„მიქაუტაძე - კვარაცხელიას განსხვავებული ტყუპისცალი“
იტალიური Calciomercato კვარაცხელიას შესახებ ყოველთვის ხშირად წერს ხოლმე. ბოლო დღეებში კი საქართველოს ნაკრების ირგვლივაც დაიწყეს აქტიურობა. ამჯერად, მათი ჟურნალისტი სიმონე ჯერვაზიო გიორგი მიქაუტაძეზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
„მიქაუტაძე - კვარაცხელიას განსხვავებული ტყუპისცალი, რომელიც საფრანგეთისა და საქართველოს შემდეგ, ამჯერად ევროპის დასაპყრობად ემზადება“ - ვკითხულობთ სტატიაში.
„Dzmao ქართულად ძმას ნიშნავს და ეს სიტყვა ახალგაზრდა ფეხბურთელის პროფილთან კარგად არის დაკავშირებული, რომელსაც დიდ ფეხბურთში მოსახვედრად ევროპის ჩემპიონატის ტრამპლინად გამოყენება შეუძლია. ასეთი რამ უკვე ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც გასულ სეზონში ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო. ხვიჩას უმცროსი ძმა ჰყავს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარულია. მოძრაობებით თავის უფროს ძმას წააგავს და შეუძლია მასავით წარმატებულიც გახდეს.
მიზანდასახულობითა და მიზნის მიღწევის სურვილით, კვარას ძმა და ტყუპისცალი მოედანზე გიორგი მიქაუტაძეა. მათ მოედანზე დიდებული ურთიერთობა აქვთ. ბოლო შეხვედრაში მონტენეგროსთან ჩვენ ვიხილეთ ერთის საგოლე გადაცემა და მეორის გოლი. საქართველო სწორედ ასეთი მეგობრული ურთიერთობებით მოხვდა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე.
მიქაუტაძე აიაქსში წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ, ფეხზე მალევე წამოდგა და კარგი სეზონი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მეცმა ის აიაქსიდან 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ამჟამად „მიქას“ გაყიდვა არის მოსალოდნელი. მონაკო და ლიონი მისი შეძენით ინტერესდებიან. მიქაუტაძეს ვისამ ბენ იედერისა და ალექსანდრ ლაკაზეტის შემცვლელად მოიაზრებენ. ქართველით ასევე ინტერესდება ბარნლი და ვულვზი, რომელიც ორი წელია აკვირდება.
ის მობილური და ტექნიკური ფორვარდია, მას ცენტრფორვარდად და ასევე მეორე ფორვარდად თამაშიც შეუძლია. ასევე მარცხენა ფლანგიდანაც უტევს და ცრუ ცხრიანის როლსაც ირგებს. ის მრავალმხრივი და არატიპური ფეხბურთელია. სიმაღლეში 176 სანტიმეტრია, თამაშს უფრო მოედნის სიღრმიდან იწყებს, გოლების გატანა ორივე ფეხით გამოსდის, შორიდანაც კარგად ურტყამს. გამოირჩევა დრიბლინგით და არაპროგნოზირებადობით.
მიქაუტაძეს საფრანგეთში ლაკაზეტსა და ჟან-პიერ პაპენს ადარებენ. მისი კერპები კი ზლატანი და კრიშტიანუ არიან. ადრე ის ამბობდა: „აღფრთოვანებული ვარ რონალდუთი, რომელიც ასაკის მიუხედავად პროგრესს არ წყვეტს და თავდაუზოგავად შრომობს“.
მას ცოტა ხნის წინ ზლატანთან თამაში მოუწია და მის მაისურს დღემდე ინახავს. თუ, კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიო რუკაზე საფეხბურთო გამოაჩინა, მიქაუტაძეს სურს, რომ ეს საქმე დააგვირგვინოს“.
- ვკითხულობთ სტატიაში.