პროსინეჩკი: სანიოლმა ბრწყინვალე გუნდი შექმნა, იციან რა სურთ
მონტენეგროს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ხორვატთა ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, ვილი სანიოლმა შესანიშნავი გუნდი შექმნა, სადაც ძალიან კარგი ატმოსფეროა. პროსინეჩკი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ კვარაცხელია არაა და მასთან ერთად სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც თამაშობენ.
რობერტ პროსინეჩკი: „მოხარული ვარ, რომ პოდგორიცაში ვითამაშებთ. ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, ვიმედოვნებ ქომაგები მხარს დაგვიჭერენ. მაქსიმუმს გავიღებთ, პერსონალურად ჩემთვის ამაღელვებელია, რომ საკუთარ კედლებში პირველ მატჩს ვატარებთ.
შედეგი მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტემბერში იქნება, როცა ერთა ლიგაზე პირველ მატჩს ჩავატარებთ ისლანდიასთან, რომელმაც გუშინ ინგლისი დაამარცხა. ისლანდიამ მაღალ დონეზე ითამაშა, ინგლისმა კარისკენ ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. ვნახე ნაკრების ბოლო ოთხი თამაში, საქართველომ საბერძნეთთან პენალტების სერიაში მოიგო, თუმცა შესაძლოა საბერძნეთი უკეთესი ნაკრებია. ვილი სანიოლმა შესანიშნავი გუნდი შექმნა, ხედავთ რომ ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, იციან რა სურთ, ძალიან რთული თამაში იქნება. საქართველო ის გუნდი არაა, რომელიც წარსულში იყო, კვარაცხელიას გარდა სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებიც ჰყავს. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი თამაში იქნება’’.
მონტენეგრო-საქართველოს ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.