დინამო თბილისი კარასკოს დაემშვიდობა - მისი შემცვლელი მალე გაირკვევა
ანდრეს კარასკომ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმების საფუძველზე დატოვა. ინფორმაცია საქართველოს 19-გზის ჩემპიონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, სადაც წერია, ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს არაერთ კანდიდატთან და ესპანელი სპეციალისტის შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
კარასკო საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს შარშანდელი Crystalbet ეროვნული ლიგის მსვლელობისას ჩაუდგა სათავეში, როდესაც მან გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალა. საკადრო ცვლილების განხორციელების დროს, „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გაკეთდებოდა და კარასკოზე არჩევანიც სწორედ ამიტომ შეჩერდა, რომელიც კლუბის აკადემიას წლების განმავლობაში კურირებდა.
კარასკოს ხელმძღვანელობით „დინამო თბილისი“ შარშან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა და უეფას კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა წლევანდელ სეზონში კლუბი აშკარად არადამაჯერებლად გამოდიოდა და პირველი წრე 22 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა. სულ მალე, დაახლოებით ერთ თვეში „დინამო თბილისი“ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას და ვინ მოამზადებს კლუბს მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.