„ხვიჩა პრიორიტეტი იყო, მაგრამ“ | რას წერს L’Equipe-ი კვარას მომავალზე
„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას კილიან მბაპეს შემცვლელად მოიაზრებდა და ფრანგული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ პარიზული კლუბი „კვარას“ გადასაბირებლად მუშაობდა. ამ თემასთან დაკავშირებით, ავტორიტეტულმა L’Equipe-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და პსჟ-ს გეგმები გაასაჯაროვა.
„შეტევის გასაძლიერებლად, პარი სენ-ჟერმენის პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში კიდევ ერთი სეზონით დარჩენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე კლუბის დატოვებასთან. არის მომენტები, როცა პსჟ სიჯიუტეს იჩენს და მარტივად არ ნებდება, მაგრამ ინტერესმა მკვეთრად დაიკლო“, - წერს ფრანგული გამოცემა.
„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ანტონიო კონტე „კვარას“ გუნდის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად მოიაზრებს. იტალიური პრესის მიხედვით, კონტე აპირებს, ამბიციური პროექტი შეკრას და კვარაცხელიას შენარჩუნება მისი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისსა და „კვარას“ წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „პარტენოპეის“ პრეზიდენტი მის გაშვებას არ გეგმავს და ყველა წინადადებას ბლოკავს. ნეაპოლელები მზად არიან, ხვიჩას ხელფასი მოუმატონ და ხელშეკრულება 1 წლით გაუხანგრძლივონ.