ტედი რინერი, ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

პარიზში ოცნების ასრულებისთვის ჩავა - გრიგალაშვილი ფავორიტებს შორის

წლის მთავარი სპორტული მოვლენის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, პროგრამაში შეტანილ თითქმის ყველა სახეობაზე საინტერესო სტატიები ქვეყნდება და ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული ძიუდო, სადაც მუდამ უძლიერესი სპორტსმენები იყრიან ხოლმე თავს. ცნობილმა ვებ-გვერდმა JudoInside-მა „პარიზი 2024“-ის ძიუდოისტთა ტურნირის მთავარი ფავორიტები დაასახელა და მასპინძლების ლეგენდასთან, მსოფლიოს 11-გზის და 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან ერთად, ქართველი ტატო გრიგალაშვილიც არის მოხსენიებული.

რას წერს JudoInside

როდესაც ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირის უდავო ფავორიტებზე მიდგება ლაპარაკი, ყველას უპირველეს ყოვლისა ტედი რინერი გვახსენდება. ფრანგი ლეგენდა თითოეული თამაშების დროს კონკურენტებზე მაღლა დგას და ამჯერად, როდესაც მას ადგილობრივი პუბლიკის საოცარი მხარდაჭერაც ექნება, 35 წლის ფრანგი ძიუდოისტის ძლევა პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახდება. დომინანტურ ჭიდაობას აჩვენებს ბოლო პერიოდში 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ტატო გრიგალაშვილი, რომელიც როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის 3-გზის ჩემპიონია და ოცნების ასრულებასა და პირველი ოლიმპიური ოქროს მოგებაში მისთვის ხელის შეშლას ყველაზე მეტად სავარაუდოდ, ამჯერადაც ბელგიელი მატიას კასე შეეცდება.

სტატიაში ასევე ყურადღება იყო გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ როგორც ვაჟებში, ასევე ქალებს შორის თითოეულ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ბრძოლას მოელიან იაპონელი ძიუდოისტებისგან, ჩემპიონობის ფავორიტები კი განსაკუთრებით და-ძმა, უტა და ჰიფუმი აბეები იქნებიან. გრიგალაშვილის გარდა, პარიზის ოლიმპიური თამაშებზე ძიუდოში საქართველოს სახელით კიდევ 9 სპორტსმენი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები IJF-ის რეიტინგში | რომელ ადგილებს იკავებენ ქართველი ჯუდოკები
ცვლილებები IJF-ის რეიტინგში | რომელ ადგილებს იკავებენ ქართველი ჯუდოკები