ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებულად ვემზადებით. ეს ის ტურნირია, რომლის გარშემოც ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა და ჩვენს თამაშებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს.
CrystalSport-ი, ჯგუფების მიხედვით, მონაწილე გუნდების წარდგენას იწყებს. სტატიის მიზანია, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, ფაქტები, სტატისტიკები და ამბები, გუნდებისა თუ ფეხბურთელების გარშემო. ასე რომ, დავიწყოთ და დეტალურად გავიცნოთ, ვის, რატომ და რა ინტერესით უნდა ვუყუროთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.
A ჯგუფი: გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, უნგრეთი
OPTA-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზი 1/8 ფინალში გასვლაზე: გერმანია - 88.5%; შვეიცარია - 61%; უნგრეთი - 59.3%, შოტლანდია - 58.9%
14 ივნისი - 23:00 - გერმანია V შოტლანდია (მიუნხენი, ალიანც არენა)
15 ივნისი - 17:00 - უნგრეთი V შვეიცარია (კიოლნი, რაინენერგიშტადიონი)
19 ივნისი - 20:00 - გერმანია V უნგრეთი (შტუტგარტი, მერსედეს ბენც არენა)
19 ივნისი - 23:00 - შოტლანდია V შვეიცარია (კიოლნი, რაინენერგიშტადიონი)
23 ივნისი - 23:00 - შვეიცარია V გერმანია (ფრანკფურტი, დოიჩე ბანკ პარკი)
23 ივნისი - 23:00 შოტლანდია V უნგრეთი (შტუტგარტი, მერსედეს ბენც არენა)
გერმანია
გერმანიის ნაკრების მილიონობით გულშემატკივრებისთვის, კარგი ამბავი და ოპტიმიზმის საფუძველია ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი გუნდი საშინაო დიდ ტურნირებზე, ისტორიულად, შედეგიანად თამაშობს. 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ევრო 1988-ზე ნახევარფინალამდე მივიდნენ, 2006-ში კი - მუნდიალის მე-3 ადგილი დაიკავეს. შეეცდებიან 1984 წლის საფრანგეთის შემდეგ, პირველი ნაკრები გახდნენ, რომელიც ევროს თავის ქვეყანაში მოიგებს (იგულისხმება ის ტურნირი, რომელსაც მხოლოდ ერთი მასპინძელი ჰყავდა).
მეორე მხრივ, ვიცით, რომ არც ისე სასიამოვნოა, ბოლო დიდი ტურნირების შედეგები - ბუნდესნაკრებს 2016 წლის შემდეგ პლეი-ოფში თამაში არ მოუგია. 2018 და 2022 წლების მსოფლიოებზე ჯგუფში ჩარჩნენ, ევრო 2020-ზე კი 1/8 ფინალში ინგლისთან დამარცხდნენ.
ყველა ნათლად ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ 2014 წლის ტრიუმფის შემდეგ ევროს 3-გზის ჩემპიონთა შორის რთული პროცესები მიდის, მათ შორის, თაობათა ცვლები, რაც ამ კალიბრის ნაკრებისთვის, ჩემი აზრით, ზედმეტად დიდხანს გაიწელა. ამ ტურნირზე მუსიალა-ვირცის სუპერ ტალანტსა და ახალგაზრდულ ჟინს, ასაკით შედარებით გამოცდილი, მაგრამ ნაკრებში ახალბედა ფეხბურთელები ემატებიან, რომელთაც ბუნდესლიგაში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ. ამ ყველაფრის დასაბალანსებლად, ნოიერის, კროოსის, გიუნდოგანის, მიულერისა და ამ მასშტაბის ფიგურების როლი ასმაგად იზრდება.
ვერდიქტი: ნაგელსმანისგან გუნდისთვის, როგორც ტაქსტიკურ-სათამაშო ასევე შიდა სამზარეულოს კუთხით, ბალანსის მონახვის შემთხვევაში, გერმანია, ყველა ვარიანტში, ტურნირის ტოპ ფავორიტებში უნდა განვიხილოთ.
მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპი არ უთამაშია, ამიტომ, ევროს ისტორიაში მათ საუკეთესო გოლების ვიდეოს შემოგთავაზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპი: მასპინძელი
ბომბარდირი ბოლო 10 მატჩში: ფულკრუგი - 3
ასისტენტი ბოლო 10 მატჩში: ვირცი, გოზენსი - 2-2
3 ყველაზე მეტი კეპი: თომას მიულერი - 128; მანუელ ნოიერი - 117; ტონი კროოსი - 108
მონაწილეობა ევროზე: მე-14
საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1972; 1980; 1996
შედეგი ევრო 2020-ზე: 1/8 ფინალი, ინგლისთან 0:2
ფაქტი: გერმანიის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე მე-14-ედ თამაშობს, რაც რეკორდია. 1960, 1964 და 1968 წლის ევროები გამოტოვეს, 1972 წლიდან არც ერთი გამოუტოვებიათ.
მთავარი მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი. პირველი მატჩისას ნაგელსმანი 36 წლის და 327 დღის იქნება, რაც ნიშნავს, რომ სრეჩკო კატანეცის ამჟამინდელ რეკორდს 6 დღით გააუმჯობესებს და ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდება. 2023 წლის სექტემბერში, ჰანსი ფლიკისგან გუნდის ჩაბარების შემდეგ, იულიანს რთული პერიოდის გავლა მოუწია, მაგრამ მარტში ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან მოგებულმა ამხანაგურმა მატჩებმა ბუნდესნაკრების ქომაგებს ოპტიმიზმი დაუბრუნა.
3 საკვანძო ფეხბურთელი: ტონი კროოსი (რეალი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: კრის ფიურიხი და დენიზ უნდავი. ამ კატეგორიაში, ზოგადად, ერთ ფეხბურთელს უნდა ვარჩევდე, მაგრამ „შტუტგარტის“ დუო იმდენად შთამბეჭდავი და ეფექტიანი იყო, ორივეზე უნდა გავაკეთო ფსონი. სერუ გირასი რომ გერმანელი იყოს, საერთოდ, ტრიოს გეტყოდით... ფიურიხს გერმანიაში მარკო როისს ადარებენ, ბუნდესლიგის ამ სეზონში 8 გოლი და 7 ასისტი ჰქონდა, თუ გაიხსნა, ნაგელსმანის ერთ-ერთი კოზირი იქნება. უნდავის შემთხვევაში კი, სტატისტიკა რომ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს ასეა - 18 გოლი და 9 ასისტი. ტექნიკური, ჭკვიანი და მკვლელი ფინიშერი ტურნირს ფულკრუგისა და ჰავერცის ჩრდილქვეშ იწყებს, მაგრამ ცვლილებებზე გუნდისთვის იმ X-ის მოტანა შეუძლია, რაც ასეთ ტურნირებზე მნიშვნელოვანი ბონუსი შეიძლება, იყოს. უნდავის საგოლე მოქმედებებს Youtube-ზეც მარტივად ნახავთ, ფიურიხისები უფრო საძებნია და აქ შემოგთავაზებთ რამდენიმე გოლსა და ასისტს.
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი); ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი); მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა);
მცველები: უალდემარ ანტონი (შტუტგარტი); ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიპციგი); იოზუა კიმიხი (ბაიერნი); რობინ კოხი (აინტრახტი); მაქსიმილიან მიდლშტადტი (შტუტგარტი); დავიდ რაუმი (ლაიპციგი); ანტონიო რუდიგერი (რეალი); ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი); იონათან ტა (ლევერკუზენი);
ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი); კრის ფიურიხი (შტუტგარტი); პასკალ გროსი (ბრაიტონი); ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა); ტონი კროოსი (რეალი); ჯამალ მუსიალა (ბაიერნი); ალეკსანდრ პავლოვიჩი (ბაიერნი); ლეროი ზანე (ბაიერნი); ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი);
თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბაიერი (ჰოფენჰაიმი); ნიკლას ფულკრუგი (დორტმუნდი); კაი ჰავერცი (არსენალი); თომას მიულერი (ბაიერნი); დენიზ უნდავი (შტუტგარტი).
შვეიცარია
ბოლო 10-15 წელი რომ ავიღოთ, შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია, რაზეც შედეგებიც ნათლად მიუთითებს - ევროპის მასშტაბით, მხოლოდ საფრანგეთი და შვეიცარიაა, რომლებმაც ბოლო 5 დიდი სანაკრებო ტურნირის პლეი-ოფში ითამაშეს. გვახსოვს, რომ წინა ევროზე სწორედ საფრანგეთს პენალტებით მოუგეს და 1/4 ფინალამდე მივიდნენ.
