ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებულად ვემზადებით. ეს ის ტურნირია, რომლის გარშემოც ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა და ჩვენს თამაშებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს.
CrystalSport-ი, ჯგუფების მიხედვით, მონაწილე გუნდების წარდგენას აგრძელებს. სტატიის მიზანია, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, ფაქტები, სტატისტიკები და ამბები, გუნდებისა თუ ფეხბურთელების გარშემო. ასე რომ, დავიწყოთ და დეტალურად გავიცნოთ, ვის, რატომ და რა ინტერესით უნდა ვუყუროთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. A, B, C და D ჯგუფების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, დღეს E ჯგუფის ჯერია.
E ჯგუფი: ბელგია, უკრაინა, რუმინეთი, სლოვაკეთი
OPTA-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზი ჯგუფიდან გასვლაზე: ბელგია - 90%; უკრაინა - 69.4%; რუმინეთი - 57.4%; სლოვაკეთი - 51.1%
17 ივნისი - 17:00 - რუმინეთი V უკრაინა (მიუნხენი, ალიანც არენა)
17 ივნისი - 20:00 - ბელგია V სლოვაკეთი (ფრანკფურტი, დოიჩე ბანკ პარკი)
21 ივნისი - 17:00 - სლოვაკეთი V უკრაინა (დიუსელდორფი, მერკურ შპილ-არენა)
22 ივნისი - 23:00 - ბელგია V რუმინეთი (კიოლნი, რაინენერგიშტადიონი)
26 ივნისი - 20:00 - სლოვაკეთი V რუმინეთი (ფრანკფურტი, დოიჩე ბანკ პარკი)
26 ივნისი - 20:00 ნიდერლანდები V ავსტრია (შტუტგარტი, მერსედეს ბენც არენა)
ბელგია
დომენიკო ტედესკოს იგივე ამოცანა აქვს, რაც მის წინამორბედ რობერტო მარტინესს წლების განმავლობაში ჰქონდა - ბელგიის ნაკრების მორიგი სუპერ თაობისგან შეკრას ისეთი გუნდი, რომელიც დიდ ტურნირზე უმაღლეს მიზნებზე გაიწევს და, რაც მთავარია, ამ მიზანს მიაღწევს. მართალია, კვლავ კარგი თაობა წამოვიდა, მაგრამ ბელგიელთა „ოქროს თაობად“ მონათლული გენერაციისთვის ევრო 2024, ალბათ, ბოლო შანსია, ისტორიაში შევიდნენ.
ტრადიციულად, ბელგიელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავი შედეგი ჰქონდათ. ზოგადად, „წითელ ეშმაკებს“, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების ეგიდით, 2015 წლის შემდეგ, უკვე 40 თამაშია არ წაუგიათ - 35 მოგება და 5 ფრე. ფანტასტიკური შედეგია!
შესარჩევში უმაგრესი სტატისტიკა ჰქონდა პირადად რომელუ ლუკაკუს, რომელმაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ნაკრებში გასაოცარ შედეგიანობას უკვე წლებია არ წყვეტს. 31 წლის თავდამსხმელს ევროს ფინალურ ეტაპებზე 6 გოლი აქვს გატანილი და ამ ტურნირზე ექნება შანსი, ყველა დროის ბომბარდირთა სამეულში შევიდეს - გრიზმანსა და შირერს თითო-თითო გოლით ჩამორჩება, პლატინის - 3-ით. ვიცით, რომ რეკორდსმენი რონალდუა, 14 გოლით.
ტურნირს მაგარ ფორმაში ხვდება გუნდის მთავარი კაცი - კევინ დე ბრუინი, რომელსაც, იანვრიდან მოყოლებული, „სიტის“ რიგებში ჩატარებულ 25 მატჩი 6 გოლი და 17 ასისტი ჰქონდა.
შეტევაში რომ ყველაფერი კარგადაა, სტატისტიკიდან ჩანს, აი, ცოტა პრობლემატურია დაცვის ხაზი, სადაც რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ შემდგარი, ძლიერი, ტოპ დონის მცველებზე, განსაკუთრებით, ცენტრალურ ზონაში, ლაპარაკი არაა.
