კიეზა-კვარას დუეტი? ნაპოლის იუვენტუსის თანხმობის იმედი აქვს
ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ ჩაბარების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისს 3 ტრანსფერი მოსთხოვა - მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი.
ფორვარდის შემთხვევაში საუბარი გვაქვს რამდენიმე ვარიანტთან. რომელუ ლუკაკუს ვარიანტზე ბევრი დაიწერა. ბელგიელი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად მიიჩნევა. თუმცა ჯერჯერობით ნიგერიელის გაყიდვა რთულად მოჩანს, რადგან მის სანაცვლოდ 130 მილიონის გადახდა არავის უნდა.
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ კონტეს „იუვენტუსიდან“ ფედერიკო კიეზას შეძენა სურს. მოსალოდნელია, რომ ტურინელები გარიგებაში ჯოვანი დი ლორენცოს ჩართვას მოითხოვენ, რაც საკმაოდ რეალურია, რადგან კაპიტანს გუნდის შეცვლა თავადაც სურს.
გაზეთ La Repubblica-ს ონლაინ გამოცემა ფედერიკო კიეზას მომავალთან დაკავშირებით შემდეგს წერს:
„პარტენოპეი მზად არის კიეზას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, გარდა ამის ბონუსების გადასახდელადაც მზად არის. ნეაპოლელები რომას კონკურენციის დაძლევას შეეცდებიან. ნაპოლი ფეხბურთელისგან დადებითი პასუხის მიღებას შემდეგ კვირაში ელის, როცა კიეზას აგენტი ქალაქში იქნება და მხარეებს შორის შეხვედრა შედგება“.
როგორც ცნობილია, ანტონიო კონტეს ხელში მატეო პოლიტანოს მომავალი ბუნდოვნად მოჩანს. იტალიელ გარემარბს სავარაუდოდ გაყიდიან, ან სკამზე დაჯდომა მოუწევს. კონტეს 3-4-3 ან 3-5-2 სქემაში კიეზას როლი გაცილებით ეფექტური იქნება და შესაძლოა ახალი სეზონიდან მისი და კვარაცხელიას დუეტი ვიხილოთ.
26 წლის იტალიელმა სერია A-ს გასულ სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.