შთამბეჭდავი პროგრესი - 17 წლის ქართველით ვილიარეალში კმაყოფილნი არიან
CrystalSport-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ვილიარეალის’’ აკადემიის 17 წლის ქართველი მეკარე დავით ღვარძელაშვილი, რომელმაც გასული სეზონი სათამაშო პრაქტიკის მიზნით „ინტერ სან ხოსეში’’ გაატარა, შემდეგ სეზონში „ვილიარეალის’’ 18-წლამდე გუნდში, Jovenil B-ში ითამაშებს.
1,90 სანტიმეტრის სიმაღლის მეკარემ „ვილიარეალთან’’ 3-წლიანი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში გააფორმა. გასულ სეზონში „ვილიარეალის’’ ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, ოფიციალურ მატჩებს „ინტერ სან ხოსეში’’ ატარებდა. „ვილიარეალში’’ მისი პროგრესით, ფიზიკური და მენტალური განვითარებით კმაყოფილნი არიან, შთამბეჭდავი პროგრესი აქვს და შემდეგ სეზონში „ვილიარეალის’’ აკადემიაში სრულად დაბრუნდება, 18-წლამდე ასაკობრივ გუნდში, Jovenil B-ში ითამაშებს.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ღვარძელაშვილის მიმართ ინტერესი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს ჰქონდათ, თუმცა ესპანეთში არსებული რთული ბიუროკრატიული მოთხოვნების გამო ამ ეტაპზე ასაკობრივ ნაკრებში თამაშს ვერ ახერხებს. მოგეხსენებათ, არაევროკავშირელის სტატუსი 18-წლამდე ქართველი სპორტსმენებისთვის ევროპაში დამკვიდრების გზაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.
დავით ღვარძელაშვილი „ნოტინგემ ფორესტის'' ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში
ღვარძელაშვილი 2007 წელსაა დაბადებული, 14-წლამდე თბილისის „დინამოს'' აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ გარკვეული პერიოდი გერმანიაში გაატარა, გასული წლიდან „ვილიარეალის'' აკადემიის მეკარეა.
ღვარძელაშვილი „ვილიარეალში“ სამენეჯერო კომპანიის, KHALENA SPORT-ის დახმარებით გადავიდა. აღნიშნულ სააგენტოს ლევან სარალიძე, ილია სარალიძე და ანტონიო ლოპესი წარმოადგენენ. ღვარძელაშვილის გარდა გიორგი ქოჩორაშვილთან და გიორგი ჯინჯოლავასთან თანამშრომლობენ. ასევე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ ტრანსფერში მონაწილეობდნენ.