ვერდიქტი: ევრო 2016-ისა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ბელგიის ნაკრები უპირველეს ფავორიტთა შორის არ უნდა მოვიაზროთ, მაგრამ მეორე ეშელონის ფავორიტებში ყველა ვარიანშტი განიხილება. ერთი ეგაა, რომ უკანა ხაზთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანია.
საკვალიფიკაციო ეტაპი: ბელგია (20); ავსტრია (19); შვედეთი (10): აზერბაიჯანი (7); ესტონეთი (1)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ლუკაკუ (14)
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: დოკუ - 4
3 ყველაზე მეტი კეპი: ვერტონგენი - 154; ვიტსელი - 132; ლუკაკუ - 115
მონაწილეობა ევროზე: მე-7
საუკეთესო შედეგი: ფინალისტი - 1980
შედეგი ევრო 2020-ზე: 1/4 ფინალი, იტალიასთან 1:2
ფაქტი: რომელუ ლუკაკუმ ევროს საკვალიფიკაციოს გოლების ისტორია გადაწერა და ახალი რეკორდი დაამყარა - 14 გოლი. თანაც, ეს მხოლოდ 8 თამაშში გააკეთა. კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ 14 გოლის გასატანად, მხოლოდ 18 ზუსტი კარში დარტყმა დასჭირდა - 78%.
მთავარი მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო. 38 წლის ტედესკოსთვის, რა გასაკვირია, რომ ეს პირველი სანაკრებო ტურნირია და გახდება ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც გუნდს დიდ ტურნირზე უხელმძღვანელებს. ტედესკოს პირველი ამოცანაა, გუნდი პლეი-ოფში გაიყვანოს, რაც, სხვათა შორის, მისმა წინამორბედმა, რობერტო მარტინესმა 18 თვის წინ კატარში ვერ გააკეთა. ტედესკოს გარშემო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ტიბო კურტუას არწაყვანის თემაა, რომელზეც პასუხის გაცემა შედეგებით მოუწევს. ვნახოთ, რამდენად გადაიფარება პროცესსა და მისი დასრულების შემდეგ ეს საკითხი.
3 საკვანძო ფეხბურთელი: კევინ დე ბრუინი (სიტი); რომელუ ლუკაკუ (რომა); ჟერემი დოკუ (სიტი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: მაქსიმ დე კუიპერი. „ბრიუგეს“ 23 წლის უნივერსალმა გასულ ზაფხულს 21-წლამდე ევროზე ითამაშა და იქ ერთადერთი გოლი გაიტანა - საქართველოსთან. ეროვნულ ნაკრებში პირველად წელს გამოიძახეს და ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. „ბრიუგესთან“ ერთად ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, ბელგიის ჩემპიონი გახდა და კონფერენს ლიგის ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. თავად შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა: ჩემპიონატში 3 გოლი და 10 ასისტი, ხოლო კონფერენსზე - 2 გოლი და 4 ასისტი. ტომას მუნიეს ტრავმის ფონზე, წესით, ტედესკო ძირითადში სწორედ მას ათამაშებს, რაც კასტანიეს მარჯვენა ფლანგზე გადანაცვლებასაც ნიშნავს - მარცხნივ, ანუ მის ადგილას, დე კუიპერი დადგება.
მეკარეები: კოენ კასტეელსი (ვოლფსბურგი); ტომას კამინსკი (ლუტონი); მატზ სელსი (ნოტინგემი);
მცველები: ტიმოტი კასტანიე (ფულემი); ზენო დებასტი (ანდერლეხტი); ვოუტ ფაესი (ლესტერი); ტომას მუნიე (ტრაბზონსპორი); არტურ ტეატე (რენი); იან ვერტონგენი (ანდერლეხტი); მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე);
ნახევარმცველები: ორელ მანგალა (ლიონი); კევინ დე ბრუინი (სიტი); ამადუ ონანა (ევერტონი); იური ტილემანსი (ასტონ ვილა); ლეანდრო ტროსარი (არსენალი); არტურ ვერმეერენი (ატლეტიკო); ასტერ ვრანქსი (ვოლფსბურგი); აქსელ ვიტსელი (ატლეტიკო);
თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ); იანიკ კარასკო (ალ შაბაბი); შარლე დე კეტელარე (ატალანტა); ჟერემი დოკუ (სიტი); რომელუ ლუკაკუ (რომა); დოდი ლუკებაკიო (სევილია); ლოის ოპენდა (ლაიპციგი).
