ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტემ კვარა ნაპოლიში დარჩენაში დაარწმუნა - ბოლო ცნობები ხვიჩაზე

იტალიური La Repubblica-ს ინფორმაციით, „ნაპოლის’’ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში დარჩენაში დაარწმუნა. პსჟ-ს დიდი ინტერესის მიუხედავად ქართველი ფეხბურთელი „აძურიში’’ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება, მოქმედ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, კონტემ კვარას გადაწყვეტილებაზე ფუნდამენტური გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, „ნაპოლის’’ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ კვარას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკება განაახლა, რომლის მიხედვით კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება. ამ ეტაპზე გამოსასყიდი თანხის ოდენობა უცნობია.

RAI-ს ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ხვიჩა ბონუსების სახით 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გუშინ La Gazzetta dello Sport-ი წერდა, რომ ანტონიო კონტე მზად იყო გერმანიაში გამგზავრებულიყო, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედროდა და მისთვის ახალი პროექტი გაეცნო. La Repubblica-ს ინფორმაციიდან გამომდინარე შესაძლოა კონტესა და კვარას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე, დღეს RAI-მ დაწერა, რომ კონტე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება.

მამუკა ჯუღელი ბოლო დღეებში პსჟ-ს ესაუბრა და ხვიჩას პირადი კონტრაქტი შეუთანხმა - 5-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ფეხბურთელი წლიურად 7,5 მილიონს მიიღებდა („ნაპოლიში'' 1.5-ს იღებს), მაგრამ „პარტენოპეი'' ფეხბურთელს არ უშვებს. თუ კვარა „ნაპოლისთან'' ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონი დარჩება.

პსჟ-ს გარდა ხვიჩას დამატების დიდი სურვილი „ბარსელონას'' ჰქონდა, თუმცა კატალონიურ კლუბს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები არ აღმოაჩნდა და ეს ტრანსფერი გამოირიცხა. სავარაუდოდ, ხვიჩას გადასვლა პარიზულ კლუბშიც არ გამოვა, თუმცა წინ ევროპის ჩემპიონატია და თუ კვარა მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშებს, ვითარების ცვლილება მოულოდნელი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები