ფინალში გასვლის ამბიცია უნდა გვქონდეს - ძოძუაშვილი ნაკრების შანსებზე
მომავალ პარასკევს, 14 ივნისს, გერმანიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, ხოლო საქართველოს ნაკრები მისთვის სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას, 18 ივნისს, თურქეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. როგორი მოლოდინი აქვს და რამდენად ოპტიმისტურია მისი განწყობა, ამის შესახებ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ, რევაზ ძოძუაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” სტუმრობისას ისაუბრა.
რა თქვა ძოძუაშვილმა
 
რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდოდა. იცით რა მაძლევს ასეთი ამბიციური განცხადებების საფუძველს? ვუყურებ სხვა გუნდების თამაშს, მბაპეს, ვინისიუსს, დანარჩენ ვარსკვლავებს და უცბად მახსენდება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის სახით ჩვენც გვყავს უმაღლესი კლასის მოთამაშეები, რომლებიც ევროპის ტოპ-ლიგებში ასპარეზობენ. გარდა ამისა, უდიდესი სამუშაო ჩაატარა ვილი სანიოლმა, რომელმაც როგორც ჩანს თავის დროზე კარლო ანჩელოტისთან მუშაობით ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. მარტში გამართულ გადამწყვეტ მატჩებში ფრანგმა სპეციალისტმა 3-მცველიან ტაქტიკას მიმართ და როგორც ვნახეთ, არ შემცდარა.
რევაზ ძოძუაშვილს ფეხბურთელის რანგში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - 1972 წელს ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა.