მოგება აშორებს.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა „სელტიკსის“ ლიდერს, ჯეისონ ტეიტუმს, რომელმაც 41:51 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. 30 ქულა დააგროვა ჯეილენ ბრაუნმა დერიკ უაითმა კი 16-ქულიან ნიშნულს უწია.
„მავერიკსიდან“ საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 35 ქულა დააგროვა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ლუკა დონჩიჩსაც, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, თუმცა, 6 ჯარიმა დაუგროვდა და მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოედნიდან გააძევეს.
გუნდებს შორის სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩი 15 ივნისს, კვლავ დალასში გაიმართება, ბოსტონი კი გამარჯვების შემთხვევაში NBA-ის 2023/24 წლების სეზონის ჩემპიონობას იზეიმებს.