„საქართველოსთან მატჩამდე ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს“ | რას წერენ თურქულ პრესაში
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, თურქეთის ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და პოლონეთს დაუპირისპირდა. ვინჩენცო მონტელას გუნდი 1:2 დამარცხდა და თურქულ პრესაში კრიტიკა დაიმსახურა.
მეტინ კარაბაში (Fanatik-ის ჟურნალისტი): „დაცვაში ასე თამაში მიუღებელია. 90-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ჩვენმა დაცვის ხაზმა მორიგი სერიოზული შეცდომა დაუშვა და პოლონეთს პენალტი აჩუქა - 2:1. პოლონეთმა სწორედ ამ გოლით მოიგო და ჩვენი დაცვის მიერ ნაჩვენები თამაშის გამო, განგაშის ზარები ატყდა. თუ ვინჩენცო მონტელამ ამ პრობლემას გამოსავალი ვერ მოუძებნა, ჩვენი საქმე გართულდება“.
უღურ მელეკე (Hürriyet-ის ჟურნალისტი): „გუნდის ხერხემალი ვერ ჩამოვაყალიბეთ. ერთი გოლი 500 წუთში. ბოლო ორი ამხანაგური მატჩი იტალიასთან და პოლონეთთან გავმართეთ და ერთი გოლი გავიტანეთ. მანამდე, ბოლო ორი გოლი პენალტიდან გვქონდა გატანილი და ბოლო 6 თვეში, თერთმეტმეტრიანებს თუ არ ჩავთვლით, თამაშიდან მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. აშკარაა, რომ გაკვეთილის მიღებაა საჭირო, განსაკუთრებით, როცა საუბარი შეტევასა და მომენტების გამოყენებას ეხება“.
ფატიჰ დოღანი (Sabah-ის ჟურნალისტი): „პოლონეთთან გამართული მატჩის შემდეგ, მთავარი შეკითხვა არის ასეთი: როგორ გადაიჭრება გოლის გატანის პრობლემა თუ საქართველო, რომელიც დინამიკური და რთულად დასამარცხებელი გუნდია, დაცვაში დადგება? მონტელამ ამ შეკითხვას უნდა უპასუხოს და გამოსავალი იპოვოს“.
ნიჰათ კაჰვეჩი (კომენტატორი): „ზოგიერთი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში კი არა, სამოყვარულო გუნდშიც არ უნდა თამაშობდეს. ასეთ დიდ ტურნირებზე, მატჩების გამარჯვებულის ბედს დეტალები წყვეტს და დღესდღეობით, ნაკრებში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები გერმანიის ქალაქ ველბერტში იმყოფება, სადაც ტურნირამდე მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გადის. „ჯვაროსნები" ევრო 2024-ის გახსნით მატჩს 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ.