ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, კაირი ირვინგი, ჯრუ ჰოლიდეი
Aa
Aa

დონჩიჩის სამმაგი დუბლი და დალასის მარცხი | ბოსტონი სერიაში 2:0 დაწინაურდა

„ბოსტონ სელტიქსმა“ NBA-ის სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაც მოიგო. პირველი მატჩისგან განსხვავებით, „დალას მავერიქსი“ უშანსოდ არ იყო და მესამე მეოთხედში იგებდა კიდეც, მაგრამ „ბოსტონის“ დაცვას ვერაფერი მოუხერხა და 98:105 დამარცხდა.

„სელტიქსის“ კალათბურთელებს შეტევაში საოცრად ნამდვილად არ უთამაშიათ. „ბოსტონმა“ პარკეტიდან 45 პროცენტით შეუტია, 39 სამქულიანიდან კი მხოლოდ 10 გამოიყენა, თუმცა, დაცვაში უმაღლესი დონე აჩვენეს. ერთადერთი, ვინც „ბოსტონმა“ ვერ გააჩერა, ლუკა დონჩიჩი გახლდათ.

სლოვენიელმა კალათბურთელმა პარკეტზე 42 წუთი გაატარა, სამმაგი დუბლი მიითვალა და 32 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლუკას 8 დაკარგვა ჰქონდა და როგორც მატჩის შემდეგ განაცხადა, ეს შეცდომები და გაფუჭებული საჯარიმოები რომ არა, მის გუნდს მოგება შეეძლო. ისევ ცუდად ითამაშა კაირი ირვინგმა, რომელმაც 18-დან 7 ბურთი ჩააგდო და 16 ქულა ჰქონდა, პი ჯეი ვაშინგტონმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.

„ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი იყო - 26 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი. ჯეილენ ბრაუნმა 21 ქულა და 7 ასისტი გააკეთა, ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 18 ქულა, 12 პასი და 9 მოხსნა იყო, ხოლო დერიკ უაითმა 18 ქულა გაიფორმა.

„ბოსტონს ბევრი ბრწყინვალე კალათბურთელი ჰყავს. ნებისმიერ მატჩში, ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია, უმაღლეს დონეზე იასპარეზოს და ბევრი ქულა ჩააგდოს. სელტიქსი პირველი ნომერი სწორედ ამიტომაა. ვფიქრობ, ჩემმა დაკარგვებმა და აცილებულმა საჯარიმოებმა მარცხი განაპირობა. ამ ორ ასპექტში უნდა მოვუმატო“, - განაცხადა დონჩიჩმა მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, „ბოსტონში“ გამართული ორი მატჩის შემდეგ, სერია დალასში გადაინაცვლებს და მესამე შეხვედრას 13 ივნისს ვიხილავთ. თამაში თბილისის დროით, 04:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველების კონტრშეტევები საოცარი იყო“ - პროსინეჩკი მატჩის შემდეგ
„ქართველების კონტრშეტევები საოცარი იყო“ - პროსინეჩკი მატჩის შემდეგ