9 ივნისი ეროვნული ნაკრების ისტორიაში
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში შეკრება დაასრულა და ქალაქ პოდგორიცაში გაემგზავრა, სადაც ხვალ მონტენეგროს ეროვნულ გუნდთან საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდის ხვალინდელმა მეტოქემ რამდენიმე დღის წინ სტუმრად ბელგიასთან ითამაშა და 0:2 დამარცხდა. რაც შეეხება საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრების ურთიერთშეხვედრებს, მათი გზები ორჯერ გადაიკვეთა და ორჯერვე 2009 წელს, ექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობის პერიოდში. თუ თბილისში გამართული მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, სტუმრად ქართველები 1:2 დამარცხდნენ და ერთადერთი გოლი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.
9 ივნისს საქართველოს ნაკრებს ისტორიაში სულ ორი მატჩი აქვს გამართული. 2015 წლის ამ თვესა და რიცხვში ჩვენი ქვეყნის გუნდი, რომელსაც მაშინ კახა ცხადაძე ამზადებდა, ავსტრიის ქალაქ ლინცერში გამართულ საკონტროლო მატჩში უკრაინელებთან 1:2 დამარცხდა და ერთადერთი ბურთი მათე ვაწაძემ გაიტანა. გაცილებით უფრო კარგი გასახსენებელია 2022 წლის 9 ივნისს გამართული თამაში, როდესაც სკოპიეში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 მოუგო. ამ გამარჯვებას მაშინ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თბილისში წაგებული ფინალის შემდეგ მაკედონიელებს პირველად ვხვდებოდით. თითო ბურთი 52-ე, 62-ე და 84-ე წუთებზე, ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს, განსაკუთრებით ეფექტური კი ხვიჩას გოლი გამოდგა, რომელმაც შორი მანძილიდან დარტყმით გამოიჩინა თავი.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1992 წლიდან 2024 წლამდე ჩატარებული 283 მატჩიდან 91 მოიგო, 58 ფრედ დაასრულა და 134-ში დამარცხდა. მონტენეგრო - საქართველოს ამხანაგური შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.