მას შემდეგ, რაც 2023 წელი დაიწყო, „სუისებს“ ჩატარებული 13-დან მხოლოდ 1 თამაში აქვთ წაგებული - რუმინეთთან სტუმრად 0:1.
კაპიტან გრანიტ ჯაკას - „ლევერკუზენში“ და ცენტრში მის პარტნიორ რემო ფროილერს - „ბოლონიაში“ ფანტასტიკური სეზონები ჰქონდათ. მათ გარდა, იან ზომერის, მანუელ აკანჯისა და ჯერდან შაქირის გამოცდილება და კლასი, „წითელი ჯვრების“ ფუნდამენტი და მთავარი ძალა იქნება. სხვებთან ერთად, ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც ნახსენებ ზედიზედ ჩატარებულ დიდ სანაკრებო ტურნირებზე სტაბილურად თამაშობდნენ.
გარდა ამისა, შვეიცარიის ნაკრებს ტოპ 5 ჩემპიონატიდან 3-ის ჩემპიონი ჰყავს გუნდში: ზომერი (სერია A), აკანჯი (პრემიერ ლიგა), ჯაკა (ბუნდესლიგა). ეს მენტალიტეტი ყოველთვის მნიშვნელოვანი ბონუსია. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ იან ზომერს, 2023-24 წლების ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ 43 თამაშში 25 „მშრალი კარი“ ჰქონდა, რაც ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ვერდიქტი: გამოცდილება, ხარისხი, ფეხბურთელთა ინდივიდუალიზმი, სისტემურობა - შვეიცარიის ნაკრებს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთი პლეი-ოფი ითამაშოს და იქაც კონკრეტულ მატჩში ნებისმიერ მეტოქესთან, გასაგებია, რომ ფავორიტი არ იქნება, მაგრამ წარმატებაზე იფიქროს და მიაღწიოს კიდეც.
საკვალიფიკაციო ეტაპი: რუმინეთი (22); შვეიცარია (17); ისრაელი (15); ბელარუსი (12); კოსოვო (11); ანდორა (2)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ამდუნი - 6
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ფროილერი, შაქირი - 3-3
ტოპ 3 ყველაზე მეტი კეპი: გრანიტ ჯაკა - 123; ჯერდან შაქირი - 121; რიკარდო როდრიგესი - 114
მონაწილეობა ევროზე: მე-6
საუკეთესო შედეგი: 1/4 ფინალი - 2020
შედეგი ევრო 2020-ზე: 1/4 ფინალი, ესპანეთთან 1:1 (პენ. 1:3)
ფაქტი: შვეიცარიას ევროზე დებიუტი 1996 წელს ჰქონდა, მას შემდეგ გამართული 8-დან მე-6 ტურნირზე თამაშობენ.
მთავარი მწვრთნელი: მურატ იაკინი. 49 წლის სპეციალისტი ნაკრებს 2021 წლიდან მართავს და კატარის მუნდიალზე 1/8 ფინალამდე მიიყვანა. სხვათა შორის, ეს დიდ სანაკრებო ტურნირებზე შვეიცარიელების ზედიზედ მე-5 პლეი-ოფი იყო. არც ისე წარმატებული შესარჩევი ციკლის შემდეგ, იაკინს სურს, რომ მისმა გუნდმა რეაბილიტაცია ფინალურ ეტაპზე მოახდინოს და პლეი-ოფის ზემოთ ნახსენები წარმატებული სერია განაგრძოს.
3 საკვანძო ფეხბურთელი: მანუელ აკანჯი (სიტი); გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი); ჯერდან შაქირი (ჩიკაგო ფაიერი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: კვადვო დუა. ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა და შვეიცარიის 18-19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, თუმცა ეროვნულიდან მიწვევა მხოლოდ წელს, პირდაპირ ევროს შეკრებაზე, 27 წლის ასაკში მიიღო. მაღალმა და ფიზიკურად ძლიერმა თავდამსხმელმა, „ლუდოგორეცის“ რიგებში, ბულგარეთის ჩემპიონატი მოიგო და კონფერენს ლიგაზე ითამაშა. შიდა ჩემპიონატში 13 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა, 1 გოლი კონფერენსზეც შეაგდო. ე.წ. „საჯარიმოს ფორვარდია“, კარგად არჩევს პოზიციას, ძლიერი საჰაერო და ფიზიკურ ორთაბრძოლებში, ეფექტიანად იყენებს კორპუსს. ცვლილებაზე გამოსაყვანად და მეტოქის მცველებისთვის მუდმივად დაძაბული გარემოს შესაქმნელად, შესაფერისი კანდიდატურაა. დუას 2022-23 წლების სეზონში „ნიურნბერგშიც“ კარგი პერიოდი ჰქონდა და რადგან „ლუდოგორეცში“ თამაშის მისი ხარისხიანი კადრები ნაკლებადაა, ერთი წლის წინანდელი კადრებით შევიქმნათ წარმოდგენა.
