მეხუთე კლუბი ლიგა 1-დან | ფრანგული მედიის ახალი ცნობა მიქაუტაძეზე
ფრანგული L'Equipe-ს ცნობით, გიორგი მიქაუტაძეს „ლანსის’’ სახით ახალი მსურველი ჰყავს. „მეცმა’’ მიქაუტაძე „აიაქსიდან’’ 13 მილიონ ევროდ დაიბრუბა და ახლა მისი გაყიდვა 20 მილიონ ევროდ სურს. ამ ეტაპზე უცნობია, „მეცს'' რამდენად აქვს ტრანსფერის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსი, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადოს, თუმცა როგორც ავტორიტეტული გამოცემა წერს ინტერესი რეალურია.
გასულ სეზონში „ლანსი'' 51 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს. ამ ეტაპზე ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, Foot Mercato-ს ცნობით, შესაძლოა მთავარ მწვთნელად ვილ სტილი დაინიშნოს, რომელიც „ლიერსს'' (2017), „ბეერსხოტსა'' (2021) და „რეიმსს'' (2022-24) წვრთნიდა.
„ლანსი'' რიგით მეხუთე ფრანგული კლუბია, რომელიც მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ავლენს. ქართველ ფორვარდთან დაკავშირებით უკვე დასახელდა „რენის'', „ლიონის'', „მონაკოსა'' და „მარსელის'' ვარიანტები.
ქართველი ფორვარდის ხელფასი თვეში 250 000 ევროზე მეტს შეადგენს. ცხადია, „მეცში'' ყველაზე მაღალანაზღაურებადია. „აიაქსშიც'' ასეთი ანაზღაურება ჰქონდა.
2023-24 წლების სეზონი მიქაუტაძემ „მეცში’’ დაიწყო, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „აიაქსმა’’ 13 მილიონად შეიძინა (პლუს ბონუსები), თუმცა წარუმატებელი ნიდერლანდური პერიოდის შემდეგ ზამთარში „მეცში’’ იჯარით დაბრუნდა და სეზონის მეორე ნახევარში საოცრად შედეგიანი იყო, ლიგა 1-ის 17 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.
საბოლოოდ, „მეცი’’ ლიგა 1-დან გავარდა, ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტში ჩადებული პუნქტით ისარგებლა და 13 მილიონად დაიბრუნა, თუმცა ცხადია მიქაუტაძის ლიგა 2-ში თამაში ასეთი სეზონის შემდეგ წარმოუდგენელია, მას ბევრი მსურველი ჰყავს, საფრანგეთსა თუ საფრანგეთის მიღმა.