ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

როლან გაროსს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ალკარასის მე-3 დიდი სლემი

საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული კარლოს ალკარასი გახდა. როლან გაროსის პრესტიჟული გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში 21 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ხუთ სეტში, 6:2, 3:6, 5:7, 6:1, 6:2 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო.

შეხვედრა 4 საათსა 19 წუთს გაგრძელდა და ალკარასმა 16 შესაძლებლობიდან 9 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ზვერევს, მის ანგარიშზე 23-დან 6 რეალიზებული ბრეიკ-პოინტი და ექვსი ორმაგი შეცდომაა. ამ გამარჯვებით 21 წლის და 35 დღის კარლოსი გახდა როლან გაროსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული რაფაელ ნადალის შემდეგ, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა 2007 წელს 21 წლისა 7 დღის ასაკში მოიგო.

ალკარასის კარიერაში ეს ATP-ის მე-14, ხოლო დიდი მუზარადის ტურნირებს შორის რიგით მესამე ტიტულია. აქამდე მას 2022 წელს ამერიკის ღია პირველობა, 2023 წელს კი უიმბლდონის გათამაშება ჰქონდა მოგებული. ოთხიდან სამი დიდი სლემის გათამაშების ჩემპიონი მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი იყო და დღევანდელი გამარჯვებით მათ რიგებს ახალგაზრდა ესპანელიც შეუერთდა. ალკარასზე უმცროს ასაკში როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა ისტორიაში მხოლოდ სამ ჩოგბურთელს, ბიორნ ბორგს (20), მატს ვილანდერს (20) და რაფაელ ნადალს (21) აქვს მოგებული. გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებით კარლოსმა 2,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რის შემდეგაც კარიერის მანძილზე მის მიერ სხვადასხვა შეჯიბრებებზე მიღებულმა საპრიზო თანხამ უკვე 31,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო ჯოკოვიჩი როლან გაროსიდან ჩაეხსნა
ტრავმის გამო ჯოკოვიჩი როლან გაროსიდან ჩაეხსნა