მეკარეები: იან ზომერი (ინტერი); აივონ მვოგო (ლორიენი); გრეგორ კობელი (დორტმუნდი);
მცველები: რიკარდო როდრიგესი (ტორინო); ფაბიან შერი (ნიუკასლი); მანუელ აკანჯი (სიტი); ნიკო ელვედი (გლადბახი); ლეონიდას სტერჯიუ (შტუტგარტი); სილვან ვიდმერი (მაინცი); სედრიკ ცესიგერი (ვოლფსბურგი);
ნახევარმცველები: არდონ იაშარი (ლუცერნი); დან ნდოიე (ბოლონია); მიშელ აებიშერი (ბოლონია); რემო ფროილერი (ბოლონია); ფაბიან რიედერი (რენი); ჯერდან შაქირი (ჩიკაგო ფაიერი); ვენსან სიერო (ტულუზა); რენატო შტეფენი (ლუგანო); რუბენ ვარგასი (აუგსბურგი); გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი); დენის ზაკარია (მონაკო);
თავდამსხმელები: ნოა ოკაფორი (მილანი); ზეკი ამდუნი (ბარნლი); კვადვო დუა (ლუდოგორეცი); ბრილ ემბოლო (მონაკო); სტივენ ცუბერი (აეკი).
უნგრეთი
შვეიცარიის მსგავსად, 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული უნგრეთის ნაკრებსაც მხოლოდ 1 წაგება აქვს - ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში, 4 ივნისს. იქამდე 14 დაუმარცხებელი თამაში ჩაატარეს - 9 მოგება და 5 ფრე. როცა ამ სტატიას ვწერ, ჯერ გუნდს ისრაელთან ამხანაგური არ უთამაშია. ისიც ვთქვათ, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წაუგებლად დაამთავრეს. მათ გარდა, შესარჩევში ბელგია, საფრანგეთი, რუმინეთი, პორტუგალია და ინგლისი არ დამარცხებულა.
უნგრელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2016 წელს, 44-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ, მას შემდეგ კი ზედიზედ მესამე ევროს თამაშობენ. წინა ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ (საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია), თანაც, ტრავმირებული დომინიკ შობოშლაი აკლდათ. ამის მიუხედავად, ორი ფრე მაინც ითამაშეს და პლეი-ოფში გასვლის შანსს ბოლო ტურის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.
ფაქტია, რომ ამ ტრადიციულ და ისტორიულ საფეხბურთო ქვეყანაში ბოლო ათწლეულში სასიკეთო ძვრებია და საკმაოდ კარგი თაობებიც მოდის. ამის მაგალითია ისიც, რომ „ფერენცვაროშმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშა და სხვა ევროტურნირების სტაბილურ მონაწილედ ჩამოყალიბდა.
თუკი შემადგენლობას გადავხედავთ, რამდენიმე ფეხბურთელია, რომელსაც აქტიური გულშემატკივრისთვის წარდგენა არ სჭირდება, დანარჩენები კი მეტ-ნაკლებად ცნობილები არიან, რადგან ევროპის წამყვანი ჩემპიონატებში თამაშობენ. ამას დავუმატოთ კარგი მწვრთნელი, რომელიც ნაკრებს სათავეში უკვე 6 წელზე მეტია უდგას და ორი-სამი ტოპ ტალანტი, რომელთაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. როსის 6-წლიანი მუშაობის ფონზე, ნაკრები საკმაოდ კარგადაა სტრუქტურირებული და ბოლო წლებში სულ უფრო საინტერესო გუნდად გვევლინება. როგორ შეიძლება, პუშკაშისა და კოჩიშის ქვეყანაში ფეხბურთის აღორძინება არ გიხაროდეს?!
ვერდიქტი: ადგილობრივ პრესაში თანხმდებიან, რომ „ევრო 2024“-ის გუნდი საკმარისად ხარისხიანი და ნიჭიერია იმისთვის, რომ პლეი-ოფში გასვლის ამბიცია ჰქონდეს. ვინ იცის, იქნებ, საერთოდ ტურნირის Dark Horse-ებთან და მთავარ აღმოჩენასთან გვქონდეს საქმე?!
საკვალიფიკაციო ეტაპი: უნგრეთი (18); სერბეთი (14); მონტენეგრო (11); ლიეტუვა (6); ბულგარეთი (4)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: შობოშლაი, ვარგა - 4-4
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: შობოშლაი - 4
ტოპ 3 ყველაზე მეტი კეპი: ადამ ნოჯი - 79; ადამ ლონგი - 67; პეტერ გულაჩი - 52
მონაწილეობა ევროზე: მე-5
საუკეთესო შედეგი: მე-3 ადგილი - 1964
შედეგი ევრო 2020-ზე: ჯგუფური ეტაპი - 2 ფრე, 1 წაგება
ფაქტი: უნგრეთის ნაკრებს 4 ივნისს ირლანდიასთან (1:2) წაგებამდე, 14-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა. ასეთი გრძელი სერია გუნდს ბოლოს პუშკაშის ეპოქაში ჰქონდა - 1954-56 წლებში, როცა ზედიზედ 18 თამაში არ წააგეს.
მთავარი მწვრთნელი: მარკო როსი. ფეხბურთელობისას, „სამპდორიასთან“ ერთად, იტალიის თასის მომგები იტალიელ-უნგრელი მარკო როსი უნგრელთა თავკაცად 2018 წლიდან მუშაობს. გუნდი გაიყვანა „ევრო 2020“-ზე და საფრანგეთთან და გერმანიასთან ხმაურიან ფრეებსაც მიაღწია, თუმცა დამარცხდა პორტუგალიასთან და ჯგუფში ჩარჩა. ბოლო წლებში ნაკრები სტაბილურ და საკმაოდ ძლიერ გუნდად აქცია, რაზეც შესარჩევი ეტაპის დაუმარცხებლად ჩატარებაც მეტყველებს.
3 საკვანძო ფეხბურთელი: დომინიკ შობოშლაი (ლივერპული); ვილი ორბანი (ლაიპციგი); ბარნაბას ვარგა (ფერენცვაროში)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: კევინ ჩობოტი და კრისტოფერ ჰორვატი. უნგრელთა მთავარი ფორვარდი ბარნაბას ვარგაა, რომელსაც ამ სეზონში საკლუბო დონეზე 29 გოლი და 7 ასისტი ჰქონდა, ნაკრებშიც საკვალიფიკაციოს ბომბარდირი იყო. მწვრთნელისთვის ფუფუნებაა, რომ ასეთი ფორვარდის გარდა, გუნდში ჰყავს ორი სუპერ ტალანტი - 24 წლის ჩობოტი და 22 წლის ჰორვატი, აღარაფერს ვამბობ შობოშლაიზე, ის ყველამ ისედაც იცის. შობოტი „ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილია და, მართალია, მის გუნდს ცუდი სეზონი ჰქონდა, მაგრამ თავად საკმაოდ კარგი სტატისტიკით გამოირჩა - 7 გოლი და 3 ასისტი. ძალიან სწრაფი, ტექნიკური, დრიბლინგისა და ფინიშინგის კარგი უნარით: უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელია და ფლანგიდან მეტოქეებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. აქვე მის რამდენიმე მომენტს შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება ჰორვატს, უნგრული ფეხბურთის ტალანტად ითვლება. იტალიურ სპალ-ისა და „ტორინოს“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, ახლაც ტურინელთა საკუთრებაა და ბოლო 3 სეზონია უნგრეთის ჩემპიონატში ანათხოვრებენ. „კეჩკემეტის“ შემადგენლობაში, 2023-24 წლებში, 11 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა. მოედნის შესანიშნავი გრძნობა და ტექნიკური არსენალი, მაგარი დრიბლინგი და კიდევ უფრო მაგარი დარტყმა. ცივსისხლიანად ასრულებს პენალტებს და ძლიერია ერთი-ერთზე თამაშისას. როცა მის გასული სეზონის მომენტებს გადავხედე, რამდენიმე გოლი განსაკუთრებულად მომეწონა, რადგან კონკრეტული საფეხბურთო თვისებები ნათლად იკვეთებოდა. გაგიზიარებთ და გადახედეთ.
მეკარეები: დენეს დიბუში (ფერენცვაროში); პეტერ გულაჩი (ლაიპციგი); პეტერ შაპანოსი (პაკში);
მცველები: ბოტონდ ბალოგი (პარმა); ენდრე ბოტკა (ფერენცვაროში); მარტონ დარდაი (ჰერტა); ატილა ფიოლა (ფეჰერვარი); ადამ ლონგი (ომონია); ვილი ორბანი (ლაიპციგი); ატილა შალაი (ფრაიბურგი);
ნახევარმცველები: ბენდეგუზ ბოლა (სერვეტი); მიჰალი კატა (მტკ ბუდაპეშტი); მილოშ კერკეზი (ბორნმუთი); ლასლო კლაინჰაისლერი (ჰაიდუკი); ადამ ნოჯი (სპეცია); შოლტ ნოჯი (პუშკაშ აკადემია); ლოიკ ნეგო (ლე ავრი); ანდრას შიოფერი (უნიონ ბერლინი); კალუმ სტაილსი (სანდერლენდი); დომინიკ შობოშლაი (ლივერპული);
თავდამსხმელები: მარტინ ადამი (ულსან ჰიუნდაი); კევინ ჩობოტი (უიპეშტი); ბარნაბას ვარგა (ფერენცვაროში); დანიელ გაზდაგი (ფილადელფია უნიონი); კრისტოფერ ჰორვატი (კეჩკემეტი); როლანდ შალაი (ფრაიბურგი).
შოტლანდია
შეიძლება ითქვას, რომ შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპია, რაც სათამაშო სტილის ცვლილება-მოდიფიცირებას უკავშირდება. თუ ათწლეულების განმავლობაში ყველა ჩვენგანისთვის ეს გუნდი ცნობილი ტიპური ბრიტანული ძალისმიერი თამაშით იყო, ბოლო წლებში ბურთის გათამაშებასა და ტექნიკურ უნარებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მოკლედ, ეს აღარაა ნაკრები, რომლის კოზირიც მხოლოდ სწრაფი ფლანგები, იქიდან ჩაწოდებები და სტანდარტული მდგომარეობებია. ცხადია, ეს კომპონენტები ახლაც მათი უპირატესობათაგანია, მაგრამ ამ ყველაფერს დაემატა ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ცოტა აბსტრაქტულადაც ვიტყვი: ეს შოტლანდიის ნაკრები სულ ოდნავ მაინც უფრო ჯონ მაკგინია, ვიდრე ბარი ფერგიუსონი.
სტილის განვითარების ფონზე, „სქოთებმა“ საკვალიფიკაციო მაგრად ჩაატარეს და, ესპანეთთან ერთად, ევროს საგზური ულაპარაკოდ დაიმსახურეს და არც კითხვის ნიშნები დაუტოვებიათ. ოღონდ, ისიც ვახსენოთ, რომ 3 ივნისს გიბრალტართან მოგებამდე, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ.
ცალსახაა, რომ სტივ კლარკის 5-წლიანი მუშაობის შედეგი პროგრესთან ასოცირდება, ახლა მთავარია, გუნდი ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში შეახვედროს. თუკი ამას შეძლებს, შოტლანდიელები იმედოვნებენ, რომ უკვე 70-წლიანი უარყოფითი სერია დაირღვევა და, ბოლოს და ბოლოს, ჯგუფურ ეტაპს დასძლევენ. წარმოიდგინეთ, გუნდს 8-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და მეოთხედ არის ევროზე - 11 შესაძლებლობიდან ყველა ჯერზე ჯგუფში ჩარჩნენ.
ვერდიქტი: ამ გუნდის გარშემო მთავარ ინტრიგად და კითხვის ნიშნად, ცხადია, სწორედ ამ ისტორიული უარყოფითი სვლის დასრულება და ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხია. ჯგუფში, გერმანიის გარდა, დარჩენილი 3-დან ნებისმიერს შეუძლია ერთმანეთთან მოგება. რატომაც არ უნდა იფიქრონ შოტლანდიელებმა, რომ ეს მათთვის გამორჩეული ტურნირი იქნება და პლეი-ოფში მოხვდებიან?
საკვალიფიკაციო ეტაპი: ესპანეთი (21); შოტლანდია (17); ნორვეგია (11); საქართველო (8); კვიპროსი (0)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: მაკტომინეი - 7
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: დიკსი - 3
ტოპ 3 ყველაზე მეტი კეპი: ენდრიუ რობერტსონი - 69; ჯონ მაკგინი - 57; კალუმ მაკგრეგორი - 53
მონაწილეობა ევროზე: მე-4
საუკეთესო შედეგი: ჯგუფური ეტაპი - 1992; 1996; 2020
შედეგი ევრო 2020-ზე: ჯგუფური ეტაპი - 1 ფრე, 2 წაგება
ფაქტი: შოტლანდიის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ფორუმის ფინალურ ეტაპზე პირველად 1954 წელს ითამაშა. იქიდან მოყოლებული 11 ტურნირზე (8-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე, 3-ჯერ ევროზე) მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯგუფიდან არასდროს გასულა.
მთავარი მწვრთნელი: სტივ კლარკი. საფეხბურთო კარიერას „ჩელსიში“ გატარებული 11-წლიანი პერიოდი უმდიდრებს. კარიერის დასრულების შემდეგ კი „ლურჯების“ სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა და ჟოზე მოურინიოს ასისტენტიც იყო. შოტლანდიაში მისმა ავტორიტეტმა ბოლო წლებში კიდევ უფრო მოიმატა, რადგან ნაკრები პროგრესს განიცდის და ამას ყველა ადამიანი ნათლად აცნობიერებს. კლარკი ამ პოსტზე 2019 წლიდან მუშაობს, მან დააბრუნა 24-წლიანი პაუზის შემდეგ „სქოთები“ ევროს ფინალურ ეტაპზე, წელს კი ზედიზედ მეორედ გაიყვანა. შთამბეჭდავი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ბრიტანელებს იმედი აქვთ, ფინალური ეტაპიც წარმატებული ექნებათ: ზემოთ ნახსენები ფაქტიდან გამომდინარე, პლეი-ოფში გასვლა საზეიმო ამბავი იქნება.
3 საკვანძო ფეხბურთელი: ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული); ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა); სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერ იუნაიტედი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ლორენს შენკლენდი. ედინბურგის „ჰართსის“ 28 წლის თავდამსხმელი ნაკრების პირველი ფორვარდი არასდროს ყოფილა და აქამდე მხოლოდ 10 კეპი აქვს. უბრალოდ, შოტლანდიის ჩემპიონატში მისი ბოლო ორი სეზონის სტატისტიკა ისეთია, შეუძლებელია, ყურადღება არ მიიქციოს: 48 გოლი და 8 ასისტი. რას იტყვით, ბევრია არა?! კლარკმაც მას ბოლო შეკრებებზე დაუძახა, მაგრამ ჯერჯერობით ლიმიტირებული დრო ეძლევა. თუმცა, გიბრალტართან ამხანაგურში სრულად ათამაშეს და საგოლე პასი მიითვალა. ვნახოთ, რა დროს მისცემს ასეთი სტატისტიკის ფონზე კლარკი შენკლენდს უკვე დიდ ტურნირზე.
მეკარეები: ზანდერ კლარკი (ჰართსი); ანგუს განი (ნორვიჩი); ლიამ კელი (მოზერუელი);
მცველები: ლიამ კუპერი (ლიდსი); გრანტ ჰენლი (ნორვიჩი); ჯეკ ჰენდრი (ალ-იტიფაქი); როს მაკრორი (ბრისტოლი); სკოტ მაკკენა (კოპენჰაგენი); რაიან პორტეუსი (უოტფორდი); ენტონი რალსტონი (სელტიკი); ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული); ჯონ სოუტარი (რეინჯერსი); გრეგ ტეილორი (სელტიკი); კირან ტირნი (სოსიედადი);
ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი); რაიან კრისტი (ბორნმუთი); ბილი გილმორი (ბრაიტონი); რაიან ჯეკი (რეინჯერსი); კენი მაკლინი (ნორვიჩი); ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა); კალუმ მაკგრეგორი (სელტიკი); სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერ იუნაიტედი);
თავდამსხმელები: ჩე ადამსი (საუთჰემპტონი); ჯეიმს ფორესტი (სელტიკი); ლორენს შენკლენდი (ჰართსი); ტომი კონუეი (ბრისტოლი); ლუის მორგანი (ნიუ იორკ რედ ბულზი).