„ყველაზე რთული პირველი მატჩი იქნება“ | ალტინტოპი ევრო 2024-ზე
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰამიტ ალტინტოპმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ილაპარაკა. ალტინტოპმა თურქეთის ნაკრების მთავარ ამოცანად ჯგუფური ეტაპის დაძლევა დაასახელა და განაცხადა, რომ პირველი თამაში ყველაზე რთული იქნება.
„ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. თურქეთის ნაკრების პირველი მეტოქე საქართველო გახლავთ, რომელსაც დიდ ტურნირზე თამაშის გამოცდილება არ გააჩნია და სადებიუტო ევროს ატარებს. გამომდინარე აქედან, მათ გარშემო დიდი მოლოდინები არაა შექმნილი და დასაკარგი არაფერი აქვთ. ტურნირის ყველაზე რთული მატჩი სწორედ გახსნითი შეხვედრა იქნება.
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და საფეხბურთო ხარისხითა და ისტორიით გამოირჩევა. ჩეხეთის ნაკრები არის მეტოქე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად თამაშობს და მისი არდაფასება დაუშვებელია. ვფიქრობ, მაღალია შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ჩვენი ფეხბურთელების გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ბევრად შორს წავლენ, ვიდრე ჯგუფური ეტაპის დაძლევაა“.
ცნობისთვის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. მეორე ტურში ჩვენი მეტოქე ჩეხეთი გახლავთ, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.