უკრაინა
უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. მართალია, საკვალიფიკაციოდან ტურნირზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდათ, მაგრამ ერთა ლიგის პლეი-ოფი გამოიყენეს და, ბოსნიასთან და ისლანდიასთან ორი ურთულესი მატჩის მოგებით (თანაც ორივეს აგებდნენ), გერმანიის საგზური მოიპოვეს.
უკრაინელებს ძალიან მაგარი თაობა ჰყავთ და ევროპის უნიჭიერეს ნაკრებთა შორის შეგვიძლია, დავასახელოთ: მიხაილო მუდრიკი, გეორგი სუდაკოვი, ვიქტორ ციგანკოვი, არტემ დოვბიკი, მიკოლა შაპარენკო, ოლეკსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო, ილია ზაბარნი და ორი ერთმანეთზე ნიჭიერი მეკარე - ანატოლი ტრუბინი და ანდრეი ლუნინი.
დოვბიკი გასულ სეზონში მთელმა მსოფლიომ გაიცნო, რადგან „ჟირონას“ რიგებში ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა: მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თავად კი, 24 გოლით, ლა ლიგის ბომბარდირი გახდა - ასევე, 8 ასისტი გააკეთა. ანდრეი შევჩენკოს შემდეგ, პირველი უკრაინელია, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სეზონის ბომბარდირი გახდა - „შევამ“ ეს ორჯერ, 1999-2000 და 2003-2004 წლების სერია A-ში გააკეთა.
ამ გუდნს შემადგენლობის სიღრმე ნამდვილად არ დაეწუნება, გარდა ამისა, არის ბოლო ევროებზე სტაბილურად თამაშის გამოცდილებაც. უშუალოდ წინა ევროზე 1/4 ფინალამდე მივიდნენ და იქ ინგლისთან წააგეს. ეს გუნდი არც ამ ტურნირზე იქნება ვინმესთვის საჩუქარი.
ვერდიქტი: უკრაინას ასეთი ღრმა და თან დაბალანსებული შემადგენლობა არასდროს ჰყოლია. გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ პლეი-ოფში პრობლემების გარეშე გავიდეს და იქაც ნებისმიერთან ბოლომდე იბრძოლოს.
საკვალიფიკაციო ეტაპი: ინგლისი (20); იტალია (14); უკრაინა (14); ჩრდ. მაკედონია (8); მალტა (0); პლეი-ოფი ერთა ლიგიდან, ბოსნია 2:1; ისლანდია 2:1
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ციგანკოვი - 2
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: მუდრიკი - 2
3 ყველაზე მეტი კეპი: იარმოლენკო - 118; სტეპანენკო - 82; მატვიენკო - 64
მონაწილეობა ევროზე: მე-4
საუკეთესო შედეგი: 1/4 ფინალი - 2020
შედეგი ევრო 2020-ზე: 1/4 ფინალი, ინგლისთან 0:4
ფაქტი: უკრაინის ნაკრებმა ევროს შესარჩევის 10-დან 6 შეხვედრაში პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ ამ 6-დან 4 თამაში მაინც მოიგო.
მთავარი მწვრთნელი: სერგეი რებროვი. ვალერი ლობანოვსკის მაგარი „დინამო კიევიდან“ შევჩენკო-რებროვის შეტევის დუეტი კარგად უნდა გვახსოვდეს. ისინი ახლაც ერთად მუშაობენ - შევჩენკო უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტია. რებროვი, 123 გოლით, უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, სხვადასხვა დროს „ტოტენჰემსა“ და „ვესტ ჰემშიც“ თამაშობდა. სამწვრთნელო საქმიანობის ყველაზე მაღალი წერტილი უნგრული „ფერენცვაროშის“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანაა. ნაკრებს სათავეში გასული წლის ივნისში ჩაუდგა.
3 საკვანძო ფეხბურთელი: არტემ დოვბიკი (ჟირონა); მიხაილო მუდრიკი (ჩელსი); ციგანკოვი (ჟირონა)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ვოლოდიმირ ბრაჟკო. 22 წლის ფიზიკურად ძლიერი საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც უჩვეულოდ მაღალი საგოლე მოქმედებების რაოდენობა აქვს. ეს ბიჭი ჩაშლაში რომ ძალიან კარგია, ვიდეოდან მიხვდებით, შეტევის მხრივ კი გეტყვით, რომ ორ პროფესიონალურ სეზონში 13 გოლი და 4 ასისტი აქვს. უდიდესი ტალანტია და გუნდის თამაშის გაძლიერება შეუძლია.
მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო კიევი); ანდრეი ლუნინი (რეალი); ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა);
მცველები: ვალერი ბონდარი (შახტარი); იუხიმ კონოპლია (შახტარი); მიკოლა მატვიენკო (შახტარი); ბოგდან მიხაილიჩენკო (ჟიტომირ პოლისია); ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი); ოლეკსანდრ სვატოკი (დნიპრო-1); მაკსიმ ტალოვიეროვი (ლასკი); ოლეკსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი); ილია ზაბარნი (არსენალი);
ნახევარმცველები: ვოლოდიმირ ბრაჟკო (დინამო კიევი); რუსლან მალინოვსკი (ჯენოა); მიკოლა შაპარენკო (დინამო კიევი); ტარას სტეპანენკო (შახტარი); გეორგი სუდაკოვი (შახტარი); სერგეი სიდორჩუკი (ვესტერლო); ვიკტორ ციგანკოვი (ჟირონა); ოლეკსანდრ ზუბკოვი (შახტარი);
თავდამსხმელები: ანდრეი იარმოლენკო (დინამო კიევი); არტემ დოვბიკი (ჟირონა); მიხაილო მუდრიკი (ჩელსი); ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი); რომან იარემჩუკი (ვალენსია).
რუმინეთი
რუმინეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად ჩაამთავრა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგი დაცვის დამსახურება გახლდათ.
კონკრეტულად: რუმინელებმა შესარჩევის 10 თამაშში 5 გოლი გაუშვეს, რაც საშუალოდ 0.5 გოლია - ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ საფრანგეთსა (0.38) და პორტუგალიას (0.2) ჰქონდათ. შესაბამისად, გუნდის მთავარი კოზირი სწორედ უკანა ხაზის საიმედო თამაშია. დაცვის ცენტრში „ტოტენჰემის“ რადუ დრაგუშინთან ერთად, თამაშობს ანდრეი ბურჩა, რომელიც „ალ ოხდუდში“ საბა კვერკველიას თანაგუნდელია - ორივემ საკვალიფიკაციოს ათივე თამაში ძირითადში დაიწყო.
ერთი შეხედვით, რუმინელებს სახელებიანი და მაღალი სტატუსის ფეხბურთელები ნაკლებად ჰყავთ. ტოპ 5 ლიგაში 5 კაცი ჰყავთ: რაზვან მარინი (ემპოლი), რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი), იანის ჰაჯი (ალავესი), ანდრეი რაციუ (რაიო) და ჰორაციუ მოლდოვანი (ატლეტიკო). იორდანესკუს სიძლიერეც ამაშია, რომ ძალიან შეკრული და რთულად დასამარცხებელი გუნდი ჩამოაყალიბა.
ვერდიქტი: რუმინელებს დაცვითი და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, რომლის მთავარი პლუსი უაღრესად გამართული სტრუქტურა და სათამაშო დისციპლინის ზედმიწევნით მიყოლაა. ბელგიასა და უკრაინას ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ რუმინეთის ჩამოწერა არ შეიძლება. ისეთი გუნდია, ფავორიტების გამწარება რომ ნებისმიერ დროს შეუძლია.
საკვალიფიკაციო ეტაპი: რუმინეთი (22); შვეიცარია (17); ისრაელი (15); ბელარუსი (12); კოსოვო (11); ანდორა (2)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: დენის ალიბექი, ვალენტინ მიჰაილა - 3
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ოლიმპიუ მორუცანი - 4
3 ყველაზე მეტი კეპი: ნიჩოლაე სტანჩიუ - 70; რაზვან მარინი - 55; გეორგე პუშკაში - 42
მონაწილეობა ევროზე: მე-6
საუკეთესო შედეგი: 1/4 ფინალი - 2000
ფაქტი: რუმინეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე 16-დან 1 მატჩი აქვს მოგებული.
