ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კიტეს ტრავმა და გამარჯვება პოდგორიცაში - საქართველო ევრო 2024-ს კარგ ხასიათზე ხვდება

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროს ესტუმრა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

ვილი სანიოლმა მარტის შეხვედრების შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და საბა კვერკველიას მაგივრად სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გველესიანი დააყენა.

საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მომენტები როგორც პოზიციური, ისე კონტრშეტევებიდანაც შექმნა.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. კუთხურიდან გიორგი ჩაკვეტაძის ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში გიორგი გველესიანი დახვდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და ოთარ კიტეიშვილს გაატანინა.

33-ე წუთზე, მოედნის ცენტრში გათამაშებული კომბინაცია გიორგი მიქაუტაძემ ოსტატური შესრულებით დააგვირგვინა, რომელმაც კვარას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მასპინძლებმა 66-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი სტევან იოვეტიჩმა გაიტანა.

საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან 4 წუთში შეძლო გოლის გატანა - 1:3.

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ისტორიაში პირველად მოუგო. აქამდე გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ორივეჯერ 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი მატჩი საქართველოში ჩატარდა და ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი მონტენეგრომ საკუთარ მოედანზე 2:1 გაიმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. 50-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა და მის მაგივრად მატჩში ნიკა კვეკვესკირი ჩაერთო.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კარგ ხასიათზე ხვდება. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. საქართველოს ნაკრები მონტენეგროდან უკვე გერმანიაში გაემგზავრება და მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები