„დიდი შემოთავაზების შემთხვევაში მისი გაყიდვა მოგვიწევს“ - ფედელე კვარასა და ნაპოლის შესახებ
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ ნეაპოლური რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ მომავალ სეზონსა და მიზნებზე ისაუბრა. ფედელემ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი.
რას ამბობს ფედელე:
„ამ „ნაპოლიმ“ მომავალ სეზონში თასის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირება უნდა სცადოს, ვფიქრობ, გუნდის მაქსიმუმი ეს იქნება. ფავორიტებზე საუბარი ცოტა რთულია. „იუვე“ ვერ შეძლებს ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას, „ატალანტამ“ არ იცის რა უნდა გააკეთოს, „რომას“ ჩემპიონობისთვის სასიცოცხლო ძალა არ აქვს, ალბათ, სკუდეტოსკენ „ინტერი“ და „მილანი“ გაიწევენ. ვფიქრობ, ანტონიოსთან ერთად გუნდს რეალური ამბიციები ექნება, მთავარია, გუნდის ბირთვი შენარჩუნდეს“.
„ოსიმენის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. არ მომწონს კვარას გარშემო შექმნილი აჟიოტაში. ალბათ, თუ დიდი შემოთავაზება იქნება, მისი გაყიდვა მოგვიწევს, არ იქნება ჟიელინსკი, არ ვიცით, იქნება თუ არა მერეტი, ასევე, მცველებიც. ერთი სიტყვით, ციხესიმაგრეების ჰაერში აშენება გვიწევს“.
„ნაპოლის“ შესაძლოა, 6 მოთამაშე დასჭირდეს, მაგრამ სწორი ვარიანების პოვნა არც ისე ადვილი იქნება“.
გუშინ La Gazzetta dello Sport-ი წერდა, რომ ანტონიო კონტე მზად იყო გერმანიაში გამგზავრებულიყო, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედროდა და მისთვის ახალი პროექტი გაეცნო. La Repubblica-ს ინფორმაციიდან გამომდინარე შესაძლოა კონტესა და კვარას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე, დღეს RAI-მ დაწერა, რომ კონტე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება.
მამუკა ჯუღელი ბოლო დღეებში პსჟ-ს ესაუბრა და ხვიჩას პირადი კონტრაქტი შეუთანხმა - 5-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წლიურად 7,5 მილიონს მიიღებდა („ნაპოლიში'' 1.5-ს იღებს), მაგრამ „პარტენოპეი“ ფეხბურთელს არ უშვებს. თუ კვარა „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონი დარჩება.
პსჟ-ს გარდა ხვიჩას დამატების დიდი სურვილი „ბარსელონასაც“ ჰქონდა, თუმცა, კატალონიურ კლუბს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები არ აღმოაჩნდა და ტრანსფერიც გამოირიცხა.