სანიოლი: ვერ შევძლებდი 4 ფეხბურთელისთვის ოცნების წართმევას
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება დაასრულა. 8 ივნისს, ჩვენმა გუნდმა გაინბერგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული შეკრება შეაფასეს და მონტენეგროსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს.
ვილი სანიოლი: "ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს. თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან. შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვერკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა".
ოთარ კიტეიშვილი: "ავსტრიის მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეულები ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს. ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის. კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო, რომ თავდაჯერება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ამხანაგური შეხვედრა იქნება გენერალური რეპეტიცია ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს და ის ხარისხი, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით".
ავსტრიული შეკრების დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი პოდგორიცაში გაემგზავრა. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
NAKREBI.GE