ლუჩანო სპალეტი, იტალიის ნაკრები, ხორვატიის ნაკრები, ესპანეთის ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე, სილვინიო, ალბანეთის ნაკრები, ზლატკო დალიჩი
Aa Aa

ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის B ჯგუფის წარდგენა

ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებულად ვემზადებით. ეს ის ტურნირია, რომლის გარშემოც ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა და ჩვენს თამაშებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს.

CrystalSport-ი, ჯგუფების მიხედვით, მონაწილე გუნდების წარდგენას აგრძელებს. სტატიის მიზანია, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, ფაქტები, სტატისტიკები და ამბები, გუნდებისა თუ ფეხბურთელების გარშემო. ასე რომ, დავიწყოთ და დეტალურად გავიცნოთ, ვის, რატომ და რა ინტერესით უნდა ვუყუროთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. A ჯგუფის დეტალებზე უკვე ვისაუბრეთ, დღეს B ჯგუფის ჯერია.

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი

OPTA-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზი 1/8 ფინალში გასვლაზე: ესპანეთი - 89.1%; ხორვატია - 67.8%; იტალია - 80.3%; ალბანეთი - 33.4%

15 ივნისი - 20:00 - ესპანეთი V ხორვატია (ბერლინი, ოლიმპიაშტადიონი)

15 ივნისი - 23:00 - იტალია V ალბანეთი (დორტმუნდი, სიგნალ იდუნა პარკი)

19 ივნისი - 17:00 - ხორვატია V ალბანეთი (ჰამბურგი, ფოლკშპარკშტადიონი)

20 ივნისი - 23:00 - ესპანეთი V იტალია (გელზერკირკირხენი, ფელტინს არენა)

24 ივნისი - 23:00 - ალბანეთი V ესპანეთი (დიუსელდორფი, მერკურ შპილ-არენა)

24 ივნისი - 23:00 ხორვატია V იტალია (ლაიპციგი, რედ ბულ არენა)

ესპანეთი

გერმანიასთან ერთად, ტურნირის 3-გზის ჩემპიონები ახალ გათამაშებას ხორვატიასთან მატჩით იწყებენ და ერთა ლიგის 2023 წლის ფინალის გამეორებას ვნახავთ. „ფურია როხას“ ევროს ფინალურ ეტაპზე, თუ პენალტებს არ ჩავთვლით, ბოლო 22 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული, რაც სტაბილურობის ნათელი ინდიკატორია. თუმცა, ძალიან საინტერესოა, რომ ეს ორივე წაგება ამ ჯგუფის გუნდებთან აქვს - ნახსენებ ხორვატიასთან და იტალიასთან, ორივე ევრო 2016-ზე.

პირენეელები ბოლო 7-დან 6 ტურნირზე პლეი-ოფში გავიდნენ, გამონაკლისი მხოლოდ ევრო 2004 იყო, როცა ჯგუფში მომავალი ფინალისტები საბერძნეთი-პორტუგალია და ასევე რუსეთი ჰყავდათ.

ერთი ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, ცოტათი გასაოცარი ფაქტი: ესპანეთის ნაკრებმა ევროზე საჯარიმოს გარედან დარტყმით გოლი ბოლოს 2000-ის ტურნირზე გაიტანა, მას შემდეგ 50 გოლი საჯარიმოს შიგნიდან აქვთ გატანილი.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები ის ნაკრებია, რომლის რიგებშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. არაფერი შეცვლილა დე ლა ფუენტეს მოსვლის შემდეგაც და გასაკვირიც იქნებოდა, შეცვლილიყო, რადგან ეს სპეციალისტი ათწლეულების განმავლობაში სწორედ ასაკობრივ გუნდებში მუშაობით იყო ცნობილი.

ესპანელებმა შესარჩევში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს (შოტლანდიაში 0:2), დანარჩენ შემთხვევებში კი ძალიან დამაჯერებლები იყვნენ. ჰქონდათ რამდენიმე სუპერ შეტევითი პერფორმანსიც: საქართველოსთან 7:1; კვიპროსთან 6:0 და ნორვეგიასთან 3:0. გარდა ამისა, წინა ზაფხულს ერთა ლიგის ჩემპიონებიც გახდნენ.

ვერდიქტი: შეიძლება, ევროს უპირველეს ფავორიტებში ბევრი არ მოიაზრებდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, ტექნიკური, ენერგიული და მაგრად დამუხტული ნაკრებია. ამ ყველაფერს მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი - როდრი, საუკეთესო მარჯვენა მცველი, სუპერ ფორმაში მყოფი დანი კარვახალი და კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ემატება. ვფიქრობ, როცა საქმე ესპანეთის ნაკრებს ეხება, საკმარისი არგუმენტებია იმისთვის, რომ გუნდმა მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლოს.

საკვალიფიკაციო ეტაპი: ესპანეთი (21); შოტლანდია (17); ნორვეგია (11); საქართველო (8); კვიპროსი (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ხოსელუ, მორატა - 4-4

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ნიკო უილიამსი, ფაბიან რუისი - 3-3

3 ყველაზე მეტი კეპი: ალვარო მორატა - 72; ხესუს ნავასი - 52; როდრი ერნანდესი - 49

მონაწილეობა ევროზე: მე-12

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1964; 2008; 2012

შედეგი ევრო 2020-ზე: 1/2 ფინალი, იტალიასთან 1:1 (პენ. 2:4)

ფაქტი: ესპანეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე ბოლო 50 გოლი საჯარიმო მოედნის შიგნიდან აქვს გატანილი. საჯარიმოს გარედან ბოლოს რაულმა „ევრო 2000“-ზე სლოვენიას გაუტანა.

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე. დე ლა ფუენტე, ხავიერ კლემენტეს (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი) შემდეგ, პირველი ესპანელი მწვრთნელია, რომელიც „ფურია როხას“ დიდ ტურნირზე ხელმძღვანელობს, მაგრამ მისი მაისურით ასეთ ფორუმზე, როგორც ფეხბურთელს, არასდროს უთამაშია. „ბილბაოს“ მეორე გუნდში მუშაობის შემდეგ, 2013-2022 წლებში, ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა, სანამ 2022-ის დეკემბერში, ეროვნულ ნაკრებში დანიშნავდნენ.

3 საკვანძო ფეხბურთელი: როდრი ერნანდესი (სიტი); დანი კარვახალი (რეალი); ალვარო მორატა (ატლეტიკო)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ალექს გრიმალდო და ნიკო უილიამსი. იმის მიუხედავად, რომ გრიმალდო 29 წლის ხდება, ნაკრებში პირველად გასულ წელს დაუძახეს. „ლევერკუზენის“ რიგებში, ამ სეზონში 12 გოლი და 19 ასისტი ჰქონდა. შემტევი მცველი, ჩაწოდების, პასისა და დარტყმის შესანიშნავი უნარით, რომელსაც „ფურია როხას“ მარცხენა ფლანგის სუპერ სახიფათო ზონად გადაქცევა შეუძლია. ვერ ვიტყვით, რომ დაცვითი ოპერაციებისას საუკეთესოა, მაგრამ წინ იმდენად ეფექტურია, რომ, წესით, დე ლა ფუენტემ მის გადაზღვევაზე უნდა იზრუნოს და მეტი თავისუფლების მინიჭებით, მნიშვნელოვან შეტევით ბენეფიტებს დაელოდოს.

2023-24 წლების ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, რომელიც ტოპ ფეხბურთელობის გზას დაადგა, 21 წლის ნიკო უილიამსია, რომელსაც მაგარი სეზონი ჰქონდა და ტოპ კლუბების ინტერესის ქვეშაა. წესით, მომავალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. ლა ლიგაში, „ბილბაოსთან“ ერთად, ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, თავად კი 5 გოლი და 11 ასისტი ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის მაყურებლისთვის მისი რეაქტიულობა, ტექნიკა და ერთი-ერთზე თამაშის უნარი კარგადაა ცნობილი, დე ლა ფუენტესთვის ეს ყველაფერი საჭირო ბონუსი უნდა იყოს.

მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი); ალექს რემირო (სოსიედადი); უნაი სიმონი (ბილბაო);

მცველები: დანი კარვახალი (რეალი); რობინ ლე ნორმანი (სოსიედადი); დანი ვივიანი (ბილბაო); ნაჩო ფერნანდესი (რეალი); ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი); აიმერიკ ლაპორტი (ალ ნასრი); ხესუს ნავასი (სევილია); მარკ კუკურეია (ჩელსი);

ნახევარმცველები: მიკელ მერინო (სოსიედადი); ფაბიან რუისი (პსჟ); ალექს ბაენა (ვიიარეალი); როდრი ერნანდესი (სიტი); მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი); პედრი გონსალესი (ბარსელონა); ფერმინ ლოპესი (ბარსელონა);

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო); დანი ოლმო (ლაიპციგი); ფერან ტორესი (ბარსელონა); ნიკო უილიამსი (ბილბაო); ლამინე იამალი (ბარსელონა); მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი); ხოსელუ სანმარტინი (რეალი).

ხორვატია

ხორვატიის ნაკრების „ოქროს თაობად“ 1998 წლის გუნდი დამსახურებულად მიიჩნეოდა, მაგრამ, ზლატკო დალიჩთან ერთად, მოდრიჩმა და კომპანიამ ყველაფერი გადაწერეს და ეს სტატუსი ულაპარაკოდ დაიმსახურეს - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და მე-3 ადგილი, ასევე ერთა ლიგის ფინალი. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, რომელზეც 6-დან 3 შემთხვევაში მინიმუმ ნახევარფინალამდე მივიდნენ, ევროზე 1/4 ფინალზე შორს არასდროს გასულან, რაც ამ ფორმაციის ნაკრებს მოტივაციას უათმაგებს.

ხორვატებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ტოპ კლასის ფეხბურთელთა ნაკრებში ყოლის პრობლემა არ აქვთ, თუმცა მაინც დიდებული სიახლეა იოშკო გვარდიოლის პროგრესი და მისი ისეთ მცველად ჩამოყალიბება, რომელიც დაცვაშიც ტოპ დონეს აჩვენებს და შეტევაშიც შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. დარიო სრნას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, გვარდიოლი ხორვატიის ნაკრებში სრულიად ახალ სამცველო ისტორიას წერს - მისნაირი მრავალმხრივი, სტაბილური და საიმედო მცველი, რომელსაც ბონუსად ასეთი მაგარი შეტევითი უნარები აქვს, ამ გუნდს არასდროს ჰყოლია. წინა დიდ ტურნირებთან შედარებით, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა.

ზოგადად, დალიჩის ნაკრებს ყოველთვის ძლიერი ნახევარდაცვა და საიმედო დაცვა ჰყავდა. ამჯერადაც ასეა: მოდრიჩისა და გვარდიოლის ლიდერობით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე რგოლმა შესანიშნავად იმუშავა და გუნდმა 8 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.

ვერდიქტი: წინა მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, კარგად დაბალანსებული და ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმუმისთვის თამაში შეუძლია. აღიარებულ ფავორიტთა შემდეგ, მეორე ეშელონის ფავორიტებში, პირველი ეს ნაკრები მახსენდება.

საკვალიფიკაციო ეტაპი: თურქეთი (17); ხორვატია (16); უელსი (12); სომხეთი (8); ლატვია (3)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: კრამარიჩი - 4

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: პაშალიჩი, პერიშიჩი - 2-2

3 ყველაზე მეტი კეპი: ლუკა მოდრიჩი - 174; ივან პერიშიჩი - 130; დომაგოი ვიდა - 105

მონაწილეობა ევროზე: მე-7

საუკეთესო შედეგი: 1/4 ფინალი - 1996; 2008

შედეგი ევრო 2020-ზე: 1/8 ფინალი, ესპანეთთან 3:3 (დ.დ. 3:5)

ფაქტი: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და მე-3 ადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდედ ითამაშებს და 1/4 ფინალზე შორს არასდროს გასულა.

მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც გუნდს ზედიზედ ოთხ დიდ ტურნირზე უხელმძღვანელებს. პოსტზე 2017 წელს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდი 2018 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, ევრო 2020-ის - 1/8 ფინალში და 2022 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. დალიჩი გუნდს კვლავ მოდრიჩის გარშემო ააწყობს, რაზეც საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და იქ განაწილებული როლები მიგვითითებს. დალიჩის მთავარი ამოცანა გუნდის ჩვეულებისამებრ დამუხტვა და ერთ მუშტად შეკვრაა, რაც კატარის მუნდიალზე შესანიშნავად შეძლო, ვნახოთ, მისი მუდამ საინტერესო გუნდი ამჯერად რას შემოგვთავაზებს.

3 საკვანძო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი (რეალი); იოშკო გვარდიოლი (სიტი); დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ლოვრო მაიერი. 2022 წლის მუნდიალზე ცვლილებებიდან შვიდივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და თავისი კონკრეტული როლი ჰქონდა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა და შეუძლია, გუნდის ერთ-ერთი ახალი იარაღი გახდეს. ტექნიკური, ჭკვიანი, მოაზროვნე, კარგი ხედვის მქონე შემტევი, რომელმაც ბუნდესლიგის სეზონი 5 გოლითა და 5 ასისტით დაასრულა. „რენიდან“ „ვოლფსბურგში“ 25 მილიონად გადასვლა და გერმანიის ჩემპიონატის პირველი სეზონის სტატისტიკა არის არგუმენტი იმისა, რომ მაიერი სხვა დონეზეა და უფრო მნიშვნელოვანი  როლის შესრულება შეუძლია.

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე); ნედილიკო ლაბროვიჩი (რიეკა); ივიცა ივუშიჩი (პაფოსი);

მცველები: იოსიპ სტანიჩი (ლევერკუზენი); მარინ პონგრაჩიჩი (ლეჩე); იოშკო გვარდიოლი (სიტი); მარტინ ერლიჩი (სასუოლო); იოსიპ შუტალო (აიაქსი); ბორნა სოსა (აიაქსი); დომაგოი ვიდა (აეკი); იოსიპ იურანოვიჩი (უნიონ ბერლინი);

ნახევარმცველები: მატეო კოვაჩიჩი (სიტი); ლუკა მოდრიჩი (რეალი); მარცელო ბროზოვიჩი (ალ ნასრი); ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო); მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები); ლოვრო მაიერი (ვოლფსბურგი); მარიო პაშალიჩი (ატალანტა); ლუკა სუჩიჩი (ზალცბურგი);

თავდამსხმელები: ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი); ივან პერიშიჩი (ჰაიდუკი); ანტე ბუდიმირი (ოსასუნა); ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები); ლუკა ივანუშეჩი (ფეიენოორდი); მარკო პიაცა (რიეკა); მარკო პაშალიჩი (რიეკა).

იტალია

იტალიის ნაკრები „ევრო 2020“-ზე მოპოვებული ტიტულის დაცვას იწყებს და შეეცდება, ესპანეთის (2008-2012) შემდეგ, ისტორიაში გახდეს მეორე გუნდი, რომელიც ევროს ზედიზედ მოიგებს.

ამის გაკეთება ადვილი რომ არ იქნება და „აძურის“ მიმართ საჩემპიონო მოლოდინები რომ ნაკლებადაა, OPTA-ს სუპერ კომპიუტერის მონაცემებითაც ჩანს - 5%. ზოგადად, ბოლო 10-15 წელია, იტალიურ სანაკრებო ფეხბურთში ტურბულენტური პერიოდია და „ევრო 2020“-ზე ჩემპიონობა კონტექსტიდან ამოგლეჯილი სასიამოვნო მოულოდნელობა უფროა, ვიდრე კანონზომიერება. ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება პრობლემების ნათელი ინდიკატორია.

მეორე მხრივ, ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს უდიდესი და უტრადიციულესი საფეხბურთო ქვეყანაა და მისგან სიურპრიზები ასეთ რთულ პერიოდებშიც არ უნდა გვიკვირდეს, გავიხსენოთ, რა პირობებში წავიდნენ 2006-ში მსოფლიო ჩემპიონატზე. ოღონდ, ბევრი თქვენგანი სხვაობას ეგრევე მიხვდება და მთავარ არგუმენტად ამ და იმ შემადგენლობას შორის არსებულ უფსკრულს დაასახელებს, რაშიც ორივე ხელით დავეთანხმები. მაშინდელისგან განსხვავებით, ამჟამინდელ „აძურიში“, ტოპ კლასის ვარსკვლავის მოძებნა რთულია. გეთანხმებით, ტოპ კლასის ფეხბურთელები არიან, მაგრამ წარმოიდგინეთ, იტალიის ნაკრებში ვარსკვლავური სტატუსის ერთი ფეხბურთელიც არაა! აი ისეთი, თავის პოზიციაზე პირველ-მეორე-მესამე ადგილზე მაინც ეგრევე რომ გაგახსენდება.

აპენინელებმა შესარჩევი ეტაპი რთულად გაიარეს და ფინალურ ტურნირზე გასვლა უკრაინასთან, ბოლო წამებამდე გადაუწყვეტელი იყო, რაც ბოლო ათწლეულია ტრადიციად ექცათ და ხან წარმატებით ასრულებენ, ხანაც - ვერა.

სპალეტის ამოცანაა, უვარსკვლავო გუნდისგან შექმნას ძლიერი სტრუქტურა და მასზე დააშენოს მისი სამწვრთნელო სტილის ის დეტალები, რომლებსაც წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდა. მთავარი ფაქტორი დროა, რომელიც ლუჩანოს სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობდა და იტალიელთა მთავარი გუნდის გარშემო ბევრი კითხის ნიშანია.

ვერდიქტი: იტალიის ნაკრების ეს შემადგენლობა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ხმაურიანია. გუნდი პრაქტიკულად ტოპ ვარსკვლავის გარეშეა. მეორე მხრივ, როცა ასეთ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანაზე საუბრობ, ყოველთვის შეიძლება, სწორი მუშაობით და მიდგომით, სისუსტე სიძლიერედ გარდაიქმნას. პირადად მე ნაკლებად მჯერა, რომ სპალეტის ამ ფორმაციის გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, მაგრამ „აძურა“ ფავორიტად არც წინა ევროზე წარმოედგინა ვინმეს, მათ შორის, არც მე...

საკვალიფიკაციო ეტაპი: ინგლისი (20); იტალია (14); უკრაინა (14); ჩრდილოეთ მაკედონია (8); მალტა (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ფრატეზი - 3

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ბარელა - 4

3 ყველაზე მეტი კეპი: დონარუმა (61); ბარელა (53); ჟორჟინიო (53)

მონაწილეობა ევროზე: მე-11

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1968; 2020

შედეგი ევრო 2020-ზე: ჩემპიონი

ფაქტი: იტალიის მონაწილეობით ევროს ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 45 მატჩში 83 გოლია გასული, რაც საშუალოდ 1.84 გოლია. თუ ავიღებთ იმ 25 ნაკრებს, რომლებსაც ტურნირზე 10 და მეტი თამაში აქვთ გამართული, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი. 65 წლის ტაქსტიკოსისთვის პირველი სანაკრებო ტურნირია. „ნაპოლიში“ ჩატარებული ფანტასტიკური სეზონისა და ფიფა-სგან 2023 წლის მე-2 საუკეთესო მწვრთნელად დასახელების შემდეგ, „აძურიში“ რობერტო მანჩინი ჩაანაცვლა და გახდა მე-10 მწვრთნელი, რომელიც მშობლიური ქვეყნის ნაკრებს ევროზე უხელმძღვანელებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრებს ევროზე უცხოელი მწვრთნელი არასდროს ჰყოლია. სპალეტის სამწვრთნელო კარიერის გათვალისწინებით, ყველა გუნდში გარკვეული დრო სჭირდებოდა, ამჯერად კი დრო არც ისე ბევრი ჰქონდა. ვნახოთ, როგორი იქნება სპალეტის 9-თვიანი მოსამზადებელი პერიოდის შედეგი იტალიის ნაკრებისთვის ევროპის იმ ჩემპიონატზე, რომელზეც ტიტული აქვს დასაცავი.

