რალფ რანგნიკი, რონალდ კუმანი, დიდიე დეშამი, მიხალ პრობიერჟი
Aa Aa

ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის D ჯგუფის წარდგენა

ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებულად ვემზადებით. ეს ის ტურნირია, რომლის გარშემოც ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა და ჩვენს თამაშებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს.

CrystalSport-ი, ჯგუფების მიხედვით, მონაწილე გუნდების წარდგენას აგრძელებს. სტატიის მიზანია, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, ფაქტები, სტატისტიკები და ამბები, გუნდებისა თუ ფეხბურთელების გარშემო. ასე რომ, დავიწყოთ და დეტალურად გავიცნოთ, ვის, რატომ და რა ინტერესით უნდა ვუყუროთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. უკვე ვისაუბრეთ A, B და C ჯგუფების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, დღეს D ჯგუფის ჯერია.

ჯგუფი: საფრანგეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, პოლონეთი

OPTA-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზი ჯგუფიდან გასვლაზე: საფრანგეთი - 92.9%; ნიდერლანდები - 76.2%; ავსტრია - 51.1%; პოლონეთი - 45%

16 ივნისი - 17:00 - პოლონეთი V ნიდერლანდები (ჰამბურგი, ფოლკშპარკშტადიონი)

17 ივნისი - 23:00 - ავსტრია V საფრანგეთი (დიუსელდორფი, მერკურ შპილ-არენა)

21 ივნისი - 20:00 - პოლონეთი V ავსტრია (ბერლინი, ოლიმპიაშტადიონი)

21 ივნისი - 23:00 - ნიდერლანდები V საფრანგეთი (ლაიპციგი, რედ ბულ არენა)

25 ივნისი - 20:00 - საფრანგეთი V პოლონეთი (დორტმუნდი, სიგნალ იდუნა პარკი)

25 ივნისი - 20:00 ნიდერლანდები V ავსტრია (ბერლინი, ოლიმპიაშტადიონი)

საფრანგეთი

OPTA-ის სუპერ კომპიუტერის მიხედვით, ინგლისისა (19.9%) და საფრანგეთის (19.1%) ნაკრებებს ევროპის ჩემპიონობის თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ფრანგებს ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აქვთ ნათამაშები, თუმცა ევრო 2020-ზე მხოლოდ 1/8 ფინალამდე მივიდნენ.

საგულისხმოა, რომ ფრანგებს ამ ჯგუფის სამივე მეტოქესთან ურთიერთშეხვედრათა მყარად წარმატებული ბალანსი აქვს. ნიდერლანდებს საერთოდ ამ ევროს შესარჩევის ჯგუფში შეხვდა და ორივე თამაში მოუგო - 4:0 და 2:1.

კილიან მბაპეს საკვალიფიკაციოზე 9 გოლი და 7 ასისტი ჰქონდა, რაც, საგოლე მოქმედებების მხრივ, საუკეთესო შედეგია - ბომბარდირ ლუკაკუს 14 გოლი და 1 ასისტი ჰქონდა. მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ ევროს ფინალურ ეტაპზე მბაპეს ჯერ ერთი გოლიც არ გაუტანია და ესეც დამატებითი ინტრიგაა, როდის შეაგდებს პირველს ან რამდენს შეაგდებს ამ ტურნირზე.

დეშამის გუნდის პლუსი, ძალიან ღრმა და ხარისხიან შემადგენლობასთან ერთად, სიმძლავრე და მენტალური მდგრადობაა, რასაც დიდ ფორუმებზე ყველაზე ნათლად ვხედავთ, გუნდის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. დიდიეს დანიშვნის შემდეგ, 2014-2022 წლებში გუნდმა 5 დიდი სანაკრებო ფორუმის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და სტატისტიკა სრულიად შთამბეჭდავია - 29 თამაშში, 20 მოგება, 7 ფრე და 2 წაგება (იგულისხმება ძირითადი დროის შედეგები). აბსოლუტურად უმაგრესი მენტალიტეტი და შინაგანი ძალაა!

ვერდიქტი: ინგლისთან ერთად, ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტია. ეს ორი გუნდი ცალკეა და დანარჩენი ფავორიტები - ცალკე. ფრანგების უმთავრესი უპირატესობა, შემადგენლობას რომ თავი დავანებოთ, ის გამოცდილება და მენტალიტეტია, რასაც დეშამი წლებია აშენებს და დიდ ტურნირებზე ნათლად ჩანს. გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგოს.

საკვალიფიკაციო ეტაპი: საფრანგეთი (22); ნიდერლანდები (18); საბერძნეთი (13); ირლანდია (6); გიბრალტარი (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: მბაპე - 9

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: მბაპე - 7

3 ყველაზე მეტი კეპი: ჟირუ - 133; გრიზმანი - 129; მბაპე - 79

მონაწილეობა ევროზე: მე-11

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1984; 2000

შედეგი ევრო 2020-ზე: 1/8 ფინალი, შვეიცარიასთან 3:3 (პენ. 4:5)

ფაქტი: კილიან მბაპეს ევროს ფინალურ ეტაპზე გოლი არ გაუტანია.

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი. ევრო 2024-ზე მყოფ მწვრთნელებს შორის, დეშამი ყველაზე ხანგრძლივ მოქმედი სპეციალისტია - ნაკრებს სათავეში 2012 წლის ზაფხულიდან უდგას და ბოლო 4-დან 3 დიდ ტურნირზე ფინალში გაიყვანა, თუმცა ორ მათგანში დამარცხდა. 2014-22 წლებში დეშამმა ნაკრები 5 დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ათამაშა და მაგარი სტატისტიკა აქვს - 29 თამაშში, 20 მოგება, 7 ფრე და 2 წაგება. დიდიე 1998 და 2000 წლების ნაკრების კაპიტანი იყო და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ზედიზედ მოიგო. ახლა ზედიზედ ვერა, მაგრამ შეუძლია, ევროს მოგებით, ეს ორი სუპერ ტურნირი მწვრთნელის რანგშიც მოიგოს.

3 საკვანძო ფეხბურთელი: მბაპე (რეალი); გრიზმანი (ატლეტიკო); ერნანდესი (მილანი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: უორენ ზაირ-ემერი. 18 წლის სუპერ ტალანტი პსჟ-ს შემადგენლობიდან გასულ სეზონში გავიცანით. სათამაშო ინტელექტი, უნარები და რეფლექსები გვიჩვენებს, რომ ამ ბიჭს უდიდესი მომავალი უნდა ჰქონდეს. რა გასაკვირია, რომ ამ ასაკში ძირითადის წევრად არ განიხილება, მაგრამ თუკი დროს მიიღებს, გუნდის თამაშის გამრავალფეროვნება შეუძლია.

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი); მაიკ მენიო (მილანი); ბრაის სამბა (ლანსი);

მცველები: ჟონათან კლაუსი (მარსელი); ტეო ერნანდესი (მილანი); იბრაჰიმა კონატე (ლივერპული); ჟიულ კუნდე (ბარსელონა); ფერლან მენდი (რეალი); ბენჟამინ პავარი (ინტერი); უილიამ სალიბა (არსენალი); დაიო უპამეკანო (ბაიერნი);

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი); იუსუფ ფოფანა (მონაკო); ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); ნ’გოლო კანტე (ალ ნასრი); ადრიენ რაბიო (იუვენტუსი); ორელიან ჩუამენი (რეალი); უორენ ზაირ-ემერი (პსჟ);

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ); კინგსლი კომანი (ბაიერნი); უსმან დემბელე (პსჟ); ოლივიე ჟირუ (მილანი); რანდალ კოლო მუანი (პსჟ); კილიან მბაპე (პსჟ); მარკუს ტურამი (ინტერი).

ნიდერლანდები

საფრანგეთის შემდეგ, ამ ჯგუფის ფავორიტად ნიდერლანდების ნაკრები ითვლება. მართალია, ისინი ფრანგებთან სათანადო კონკურენციასაც იმედოვნებენ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათთან ორივე მატჩი წააგეს (0:4 და 1:2) და დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ.

მით უმეტეს, რომ ბოლო 3 ევროპის ჩემპიონატი მათთვის კარგ მოგონებებთან საერთოდ არ ასოცირდება: 2012-ში ჯგუფში ჩარჩნენ, ევრო 2016-ზე საერთოდ ვერ მოხვდნენ, 2020-ში კი 1/8 ფინალში დამარცხდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ჩასვლა ნიდერლანდელ გულშემატკივრებს მათი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების მოგონებებს უღვიძებს - ევრო 1988 სწორედ გერმანიაში გაიმართა და ნიდერლანდელთა ტრიუმფით დასრულდა.

ახლა რამდენად გამოვა არ ვიცი, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ OPTA-ს სუპერ კომპიუტერის მიხედვით, ნიდერლანდებს (5.1%) თასის მოგების იმაზე ოდნავ მეტი შანსი აქვს, ვიდრე მოქმედ ჩემპიონ იტალიას (5.0%).

ნაკრებში ბოლო წლებში კარგი თაობები წამოვიდა, კუმანის დაბრუნების შემდეგ კი გუნდი საკმაოდ სტრუქტურირებული და გეგმაზომიერია. რამდენად საკმარისი იქნება ეს, ამ ევროზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისთვის, რთული სათქმელია. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, ამ შემადგენლობაში იმდენი და ისეთი საინტერესო ფეხბურთელია, რომ სულ რომ შედეგი საერთოდ ვერ დადონ, ნიდერლანდების ნაკრები ტურნირის საინტერესო და კარგად საყურებელი პერსონაჟი იქნება.

ვერდიქტი: ლოგიკას მოკლებულია, რომ ნიდერლანდების ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა შორის დაასახელო. უფრო გასაგები იქნება, თუ ვიტყვით, რომ მაგარი თაობები მოდის და კუმანი უფრო მომავლის გუნდის შენებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ შენებაში კი დიდ ტურნირებზე გამოცდილების მიღება და ზრდა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

საკვალიფიკაციო ეტაპი: საფრანგეთი (22); ნიდერლანდები (18); საბერძნეთი (13); ირლანდია (6); გიბრალტარი (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ხაკპო, ვეგჰორსტი, შტენგსი - 3-3

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: დუმფრისი - 5

3 ყველაზე მეტი კეპი: დეილი ბლინდი - 107; ჯორჯინიო უეინალდუმი - 92; მემფის დეპაი - 91

მონაწილეობა ევროზე: მე-11

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1988

შედეგი ევრო 2020-ზე: 1/8 ფინალი, ჩეხეთთან 0:2

ფაქტი: ევრო 2008-ის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრები 1/4 ფინალში არ გასულა.

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი. გერმანიაში გამართული ევრო 1988-ის ჩემპიონი, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო. ამ ევროზე მხოლოდ 2 მწვრთნელია, რომელსაც ანრი დელონის თასი ფეხბურთელობისას მოუგია - კუმანი (1988) და დიდიე დეშამი (2000).

3 საკვანძო ფეხბურთელი: ვან დეიკი (ლივერპული); მემფის დეპაი (ატლეტიკო); ხაკპო (ლივერპული)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ჩავი სიმონსი. ამ ბიჭის გვარი იმდენი წელია გვესმის, ვეტერანი გეგონება, მაგრამ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და პროფესიონალურ ფეხბურთში მხოლოდ მე-3 სეზონი დაასრულა. 2022-23 წლებში, პსვ-ს რიგებში მაგარი სტატისტიკა ჰქონდა - 20 გოლი და 9 ასისტი, წელს „ლაიპციგში“ კი 10 გოლი და 13 საგოლე პასი მიითვალა. ვინც ბუნდესლიგას თვალს ადევნებდა, დამეთანხმება, რომ ჩავი ნელ-ნელა თავისი პოტენციალის გამოვლენას იწყებს და არაერთი მაგარი თამაში ჩაატარა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში, თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტებს შორის იყო და დეკემბერში და აპრილში გამარჯვებულიც გახდა. რონალდ კუმანისთვის ისეთი კოზირია, შეტევაში მრავალფეროვნების, ხარისხის, აგრესიისა და სათამაშო ინტელექტის შეტანა და, რაც მთავარია, შედეგის მოტანა რომ შეუძლია.

მეკარეები: ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი); მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი); ბარტ ვერბრუხენი (ბრაიტონი);

მცველები: ნათან აკე (მანჩესტერ სიტი); დეილი ბლინდი (ჟირონა); მატაის დე ლიხტი (ბაიერნი); შტეფან დე ვრაი (ინტერი); დენზელ დუმფრისი (ინტერი); ლუშარელ ხეერტრუიდა (ფეიენოორდი); მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული); იან მაატსენი (დორტმუნდი);

ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ლივერპული); ტეუნ კოოპმაინერსი (ატალანტა); ჩავი სიმონსი (ლაიპციგი); ტიჯანი რეინდერსი (მილანი); ჯერდი სხაუტენი (პსვ); ჯოეი ვეერმანი (პსვ); ჯორჯინიო ვეინალდუმი (ალ ეტიფაქი); ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი);

თავდამსხმელები: სტივენ ბერგვაინი (აიაქსი); კოდი ხაკპო (ლივერპული); ბრაიან ბრობი (აიაქსი); მემფის დეპაი (ატლეტიკო); დონიელ მალენი (დორტმუნდი); ვოუტ ვეგჰორსტი (ჰოფენჰაიმი).

ავსტრია

ავსტრიის ნაკრებს ბოლო ათწლეულში საკმაოდ სერიოზული პროგრესი აქვს, რაც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გასვლითაც დასტურდება. 2016-ში გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია, 2020-ის 1/8 ფინალში კი მომავალ ჩემპიონ იტალიასთან, დამატებით დროში, დამარცხდა.

ავსტრიელები ბოლო თვეებშიც სტაბილურად თამაშობენ და უკანასკნელი 16 მატჩიდან მხოლოდ 1-ში დამარცხდნენ - 12 მოგება და 3 ფრე. რაც არ უნდა იყოს, ასეთი შედეგი გუნდის ერთ მუშტად შეკვრასა და გამართულ სისტემაზე მიუთითებს. იმის მიუხედავად, რომ გუნდს მთავარი ვარსკვლავი - დავიდ ალაბა აკლია, მაინც სერიოზულად ძალად უნდა განვიხილოთ და საჩუქარი არც გრანდებისთვის იქნება.

რალფ რანგნიკის ბიჭებმა შესარჩევი ეტაპი დამაჯერებლად გაიარეს და ლიდერ ბელგიას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, 9-ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვეს მესამეადგილოსანი შვედეთი, რომელსაც, ფაქტია, რომ საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ აქვს.

ამხანაგურ შეხვედრებში გუნდმა გერმანია, სლოვაკეთი, თურქეთი და სერბეთი მიყოლებით დაამარცხა, ევრომდე ბოლო თამაშში კი შვეიცარიასთან 1:1 ითამაშა. გერმანიასთან მოგება ყოველთვის განსაკუთრებულია და ცალკე გამოსარჩევია თურქეთთან შეხვედრაც, რომელიც 6:1 მოიგეს.

ვერდიქტი: მწვრთნელ რანგნიკის მსგავსად, ავსტრიის ნაკრების ეს თაობაც უკვე საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ, თუნდაც ასეთი რთული ჯგუფიდან, პლეი-ოფში გასვლის ამბიცია ჰქონდეს. საფრანგეთ-ნიდერლანდებთან მინიმუმ ქულის აღება არ გამოვრიცხოთ, თუმცა, ცხადია, მთავარი ბრძოლა პოლონეთთან იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპი: ბელგია (20); ავსტრია (19); შვედეთი (10); აზერბაიჯანი (7); ესტონეთი (1)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ზაბიცერი - 4

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: პოში, ბაუმგარტნერი, ზაბიცერი - 2-2

3 ყველაზე მეტი კეპი: მარკო არნაუტოვიჩი - 111; მარსელ ზაბიცერი - 78; მიხაელ გრეგორიჩი - 53

მონაწილეობა ევროზე: მე-4

საუკეთესო შედეგი: 1/8 ფინალი - 2020

შედეგი ევრო 2020-ზე: 1/8 ფინალი, იტალიასთან 0:0 (დ.დ. 1:2)

ფაქტი: ავსტრიის ნაკრებს ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 12 მოგება და 3 ფრე.

მთავარი მწვრთნელი: რალფ რანგნიკი. ევრო 2024-ის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია. ამის მიუხედავად, ასევე 65 წლის, თუმცა თვეებით მასზე უმცროსი სპალეტის მსგავსად, მისთვისაც პირველი სანაკრებო ტურნირია. ავსტრიის ნაკრებს სათავეში 2022 წლის აპრილში ჩაუდგა და თავიდან ძალიან რთულად დაიწყო, რასაც ერთა ლიგის A დივიზიონიდან გავარდნა მოჰყვა. თუმცა, მას შემდეგ ძალიან მაგარი სერია აქვს და ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - ბელგიასთან.

3 საკვანძო ფეხბურთელი: მარსელ ზაბიცერი (დორტმუნდი); კონრად ლაიმერი (ბაიერნი); მარკო არნაუტოვიჩი (ინტერი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: შტეფან პოში. 27 წლის მცველმა, რომელიც ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმიდან“ გავიცანით, „ბოლონიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. თავად, ინდივიდუალურად 1-გოლიანი და 2-ასისტიანი სეზონი ჰქონდა, რაც, მისი შეტევითი უნარებიდან გამომდინარე, ბევრი ნამდვილად არაა. სხვათა შორის, ეს გოლი „ნაპოლის“ სტუმრად გაუტანა. მაგალითად, 2022-23 წლების სეზონში 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა. ასე რომ, შეტევაში ეფექტიანი თამაშით გამოირჩევა და ავსტრიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტების მოტანა შეუძლია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი ეს შეტევითი უნარები 2 ასისტში გადაითარგმნა.

მეკარეები: ნიკლას ჰედლი (რაპიდი); ჰაინც ლინდნერი (როიალ უნიონი); პატრიკ პენცი (ბრონდბიუ);

მცველები: ფლავიუს დანილიუცი (ზალცბურგი); კევინ დანსო (ლანსი); ფილიპ ლინჰარტი (ფრაიბურგი); ფილიპ მვენე (მაინცი); შტეფან პოში (ბოლონია); ლეოპოლდ ქერფელდი (რაპიდი); გერნოტ ტრაუნერი (ფეიენოორდი); პატრიკ ვიმერი (ვოლფსბურგი); მაქსიმილიან ვობერი (გლადბახი);

ნახევარმცველები: კრისტოფ ბაუმგარტნერი (ლაიპციგი); ფლორიან გრილიჩი (ჰოფენჰაიმი); მარკო გრიული (რაპიდი); ფლორიან კაინცი (კიოლნი); კონრად ლაიმერი (ბაიერნი); ალექსანდრ პრასი (შტურმი); მარსელ ზაბიცერი (დორტმუნდი); რომანო შმიდი (ვერდერი); მატიას ზაიდლი (რაპიდი); ნიკოლას ზაივალდი (ლაიპციგი);

თავდამსხმელები: მარკო არნაუტოვიჩი (ინტერი); მაქსიმილიან ენტრუპი (ჰარტბერგი); მიხაელ გრეგორიჩი (ფრაიბურგი); ანდრეას ვაიმანი (ვესტ ბრომვიჩი).

პოლონეთი

პოლონეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური ერთა ლიგის პლეი-ოფით მოიპოვა. ფინალში უელსს პენალტებით ისე მოუგეს, რომ 120 წუთის განმავლობაში ზუსტი კარში დარტყმა არ ჰქონიათ. ერთი მხრივ, ეს შეტევაში არც ისე ეფექტიანი თამაშის მანიშნებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, გუნდის გამოცდილებასა და სიმძლავრეს უსვამს ხაზს.

პოლონელებს შესარჩევ ეტაპზე ალბანეთისა და ჩეხეთის ბარიერის დაძლევა არ გამოუვიდათ და მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდნენ. მათ განვლილი ციკლი აშკარად ჩააგდეს.

პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2008 წელს გავიდა და მას შემდეგ არც ერთი ტურნირი გამოუტოვებია. „არწივები“ 8-დან ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც ბოლო 5 ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აქვს მიღებული. თუმცა, მონაწილეობა წარმატებულ გამოსვლაში მხოლოდ ერთხელ გადაითარგმნა, როცა ევრო 2016-ზე 1/4 ფინალამდე მივიდნენ და იქ მომავალ ჩემპიონ პორტუგალიასთან პენალტებით დამარცხდნენ.

გუნდს, ფინალურ ეტაპზე ზედიზედ 5-ჯერ მონაწილეობის მიუხედავად, საკმაოდ ცუდი საერთო სტატისტიკა აქვს - 14 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს და ორივე ნახსენებ ევრო 2016-ზე, რომლის გარდაც, დანარჩენ ოთხ ტურნირზე, ლოგიკურია, რომ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს. მათზე ცუდი მოგებათა პროცენტი ერთადერთ ნაკრებს აქვს - რუმინეთს, რომელზეც დაწვრილებით ხვალინდელი, უკვე E ჯგუფის, წარდგენისას ვილაპარაკებთ.

რობერტ ლევანდოვსკისა და კომპანიას გერმანიის სტადიონებზე თუნდაც ამ ჯგუფიდან გასვლის ფავორიტად ვერ ჩავთვლით, მაგრამ გუნდს შეუძლია, ფინალურ ეტაპებზე ზედიზედ თამაშის გამოცდილება სათავისოდ გამოიყენოს და სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

ვერდიქტი: პოლონეთის მთავარი ხელმოსაჭიდი ავსტრიის ნაკრებთან თამაში იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიდერლანდებთან და, მით უმეტეს, საფრანგეთთან, სენსაცია მოახდინონ.

საკვალიფიკაციო ეტაპი: ალბანეთი (15); ჩეხეთი (15); პოლონეთი (11); მოლდოვა (10); ფარერის კუნძულები (2)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ლევანდოვსკი - 3

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ჟიელინსკი - 2

3 ყველაზე მეტი კეპი: რობერტ ლევანდოვსკი (149); კამილ გროსიცკი (93); პიოტრ ჟიელინსკი (89)

მონაწილეობა ევროზე: მე-5

საუკეთესო შედეგი: 1/4 ფინალი - 2016

შედეგი ევრო 2020-ზე: ჯგუფური ეტაპი - 1 ფრე, 2 წაგება

ფაქტი: პოლონეთის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს. ჯამში ჩატარებული 14 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული - ორივე 2016-ში, როცა 1/4 ფინალამდე მივიდნენ და იქ მომავალ ჩემპიონ პორტუგალიასთან პენალტებით დამარცხდნენ.

მთავარი მწვრთნელი: მიხალ პრობიერჟი. 51 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო საქმეში 2005 წლიდანაა ჩართული, 2012 წლის შემდეგ კი პოლონეთის გარეთ არ უმუშავია. ბოლოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, როცა ფერნანდუ სანტუში დაითხოვეს და ეროვნული ნაკრების პოსტი ჩააბარეს. ეს გასული წლის სექტემბერში მოხდა და მას შემდეგ გუნდს თამაში არ წაუგია - 4 მოგება და 3 ფრე. რაც მთავარია, პრობიერჟის ხელმძღვანელობით, „არწივებმა“ პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს, თანაც, უელსის ნაკრები მისსავე მოედანზე, კარდიფში დაამარცხეს.

3 საკვანძო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა); პიოტრ ჟიელინსკი (ნაპოლი); ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ადამ ბუკსა. ლევანდოვსკის, პიონტეკის, ჟიელინსკისა და სხვა აღიარებული ვარსკვლავების ფონზე, ადამ ბუკსას სახელი შეიძლება, ყველაზე ჟღერადი არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრებისთვის ბენეფიტების მოტანა მას არ შეუძლია. პენალტების ექსპერტი და მაგარი საგოლე ალღოთი დაჯილდოვებული თავდამსხმელი. თურქულ „ანთალიასპორში“ მაგარი ინდივიდუალური სტატისტიკა ჰქონდა, 16 გოლი და 2 ასისტი მიითვალა, რითაც ევრო 2024-ს მშვენიერ ფორმაში და განწყობაზე ხვდება. მწვრთნელისთვის სათადარიგოთა სკამიდან გუნდის თამაშის გაძლიერების ერთ-ერთი შესაფერისი კანდიდატურა იქნება.

მეკარეები: მარცინ ბულკა (ნიცა); ლუკაშ სკორუპსკი (ბოლონია); ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი);

მცველები: იან ბედნარეკი (საუთჰემპტონი); ბარტოშ ბერეშინსკი (ემპოლი); პრჟემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი); იაკუბ კივიორი (არსენალი); ტიმოტეუშ პუხაჩი (კაიზერსლაუტერნი); ბარტოშ სალამონი (ლეხ პოზნანი); სებასტიან ვალუკიევიჩი (ემპოლი); პაველ დავიდოვიჩი (ვერონა);

ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (პოგონი); იაკუბ პიოტროვსკი (ლუდოგორეცი); ტარას რომანჩუკი (იაგელონია); ბარტოშ სლიში (ატლანტა იუნაიტედი); დამიან შიმანსკი (აეკ ათენი); სებასტიან შიმანსკი (ფენერბაჰჩე); კასპერ ურბანსკი (ბოლონია); ნიკოლა ჟალევსკი (რომა); პიოტრ ჟიელინსკი (ნაპოლი);

თავდამსხმელები: ადამ ბუკსა (ანტალიასპორი); რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა); კშიშტოფ პიონტეკი (ბაშაქშეჰირი); მიხალ სკორაში (ბრიუგე); კაროლ სვიდერსკი (ვერონა).

გაზიარება: