ჰოფენჰაიმი, აუგსბურგი, ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

უცნობი დეტალები | რატომ გააფორმა კიტეიშვილმა ახალი კონტრაქტი

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ „შტურმთან’’ ახალი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად ამისა, CrystalSport-ის ინფორმაციით, ზაფხულში კიტეიშვილის ტრანსფერის ალბათობა კვლავ რეალურია. ახალი კონტრაქტი არ ნიშნავს, რომ  „შტურმში’’ დარჩენა გადაწყვეტილია. ახალი კონტრაქტი ევრო 2024-ის დაწყებამდე ფეხბურთელს მშვიდად ამყოფებს, დამატებით პრობლემას არ უქმნის, ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაში კი მის მიმართ ინტერესს გაზრდის. ასე რომ, მომავალ სეზონში კიტეიშვილს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა შესაძლოა ტოპ ლიგაში, მაგალითად გერმანიის ბუნდესლიგაში ან სერია A-ში აღმოჩნდეს, რაც დიდწილად ევროპის ჩემპიონატზე კარგ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ კიტეიშვილით დაინტერესებულ კლუბებს მის სანაცვლოდ მიზერული თანხის გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, ფეხბურთელმა კლუბის მიმართ პატივისცემა გამოხატა, რომ კლუბს, სადაც 2018 წლიდან თამაშობს, ფინანსური სარგებელი მიეღო.

ვიდრე ოთარ კიტეიშვილი „შტურმთან’’ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, მოლაპარაკება გერმანულ „აუგსბურგთან’’ მიმდინარეობდა, თუმცა გერმანული კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებში, მათ შორის სუფთა სპორტული კუთხით, არ ჩანდა ის დიდი ინტერესი, რასაც ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იმსახურებს. როცა ფეხბურთელი კარიერის ძალიან წარმატებულ ეტაპზე კლუბს იცვლის, ახალი კლუბის მხრიდან დიდ ნდობას უნდა ხედავდეს, რაც „აუგსბურგის'' მხრიდან არ ჩანდა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, თუ „შტურმის’’ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი „ჰოფენჰაიმში’’ გააგრძელებდა მუშაობას, ასეთ შემთხვევაში შიკერს კიტეიშვილის „ჰოფენჰაიმში’’ წაყვანის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა რადგან შიკერი და „სოფლელები’’ ვერ შეთანხმდნენ, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

სტატიის მიწურულს „შტურმის’’ სპორტული დირექტორის, ანდრეას შიკერის კომენტარს გთავაზობთ, რომელიც მან ავსტრიულ მედიას მისცა: „ვეცადეთ ოთარი სპორტული არგემენტებით დაგვერწმუნებინა, რომ მისთვის „შტურმში’’ დარჩენა უფრო მიმზიდველი ვარიანტი იქნებოდა. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეუძლია, რაც უნიკალური შესაძლებლობაა’’.

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა „შტურმს'' საკუთარი მომავალი 2026 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა. გრაცელებმა „კიტესთან“ თანამშრომლობის გაგრძელება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საინტერესო ვიდეოთი გამოაცხადეს და ოფიციალური დოკუმენტები, რომლებზეც „კიტეს“ ხელი უნდა მოეწერა, საჩემპიონო თასით მიართვეს.

„გასულ სეზონში შესრულებული დუბლი შტურმში გატარებული პერიოდის გვირგვინი იყო. ყველამ იცის, კლუბში თავს რა კომფორტულად ვგრძნობ და აქაურ გარემოს როგორ ვაფასებ. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერი ნათელი გახდა და კონტრაქტს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები