საკი: იტალიისგან სიურპრიზებს ელოდეთ
ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობიდან გამომდინარე, ბევრი თვლის, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები მოახლოებულ კონტინენტის პირველობაზე არათუ ტიტულს ვერ დაიცავს, არამედ მისი მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ იტალიელები ეგრეთწოდებულ „სიკვდილის ჯგუფში“ არიან მოხვედრილები და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან მოუწევთ. მისი ქვეყნის უპირველესი გუნდის კრიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმება ლეგენდარული მწვრთნელი არიგო საკი და საამისო მიზეზებსაც ასახელებს.
რა თქვა საკიმ
მესმის, რომ შეიძლება ეს არ იყოს იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა, მაგრამ „სკუადრა აძურა“ ხელწამოსაკრავი მეტოქე არასოდეს არავისთვის ყოფილა და არც ახლა იქნება. თანაც, გუნდს სათავეში ლუჩიანო სპალეტი უდგას, რომელიც თუ რა დონის სპეციალისტია კარგად გამოჩნდა თუნდაც წლევანდელ სეზონში, როდესაც მისი წასვლის შემდეგ სერია A-ს შარშანდელმა გამარჯვებულმა გათამაშება სატურნირო ცხრილის მეათე პოზიციაზე დაასრულა. ასე რომ, პროგნოზების მოყვარულებს ვურჩევდი, სანამ დასკვნებს დადებენ, კარგად დაფიქრდნენ.
იტალიელები კონტინენტის პირველობას 15 ივნისს, ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ ალბანელებთან მატჩით დაიწყებენ, 20 ივნისს ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე 24 ივნისს ხორვატიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დაასრულებენ.