პოლონეთის გამარჯვება თურქეთთან - ლევანდოვსკიმ შესაძლოა ევრო 2024 გამოტოვოს
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ, თურქეთის ეროვნულმა გუნდმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა ვარშავაში, პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. მე-12 წუთზე კაროლ სვიდერსკიმ რობერტ ლევანდოვსკი პასი ზუსტად გამოიყენა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. საგულისხმოა, რომ გოლის აღნიშვნისას 27 წლის ფორვარდმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სვიდერსკის ახლა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება. პირველი ნახევრის მიმდინარეობისას პოლონეთს გუნდის უპირობო ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკიც გამოაკლდა, რომელმაც 32-ე წუთზე ტრავმა მიიღო. 34 წლის ფორვარდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.
პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში თურქებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და პოლონეთის კართან სახიფათო მომენტები მრავლად შექმნეს, თუმცა, ვინჩენცო მონტელას გუნდში აშკარად შეინიშნებოდა რეალიზების პრობლემა. თურქებმა 77-ე წუთზე ილმაზის გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა, მაინც დამარცხდნენ. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე ჟალევსკიმ გაიტანა.
პოლონეთის გარდა, თურქეთი ამხანაგურ შეხვედრაში 4 ივნისს იტალიის ნაკრებსაც დაუპირისპირდა, მატჩი კი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა პოლონეთთან მატჩით მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ხვალ გერმანიაში გაემგზავრება, ევროპის ჩემპიონატზე კი პირველ შეხვედრას 18 ივნისს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.