ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

საკვანძო მოთამაშე და ახალგაზრდა, ვისაც უნდა დავაკვირდეთ | Whoscored-ის ვარაუდი საქართველოზე

სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში მოხვედრილ ნაკრებებზე დაწერა და საკუთარი ვარაუდი გაგვიზიარა. Whoscored-ს ფავორიტად პორტუგალია მიაჩნია, საქართველოს კი ბოლო ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებს.

როგორ გავიდნენ ევრო 2024-ზე

„საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გრძელი გზა გაიარა. ვილი სანიოლის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის პლეიოფის იმედად დარჩა. ჯვაროსნებმა ლუქსემბურგი და საბერძნეთი დაამარცხეს და იმედოვნებენ, რომ სადებიუტო დიდ ტურნირზე კვალს დატოვებენ“.

საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშე

„შეუძლებელია, საქართველოს საკვანძო ფეხბურთელის შერჩევისას ხვიჩა კვარაცხელიას იქით გაიხედო. კვარადონამ ნაპოლის ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი შეიტანა და მიუხედავად იმისა, რომ 2023/24 წლების სეზონში პარტენოპეი ცუდად გამოიყურებოდა, კვარაცხელია კვლავინდებურად დიდებული იყო. Whoscored-ისგან მიღებული 7.5-ქულიანი შეფასება, საკმარისი აღმოჩნდა, რომ 11 გოლისა და 6 ასისტის მქონე გარემარბი სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილიყო. Whoscored-მა კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 10-ჯერ დაასახელა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ“.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც უნდა დავაკვირდეთ

„მეცი ლიგა 2-ში გავარდა და სენტ-ეტიენთან პლეიაუტი წააგო. ის ფაქტი, რომ მეცს უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსი ჰქონდა, აიაქსიდან საფრანგეთში დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა, რომელიც სეზონის დასკვნით ნაწილში, საუცხოო ფორმაში იყო. 23 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონატი 13 გოლითა და 4 ასისტით დაასრულა, სეზონის ბოლო 7 შეხვედრაში კი 8 ბურთი შეაგდო. ვილი სანიოლმა შესაძლოა, არჩევანი გამოცდილ თავდამსხმელებზე შეაჩეროს, მაგრამ მიქაუტაძემ საკლუბო დონეზე დაამტკიცა, რომ იცის, მეტოქეებს პრობლემები როგორ შეუქმნას“.

Whoscored-ის პროგნოზს რაც შეეხება, F ჯგუფში პირველ ადგილს პორტუგალია დაიკავებს. მეორე ადგილზე ჩეხეთი გავა, ხოლო თურქეთი მესამე იქნება, მაგრამ პლეიოფის საგზურს ვერ მოიპოვებს.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კონტემ კვარას დაურეკა და დარჩენაში დაარწმუნა
Gazzetta: კონტემ კვარას დაურეკა და დარჩენაში დაარწმუნა