გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ბექა ბურჯანაძე, ჯო ტომასონი
Aa
Aa

შერმადინი სექტემბერში დაბრუნდება - სანიკიძემ ნაკრების მზადებაზე ისაუბრა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა და 18-კაციანი შემადგენლობით დღეს ქალაქ ტრევიზოში გაემგზავრება. ეროვნულ გუნდს იტალიაში შეუერთდება თორნიკე შენგელია, რომელსაც ჯერჯერობით საკლუბი სეზონი არ დაუსრულებია და „ვირტუსთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ასევე ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ასპარეზობს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე ჯო ტომასონი, რომელიც თელ ავივის „ჰაპოელის“ ღირსებას იცავს.

სანდრო მამუკელაშვილს, როგორც NBA-ს მოთამაშეს, ნაკრებში ვარჯიში 18 ივნისამდე აკრძალული აქვს. მართალია „სან ანტონიოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ  „მამუს“ ოფიციალური სატრანსფერო შემოთავაზებები აქვს, მისი გრაფიკი ჯერჯერობით ისევ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულაციებით არის განსაზღვრული. რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, მათ შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.

რა თქვა სანიკიძემ

გიორგი შერმადინის არყოფნა ჩვენი ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისია. მას ძალიან უნდოდა სარეაბილიტაციო კურსის თბილისში გავლა, მაგრამ ექიმებმა ჯერჯერობით მგზავრობა კატეგორიულად აუკრძალეს. თუმცა, ბოლო პროგნოზით, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ძალიან დიდი ალბათობით, სექტემბრიდან ასპროცენტიანი დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება, რაც საშუალებას მისცემს ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. კიდევ ერთი ცუდი ამბავი ბექა ბურჯანაძის არყოფნაა, რომელსაც დეტალური სამედიცინო გამოკვლევა გუშინ ჩაუტარდა და მისი  ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა საბოლოოდ გამოირიცხა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე 2-დან 7 ივლისის ჩათვლით რიგაში ითამაშებს და ჯგუფურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელების მეტოქე ლატვია და ფილიპინები იქნება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია საუკეთესო იყო - 21 ქულა ჩააგდო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა
შენგელია საუკეთესო იყო - 21 ქულა ჩააგდო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა