„მზადების ახალი ეტაპი დავიწყეთ“ - ნაკრებმა გერმანიაში პირველად ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 11 ივნისს, ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღებს მონაწილეობა.
ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა ლობჟანიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს:
საბა ლობჟანიძე:
„გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ, მაგრამ ამავდროულად მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის“.
„მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის“.
„მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“.
ანზორ მექვაბიშვილი:
„ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი“.
„21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი. ეს გამოცდილება წაგვადგება ყველას. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ვინც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა“.
„მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, რომ დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი ასი პროცენტით მზად იქნება თურქეთთან თამაშისთვის“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ. 22 ივნისს ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით, ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლას კი 26 ივნისს, გელზერკინხენში, პორტუგალიასთან მატჩით დავასრულებთ.