ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში, მონტენეგრო დაამარცხა. შეხვედრა პოდგორიცაში გაიმართა და ვილი სანიოლის გუნდმა 3:1 იმარჯვა. საფინალო სასტვენის შემდეგ, „ჯვაროსნების“ ლიდერებმა, გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ მონტენეგროსთან მოგებული თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი მიქაუტაძე: „დადებითი ემოციები გვაქვს. გატანილი გოლითა და გამარჯვებით გახარებული ვარ. შეგვიძლია უკეთესად ვითამაშოთ. თურქეთთან მატჩამდე ერთ კვირაზე მეტი დაგვრჩა და მომზადებას განვაგრძობთ. საკლუბო სეზონის შემდეგ, მცირე პაუზა მქონდა. დავისვენე და ნაკრებს შევუერთდი, რათა გუნდს დავეხმარო“.

ხვიჩა კვარაცხელია: „ამ თამაშის პოზიტიური შედეგით დასრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გერმანიაში კარგი განწყობით ჩავალთ. კარგი სპარინგი იყო, კარგ მეტოქესთან. მონტენეგროს მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი ტაქტიკური სიახლე გამოვიყენეთ, რომლებზეც მწვრთნელებთან ერთად ვმუშაობდით. ვფიქრობ, ეს თამაში ძალიან დაგვეხმარება ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში".

ცნობისთვის, მე-10 წუთზე, ანგარიში გიორგი გველესიანის პასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას პასით გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. 66-ე წუთზე მონტენეგრომ სტევან იოვეტიჩის გოლით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ბუდუ ზივზივაძემ 83-ე წუთზე დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ
„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