ნაკრების ხერხემალი | მონტელამ ძირითადი შემადგენლობის 8 წევრი შეარჩია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთია. დღეს, თურქულ პრესაში ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და ავტორიტეტულმა გამოცემამ, Sabah-მა დაასახელა 8 ფეხბურთელი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობის წევრები იქნებიან, გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ და საქართველოსთან ითამაშებენ.
თურქეთის ნაკრების კარს მერთ გიუნოკი დაიცავს. გიუნოკი 35 წლის გოლკიპერია, რომელიც „ბეშიქთაშის“ რიგებში ასპარეზობს და 2023/24 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე გამართულ 45 შეხვედრაში 49 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 17-ჯერ შეინახა. მონტელას მეორე რჩეული ფერდი კადიოღლუა - 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც უნივერსალია და ნაკრებში მარცხენა მცველის, ცენტრალური ნახევარმცველის, შემტევი ნახევარმცველის, მარცხენა გარემარბისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე უთამაშია. სავარაუდოდ, მას მარცხენა მცველად დააყენებენ.
„თეთრ-წითლების“ ცენტრალური მცველი აბდულკერიმ ბარდაქჩი იქნება. 29 წლის ფეხბურთელი „გალათასარაის“ ღირსებას იცავს და მონტელა მას ენდობა. ნახევარდაცვაში ისმაილ იუკშეკისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს წყვილს ვიხილავთ. „ინტერის“ ერთ-ერთ ლიდერს წარდგენა არ სჭირდება, იუკშეკს რაც შეეხება, ის საყრდენი ნახევარმცველია და იტალიასთან და პოლონეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩებში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
Sabah-ის მიხედვით, მონტელას გადაწყვეტილი აქვს, რომ მეტოქეებს ირფან ჩან კაჰვეჩი, არდა გიულერი და ბარიშ ალპერ ილმაზი შეუტევენ. კაჰვეჩი მარჯვენა გარემარბია, თუმცა, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაშოს. ილმაზიც გარემარბია, გიულერი კი სავარაუდოდ, შემტევი ნახევარმცველის როლში მოგვევლინება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაშს 18 ივნისს ვიხილავთ. მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.