მთავარი მწვრთნელი: ედვარდ იორდანესკუ. სამწვრთნელო კარიერის მაღალი წერტილებით „კლუჟში“ მუშაობით შეიქმნა, როცა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივნისამდე, 6-თვიან პერიოდში, 2 ტიტული მოიგო - ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერ თასი. დადებითი რეპუტაცია კიდევ უფრო გაიმყარა, როცა ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე დაუმარცხებელი შესარჩევის შემდეგ გაიყვანა.
3 საკვანძო ფეხბურთელი: რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი); ნიკოლაე სტანჩიუ (დამაქი); რაზვან მარინი (ემპოლი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: დარიუს ოლარუ. ამპლუით შემტევია, თუმცა ნაკრებში ნახევარდაცვის ფლანგზე ათამაშებენ და ევროს ფენტეზიშიც ნახევარმცველადაა რეგისტრირებული. 26 წლისაა და ბოლო სეზონებში „სტიაუას“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება. გუნდის, რომელიც 9-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამაში ოლარუს საკმაოდ სოლიდური წვლილიც იყო - 15 გოლი და 5 ასისტი.
მეკარეები: ჰორაციუ მოლდოვანი (ატლეტიკო); ფლორინ ნიცა (გაზიანთეფი); შტეფან ცარნოვანუ (სტიაუა);
მცველები: ნიჩუშორ ბანჩუ (უნივერსიტატეა); ანდრეი ბურჩა (ალ ოხდუდი); რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი); ვასილე მოგოში (კლუჟი); იონუც ნედელჩეარუ (პალერმო); ბოგდან რაჩოვიცანი (რაკოვი); ანდრეი რაციუ (რაიო ვალეკანო); ადრიან რუსი (პაფოსი);
ნახევარმცველები: ალექსანდრუ ჩიჩალდაუ (ქონიასპორი); იანის ჰაჯი (ალავესი); მარიუს მარინი (პიზა); რაზვან მარინი (ემპოლი); დარიუს ოლარუ (სტიაუა); დეიან სორესჩუ (გაზიანთეფი); ნიჩოლაე სტანჩიუ (დამაქი); ადრიან შუცი (სტიაუა);
თავდამსხმელები: დენის ალიბეჩი (მუაიტერი); დანიელ ბირლიგეა (კლუჟი); ფლორინელ ჩომანი (სტიაუა); დენის დრაგუში (გაზიანთეფი); დენის მანი (პარმა); ვალენტინ მიჰაილა (პარმა); გეორგე პუშკაში (ბარი).
სლოვაკეთი
სლოვაკეთის ნაკრები ტურნირს ბელგიასთან თამაშით იწყებს და თუკი დამარცხდება, ჯგუფის აუტსაიდერის სტატუსს გაიმყარებს. მეორე მხრივ, გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შედეგი ჰქონდა - 10-დან 7 მატჩი მოიგო და გერმანიაში გასამართ ტურნირსაც ოპტიმისტურად ხვდება.
აქვე უნდა ითქვას, რომ საკვალიფიკაციოს ჯგუფში სლოვაკებს ფიფა-ს რეიტინგის 70-ეულს მიღმა მყოფი 3 ნაკრები - ისლანდია, ლუქსემბურგი და ლიხტენშტაინი ჰყავდა, ასევე პორტუგალია, რომელმაც ათივე შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ამასთან შედარებით, ევროს ჯგუფის ოპონენტებით, მნიშვნელოვანი კონტრასტია: ბელგია - მსოფლიოს მე-3 ნაკრების სტატუსით სარგებლობს, უკრაინა - 22-ეა, ხოლო რუმინეთი - 46-ე (თავად სლოვაკები 48-ეზე არიან).
ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, სლოვაკებმა ევროზე პირველად 2016 წელს ითამაშეს, რასაც 2020-ის ტუნირზე გასვლა მოჰყვა, რაც ნიშნავს, რომ ახლა ზედიზედ მესამე ფინალურ გათამაშებაზე იქნებიან, რაც გარკვეული გამოცდილებისა და სტაბილურობის ინდიკატორია.
