კონტე მზადაა გერმანიაში გაფრინდეს, ხვიჩას შეხვდეს და პროექტი გააცნოს
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის’’ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მზადაა გერმანიაში გაფრინდეს, ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდეს და ის პროექტი გააცნოს, რომლის განხორციელებას „ნაპოლიში’’ გეგმავს. კონტეს გერმანიაში წასვლა გადაწყვეტილი აქვს და შესაძლოა ეს შეხვედრა შედგეს.
ამჟამად კვარაცხელიას წარმომადგენლები ნაპოლისთან მოლაპარაკებას მართავენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან. მამუკა ჯუღელი ბოლო დღეებში პსჟ-ს ესაუბრა და ხვიჩას პირადი კონტრაქტი შეუთანხმა - 5-წლიანი ხელშეკრულება, სეზონური 7.5 მილიონი ევროთი („ნაპოლიში'' 1.5-ს იღებს), მაგრამ „პარტენოპეი'' ფეხბურთელს არ უშვებს, მიუხედავად ქართველის სურვილისა. თუ კვარა „ნაპოლისთან'' ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონი დარჩება.
პსჟ-ს გარდა ხვიჩას დამატების დიდი სურვილი „ბარსელონას'' ჰქონდა, თუმცა კატალონიურ კლუბს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები არ აღმოაჩნდა და ეს ტრანსფერი გამოირიცხა. სავარაუდოდ, ხვიჩას გადასვლა პარიზულ კლუბშიც არ გამოვა. ამ ეტაპზე ასეთი რეალობაა, თუმცა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე კვარას კარგმა თამაშმა ბევრი რამ შეცვალოს.
შეგახსენებთ, გუშინ ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ავსტრიული შეკრება დაასრულა, დღეს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, შემდეგ გუნდი გერმანიაში გაემგზავრება და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო - საქართველო | 22:45
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00