ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ყველაზე მეტად იცით რა მეამაყება?“ - სანიოლი საქართველოს ნაკრებზე

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაკეთდა სპეციალური რუბრიკა, სადაც ტურნირის ოცდაოთხივე მონაწილე ქვეყნის ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელების ინტერვიუები იბეჭდება. ამჯერად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საიტის სტუმარი საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი გახლდათ. სტატიის დასაწყისშივე მოყვანილი არის ფრანგი სპეციალისტის ნათქვამი, სადაც ის აცხადებს, რომ მისი შვილი კრიშტიანუ რონალდუს თავგადაკლული გულშემატკივარია. 47 წლის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელობისას „სენტ ეტიენის“, „მონაკოსა“ და „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წელს მუნდიალის ფინალში ითამაშა, საქართველოში დიდი ამბიციებითა და მიზნებით ჩავიდა და საბოლოო ჯამში დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა - ის პირველი ფრანგია, რომელმაც უცხო ქვეყნის ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

რა თქვა სანიოლმა

ჩვენ მარტში რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ და ეს ყველაფერი როგორც მე, ასევე ფეხბურთელებმა თავიდანვე არა, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით კარგად გავაცნობიერეთ. განსაკუთრებით მიხაროდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გახარებული სახეების ხილვა, რადგან მათ საამისოდ უდიდესი ძალისხმევა ჩადეს და სათანადო შედეგიც მიიღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წარმატება ერთჯერადი არ იქნება და გარკვეულ ფუნდამეტს ჩავყრით სამომავლო შედეგებისთვის.

როდესაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალის წაგების გამო, როგორც გუნდი, ასევე ფეხბურთელები დემორალიზებულნი იყვნენ და ბუნებრივია რაღაც ახლის დასაწყებად და ასაშენებლად დიდი ენერგიის ჩადება იყო საჭირო. მოთამაშეებს სულ ვუმეორებდი, რომ სწორი მუშაობისა და დისციპლინის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. ყველაზე მეტად იცით რა მეამაყება? ორი-სამი წლის წინანდელთან შედარებით, თითოეული ფეხბურთელი განვითარების აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავიდა, უმეტესმა მათგანმა აზროვნება და მიდგომაც შეცვალა და შედეგიც მალევე მოიმკო.

რაც შეეხება მეტოქეებს ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრები არამხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. მათი ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს კი ჩემი შვილის სახით მთელ მსოფლიოში გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს და მისთვის პორტუგალია - საქართველოს თამაშის ყურება ემოციური თვალსაზრისით ნამდვილი საოცრება იქნება. უდიდესი მოცულობის სამუშაოა გაწეული ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ნაკრებში, სადაც უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ირიცხება, ჩეხეთის გარეშე კი დიდი სანაკრებო ტურნირები პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რაც ყველაფერზე მეტყველებს. რა შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზე? ზოგი ისე გვიყურებს თითქოს კონტინენტის პირველობაზე ველური ბარათით მოვხვდით, თუმცა მერწმუნეთ თითოეულ შეხვედრაში ასი პროცენტით დავიხარჯებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის 15 თებერვლიდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით გამართული 33 მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 16 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 12 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საათივით გამართული გუნდი“ | El Nacional-ი F ჯგუფსა და საქართველოს ნაკრებზე
„საათივით გამართული გუნდი“ | El Nacional-ი F ჯგუფსა და საქართველოს ნაკრებზე