ვერდიქტი: ჯგუფურ ეტაპს 3-დან ყველაზე რთული თამაშით იწყებენ. ვერც იმას ვიტყვით, რომ უკრაინაზე ან რუმინეთზე რამით წინ შეგვიძლია, დავაყენოთ. ჯგუფიდან გასვლა რთული ამოცანა იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპი: პორტუგალია (30); სლოვაკეთი (22); ლუქსემბურგი (17); ისლანდია (10); ბოსნია (9); ლიხტენშტაინი (0)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ჰარასლინი - 3
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ჰანცკო - 3
3 ყველაზე მეტი კეპი: პეტერ პეკარიკი - 127; იურაი კუცკა - 107; ონდრეი დუდა - 72
მონაწილეობა ევროზე: მე-3
საუკეთესო შედეგი: 1/8 ფინალი - 2016
ფაქტი: სლოვაკეთის ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო ევროს შესარჩევი ჰქონდა - 7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.
მთავარი მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა. ეს ის მწვრთნელია, რომელზეც ყველაზე მეტი სლოვაკეთსა და საქართველოში იციან. არც კი ვიცი, რა შეიძლება დავამატო, რომ ამ კაცზე რამე ახალი გითხრათ. სარისა და სპალეტის ასისტენტობის შემდეგ, მისთვის პირველი დამოუკიდებელი სამწვრთნელო ნაბიჯები სწორედ სლოვაკეთის ნაკრებში იყო. ამ პოსტზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, თავიდან საკმაოდ გაუჭირდა: ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ბელარუსს აჯობეს. თუმცა, 2023-ში გუნდს თავისი ხელი დაატყო, როგორც ზემოთ ვთქვით, ძალიან სტაბილური შესარჩევი ციკლი ჩაატარებინა და ევროს ფინალურზეც დამსახურებულად გაიყვანა. პროგრესი სახეზეა, ვნახოთ, უკვე ამ დიდ ტურნირზე რა იქნება.
3 საკვანძო ფეხბურთელი: მილან შკრინიარი (პსჟ); დავიდ ჰანცკო (ფეიენოორდი); სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ლეო საუერი. 17 წლის ასაკში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი ითამაშა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა - ფიჯისთან და ეკვადორთან. სლოვაკური ფეხბურთის ბოლო ათწლეულების უდიდეს ტალანტად ითვლება და მარტში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნული ნაკრების რიგებში ითამაშა. დედაქალაქ ბრატისლავაში დაიბადა, ამპლუით გარემარბია, „სლოვანისა“ და „ჟილინას“ აკადემიები გაიარა, რის შემდეგაც „ფეიენოორდმა“ გადაიყვანა. გასული წლის აგვისტოში, როტერდამულ დერბიში, როცა ოფიციალური დებიუტი ჰქონდა და მისი გუნდი 1:2 აგებდა, 91-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი შეაგდო. ერედივიზიეს ამ მატჩი მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანი შეცვლაზე ითამაშა და 294 წუშთი 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. ამას დავუმატოთ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „ლაციოსთან“ გაკეთებული საგოლე პასიც. ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და თუკი სწორედ განვითარდა უდიდეს მოთამაშედ ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ, ამ ევროზეც გარკვეული დრო მიეცემა და თავის ტალანტს გვიჩვენებს.
მეკარეები: მარტინ დუბრავკა (ნიუკასლი); ჰენრიხ რავასი (ნიუ ინგლენდი); მარეკ როდაკი (ფულემი);
მცველები: ვერნონ დე მარკო (ჰატა დუბაი); ნორბერტ გიომბერი (სალერნიტანა); დავიდ ჰანცკო (ფეიენოორდი); სებასტიან კოშა (სპარტაკ ტრნავა); ადამ ობერტი (კალიარი); პეტერ პეკარიკი (ჰერტა); მილან შკრინიარი (პსჟ); დენის ვავრო (კოპენჰაგენი);
ნახევარმცველები: ლასლო ბენესი (ჰამბურგი); მატუშ ბერო (ბოხუმი); ონდრეი დუდა (ვერონა); პატრიკ ჰროშოვსკი (გენკი); იურაი კუცკა (სლოვან ბრატისლავა); სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი); ტომაშ რიგო (ოსტრავა); ლუკაშ ჰარასლინი (სპარტა პრაღა); ლეო საუერი (ფეიენოორდი); ტომაშ სუსლოვი (ვერონა);
თავდამსხმელები: რობერტ ბოჟენიკი (ბოავიშტა); დავიდ დურიში (ასკოლი); ივან შრანცი (სლავია პრაღა); დავიდ შტრელეცი (სლოვან ბრატისლავა); ლიუბომირ ტუპტა (სლოვან ლიბერეცი).