2030 წლის მუნდიალის ფინალი ბერნაბეუზე - საკითხი აქტიურად განიხილება
უკვე ცნობილია, რომ 2030 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება, მუნდიალის საუკუნოვანი იუბილეს გამო კი, თითო მატჩის ჩატარება პირველი გათამაშების მასპინძელ ქვეყნებში, არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიშიც იგეგმება.
სად გაიმართება ექვსი წლის შემდგომ გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი კანდიდატი „სანტიაგო ბერნაბეუა“, რომელსაც სულ ახლახანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ტრიბუნების ტევადობაც გაიზარდა. საქმეს მხოლოდ ის ფაქტი ართულებს, რომ რეგულაციების თანახმად, ის არენა, რომელმაც ფინალი უნდა მიიღოს, ფიფას დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს, რასაც მადრიდის „რეალი“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამეფო კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტებს, ფლორენტინო პერესსა და ჯანი ინფანტინოს კარგი ურთიერთობა აქვთ, შესაძლოა ყველაფერი მარტივად მოგვარდეს.
2030 წელს, ტურნირის დაარსების საუკუნოვან იუბილეზე, მსოფლიოს რიგით 24-ე საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისიდან 21 ივლისამდე როგორც უკვე მოგახსენეთ, სამ ქვეყანაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში ჩატარდება.