3 საკვანძო ფეხბურთელი: ნიკოლო ბარელა (ინტერი); ფედერიკო დიმარკო (ინტერი); ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: დავიდე ფრატეზი. მართალია, „ინტერის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად ვერ იქცა, მაგრამ გუნდში თავისი როლი სათადარიგოთა სკამიდან ჰქონდა და ლიმიტირებული დროისა და სათამაშო პოზიციის (ცენტრალური ნახევარმცველია) ფონზე, არც ისე ცუდი სტატისტიკა შექმნა: 42 თამაშში 8 გოლი და 4 ასისტი. ეროვნულში მანჩინიც იძახებდა და ათამაშებდა, თუმცა სპალეტის მოსვლის შემდეგ უფრო მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გოლებიც შეაგდო. მაგალითად, უშუალო კონკურენტ უკრაინასთან სახლში 2:1 მოგებულ თამაშში ორივე გოლი მის ანგარიშზე იყო. ამ კონტექსტში მატია ძაკანის გამორჩევასაც ვფიქრობდი, მაგრამ ფრატეზის მეტი სათამაშო დრო ექნება და ერთად ვნახავთ, რამდენად არის მზად 24 წლის ნახევარმცველი ტოპ დონეზე, ასეთი დონის ტურნირზე, მნიშვნელოვანი როლის სათამაშოდ.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ); გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი); ალექს მერეტი (ნაპოლი);

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი); ფედერიკო დიმარკო (ინტერი); ალესანდრო ბუონჯორნო (ტორინო); რიკარდო კალაფიორი (ბოლონია); ფედერიკო გატი (იუვენტუსი); მატეო დარმიანი (ინტერი); რაულ ბელანოვა (ტორინო); ჯანლუკა მანჩინი (რომა); ალესანდრო ბასტონი (ინტერი); ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი);

ნახევარმცველები: დავიდე ფრატეზი (ინტერი); ჟორჟინიო (არსენალი); ლორენცო პელეგრინი (რომა); ბრაიან კრისტანტე (რომა); ნიკოლო ბარელა (ინტერი); ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი); სტეფან ელ შაარაუი (რომა); მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა);

თავდამსხმელები: ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი); ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი); ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა); მატეო რეტეგი (ჯენოა); მატია ძაკანი (ლაციო).

ალბანეთი

ვისაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახსოვს, ერთ-ერთ ჯგუფზე მივანიშნებ და, ალბათ, ეგ ხალხი უკვე ხვდება, რომელ ჯგუფზე ვსაუბრობ. კი ბატონო: ინგლისი, იტალია, ურუგვაი, კოსტა რიკა. კოსტა რიკა ამ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ურუგვაი - მეორეთი, ინგლისი-იტალია სახლში ერთად წავიდნენ. ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ ალბანეთს კოსტა რიკის როლი აქვს და ამ „სიკვდილის ჯგუფიდან“ აუცილებლად პირველი ადგილით გავა ან საერთოდ გავა, მაგრამ, გუნდების გადანაწილება და მათი სტატუსები ძალიან ჰგავს.

ულაპარაკო ამბავია, რომ ალბანეთი ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევა, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ დანარჩენი სამი გუნდიდან რომელიმეს მასთან რამე გარანტირებული აქვს. ერთი, რაც უეჭველად ვიცით, ალბანელებზე წნეხი პრაქტიკულად არ არსებობს და ეს მათი მთავარი უპირატესობაა. ორი ვარიანტია: 1) სახლში უსახელოდ ან მეტ-ნაკლებად სახელიანად წავლენ; 2) ისტორიას გადაწერენ, ამ ურთულესი ჯგუფიდან გავლენ და დიდი ტურნირის პლეი-ოფში პირველად ითამაშებენ. რამდენად დიდი გამოწვევაა არა, როცა, შენი ქვეყნის დროშის ქვეშ, ასეთი რამის გაკეთების შანსი გეძლევა?!

სილვინიოს მოსვლის შემდეგ, ალბანელებმა 11 მატჩი ჩაატარეს - 5 მოიგეს, 3 ფრე და 3 წაგება. რაც მთავარია, პოლონეთთან და ჩეხეთთან კონკურენციაში, საკვალიფიკაციოზე პირველი ადგილი დაიკავეს, რაც გუნდის სისტემურობასა და სტაბილურობაზე მიუთითებს.

ოფიციალური 26-კაციანი შემადგენლობიდან 13 ტოპ 5 ლიგაში თამაშობს: 9 - სერია A-ში, 2 - პრემიერ ლიგაში და თითო-თითო კაცი ლა ლიგასა და ბუნდესლიგაში. ჰყავთ ევროპა ლიგის გამარჯვებული - ბერატ ჯიმსიტი, რომელიც „ატალანტას“ დაცვის ერთ-ერთი ლიდერია. გუნდშია იტალიის ჩემპიონი კრისტიან ასლანი - 22 წლის ნიჭიერი შუახაზელი, რომელსაც ინძაგი ცვლილებებზე ათამაშებდა. ცალკე უნდა ვახსენოთ თავის რეი მანაი, რომელმაც გასულ სეზონში „სივასპორის“ რიგებში 22 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. „ინტერის“ ასაკობრივ გუნდებსა და „ბარსელონას“ მეორე გუნდში მიღებული გამოცდილების შემდეგ, 27 წლის თავდამსხმელს კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჰქონდა. მასსა და საკვალიფიკაციოს ბომბარდირ ასანის შორის მძაფრი კონკურენცია იქნება.

ვერდიქტი: ალბანელები ამ ჯგუფში ფურცელზე ყველასთვის განწირულები არიან და თუ მათთვის რამე უპირატესობაზე შეიძლება საუბარი, ზუსტად ისაა, რომ წნეხის გარეშე ითამაშებენ. თუ ვერაფერი - არა უშავს და ევროზე გასვლა უკვე წარმატებაა, თუ რამე შეძლეს - გმირები გახდებიან. არც ისე პატარა უპირატესობაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. უბრალოდ, ეგაა, რამდენად ეყოფა ხარისხი და გამოცდილება გუნდს, რომელიც დიდ ტურნირზე ისტორიაში მეორედ ასპარეზობს - პირველი „ევრო 2016“ იყო.

საკვალიფიკაციო ეტაპი: ალბანეთი (15); ჩეხეთი (15); პოლონეთი (11); მოლდოვა (10); ფარერის კუნძულები (2)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ასანი - 3

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ასანი, რამადანი - 2-2

3 ყველაზე მეტი კეპი: ელსედ ჰისაი - 83; ეტრიტ ბერიშა - 80; ბერატ ჯიმსიტი - 57;

მონაწილეობა ევროზე: მე-2

საუკეთესო შედეგი: ჯგუფური ეტაპი - 2016

ფაქტი: შესარჩევში გუნდის ბომბარდირი იყო იასირ ასანი, რომელსაც 3 გოლის გასატანად 4 კარში დარტყმა დასჭირდა.

მთავარი მწვრთნელი: სილვინიო. პირველი ბრაზილიელი მწვრთნელია, ლუიშ ფელიპე სკოლარის (ევრო 2008, პორტუგალია) შემდეგ, ვინც ევროს ფინალურ ეტაპზე გუნდს უხელმძღვანელებს. „არსენალისა“ და „ბარსელონას“ ბრაზილიელი ყოფილი მარცხენა მცველი პირველ დიდ დამოუკიდებელ სამწვრთნელო ნაბიჯებს დგამს. „ლიონსა“ და „კორინთიანსში“ არც ისე წარმატებული პერიოდების შემდეგ, ალბანეთის ნაკრები 2023 წლის იანვარში ჩაიბარა და ევროს საგზური, საკვალიფიკაციოს პირველი ადგილით, მოაპოვებინა. ევროპულ ტოპ დონეზე გატარებული კარიერული წლების ფონზე, ბრაზილიელს კოლოსალური საფეხბურთო გამოცდილება აქვს, სამწვრთნელო კუთხით კი ევროზე პირველი დიდი თავგადასავალი ექნება. ძნელი სათქმელია, რამდენად გამოუვა დიდ მწვრთნელებთან კონკურენცია, ალბანეთის ნაკრებით, მაგრამ ვნახოთ... რაც ზუსტად ვიცით, მისი პერსონის ამ ამპლუაში ნახვა ყველა ვარიანტში საინტერესო იქნება. თან, არ დაგვავიწყდეს, რომ სექტემბერში დასაწყებ ერთა ლიგაზე სილვინიო და ალბანეთის ნაკრები, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა. შეგვიძლია, დავაკვირდეთ.

3 საკვანძო ფეხბურთელი: ბერატ ჯიმსიტი (ატალანტა); ნედიმ ბაირამი (სასუოლო); რეი მანაი (სივასპორი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: არმანდო ბროია. თამამი და არაალბანური სახელი ჰქვია არა?! სამაგიეროდ, ძალიან ალბანელია და ეს იმით დაამტკიცა, რომ ახლა ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობს. მშობლები ალბანელები ჰყავს, ინგლისში დაიბადა და იქაურები აქტიურად ცდილობდნენ, ნიჭიერ ფორვარდს მათ ასაკობრივ ნაკრებებში ეთამაშა, მაგრამ ბროიამ თავისი არჩევანი ისტორიულ სამშობლოზე გააკეთა. ვინც ფეხბურთს, და განსაკუთრებით პრემიერ ლიგას, აქტიურად ადევნებს თვალს, ამ ბიჭის სახელი არ ეუცხოვება და იცის, რომ წლებია უკვე „ჩელსის“ საკუთრებაა. ვიცნობთ, როგორც შესანიშნავი ტექნიკის, გოლის ალღოსა და დრიბლინგის მქონე ტალანტს, რომელიც, იმედია, სათანადოდ გაიხსნება და განვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბროიამ ჯერ ალბანელთა სასტარტოში ადგილი სტაბილურად ვერ მოიპოვა, ეს ევრო მისთვის შანსია, საკუთარი მართლაც მრავალმხრივი შესაძლებლობები ამ დიდ საფეხბურთო სცენაზე დაამტკიცოს. თუ სილვინიომ გასაღები მოუძებნა და გახსნა, არაა გამორიცხული, ალბანელთა იარაღად იქცეს. ეს რომ შეუძლია, ქვემოთა ვიდეოთიც მიხვდებით. ნახეთ, რა ტექნიკა, ბურთის ფლობა, მომენტის გრძნობა და საფეხბურთო ინტელექტი აქვს.

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა (ემპოლი); ელჰან კასტრატი (ჩიტადელა); ტომას სტრაკოშა (ბრენტდორდი);

მცველები: ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო); მარიო მიტაი (ლოკომოტივ მოსკოვი); ელსეიდ ჰისაი (ლაციო); არლინდ აიეტი (კლუჟი); ბერატ ჯიმსიტი (ატალანტა); ენეა მიჰაი (ფამალიკაუ); არდიან ისმაილი (ემპოლი); მარაშ კუმბულა (სასუოლო); ნასერ ალიი (ვოლუნტარი);

ნახევარმცველები: კლაუს გიასულა (დარმშტადტი); ნედიმ ბაირამი (სასუოლო); ქაზიმ ლაჩი (სპარტა პრაღა); მედონ ბერიშა (ლეჩე); ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში); ილბერ რამადანი (ლეჩე); კრისტიან ასლანი (ინტერი); ამირ აბრაში (გრასჰოპერსი);

თავდამსხმელები: რეი მანაი (სივასპორი); იასირ ასანი (გვანგჯუ); არმანდო ბროია (ფულემი); ტაულანტ შეფერი (ბანიიასი); მირლინდ დაკუ (რუბინი); არბიერ ჰოშა (დინამო ზაგრები).

გაზიარება: