კამათი მბაპეს ტრანსფერზე - ანჩელოტის პასუხი ლაპორტას
მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს ტრანსფერს საფეხბურთო სამყაროში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ 25 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი ისედაც უძლიერეს სამეფო გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, საპირისპირო აზრი აქვს „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას, რომელიც თვლის, რომ მბაპე გუნდის გასახდელში სიტუაციას დაძაბავს და კლუბისთვის ნამდვილ პრობლემად გადაიქცევა.
ლაპორტას სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ფლორენტინო პერესის ნაცვლად, საკუთარ თავზე „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აიღო, რომელმაც ძალიან მოკლე პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ყოველ შეხვედრაში გოლს იტანს, არ შეიძლება პრობლემად იქცეს. პრინციპში, 64 წლის „პაპა კარლოს“ ასეთი თავდაჯერებული განცხადების გაკეთებისთვის საკმარისი საფუძველი გააჩნია, რადგან თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, მას უამრავ ვარსკვლავთან უმუშავია და გასახდელში არეული სიტუაცია არასოდეს არ ჰქონია.
კილიან მბაპე სამეფო კლუბს რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის პრეზენტაცია „რეალის“ ფეხბურთელის ამპლუაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.