უეფამ რუსები ვერ დააბრუნა - დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება
2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდები როგორც ფიფამ, ასევე უეფამ მათი ეგიდით გასამართი ტურნირებიდან გაურკვეველი ვადით მოკვეთა. მას შემდეგ იყო რამდენიმე მცდელობა რომ ისინი დაებრუნებინათ, მაგრამ დისკვალიფიკაციის გაუქმების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი რამდენიმე დღის წინ უეფასა და ფიფას მაღალჩინოსნების შეხვედრის დროს, როდესაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა სცადა, რომ რუსეთის ასაკობრივი ნაკრები გუნდების ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსვლის პრეცედენტი შეექმნა, რასაც თხუთმეტი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია შეეწინააღმდეგა, რის გამოც ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურული ნაწილიც კი დღის წესრიგში აღარ დამდგარა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია რუსული ფეხბურთი აბსოლუტურ იზოლაციაშია მოქცეული და არამხოლოდ რუსეთის ნაკრებ გუნდებს, არამედ ამ ქვეყნის კლუბებს უეფას და ფიფას ეგიდით გასამართ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.