შეგვეძლო 13 წლის ასაკში დაგვემატებინა - დე ლა რედმა მბაპე გაიხსენა
კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, ესპანური სპორტული გამოცემები სამეფო გუნდის ახლანდელ და ყოფილ ფეხბურთელებთან უამრავ ინტერვიუებს წერენ და ცდილობენ გაიგონ მათი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაუმარცხებელი გახდება სხვა გუნდებისთვის „ბლანკოსი“ ფრანგი სუპერვარსკვლავის დამატების შემდეგ. ბევრი სხვა მოთამაშისგან განსხვავებით, MARCA-ს კორესპოდენტმა წარსულში ცნობილი ფეხბურთელისგან, რუბენ დე ლა რედისგან მბაპესთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ისტორია მოისმინა, რომელიც აქამდე ყველასთვის უცნობი იყო.
რას ამბობს დე ლა რედი
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მაშინვე მწვრთნელობა დავიწყე და „რეალის“ აკადემია ჩამაბარეს. მახსოვს, 2012 წლის დეკემბერში, ზინედინ ზიდანის რეკომენდაციით ჩამოიყვანეს 13 წლის ბავშვი საოცარი სისწრაფითა და ტექნიკით, რომელსაც რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად უნდა ევარჯიშა. ეს ბავშვი კილიან მბაპე გახლდათ. სხვათა შორის, ერთ შეხვედრაში ითამაშა და მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ საოცარი ტექნიკური არსენალითა და სისწრაფით დაგვამახსოვრა თავი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ზიზუს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მაშინ მისი კასტილიაში დატოვება ვერ მოხერხდა.
საკლუბო კარიერის მანძილზე, რუბენ დე ლა რედი „რეალსა“ და „ხეტაფეში“ ასპარეზობდა, თუმცა 25 წლის ასაკში, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ესპანელმა ნახევარმცველმა „რეალის“ რიგებში ესპანეთის ლა ლიგა (2007) და ესპანეთის სუპერ თასი (2008), ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.