მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში
ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. ტოპ 10-ში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და „პარტენოპეის“ ერთ-ერთი ლიდერი საუკეთესო სამეულშია. „კვარა“ მესამე პოზიციას იკავებს და მხოლოდ რაფაელ ლეაუსა და ვინისიუს ჟუნიორს ჩამორჩება.
„კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი შეიტანა, როგორც ნაპოლის მიერ მოგებულ სკუდეტოში, რომელიც დიეგო მარადონას დღეების შემდეგ პირველი იყო, ისე საქართველოს ნაკრების ისტორიულ კვალიფიკაციაში. კვარამ ბევრად მეტს მიაღწია, ვიდრე იმ მოლოდინების გამართლებაა, რომლებიც 5 წლის წინ, მის დიდ სცენაზე გამოჩენას მოჰყვა. ძლიერ და სწრაფ კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია, საქართველოს ნაკრების ერთი ან რამდენიმე სენსაციის სულისჩამდგმელი იყოს“, - წერს Four Four Two.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბი ვინისიუს ჟუნიორია, ლეაუ კი მეორე პოზიციას იკავებს. ხვიჩას ჟერემი დოკუ (მეოთხე ადგილი), გაბრიელ მარტინელი (მეხუთე ადგილი), კინგსლი კომანი (მეექვსე ადგილი), მიკელ ოიარსაბალი (მეშვიდე ადგილი), ნიკო უილიამსი (მერვე ადგილი), ლუის დიასი (მეცხრე ადგილი) და ენტონი გორდონი (მეათე ადგილი) მოჰყვებიან.
გეტყვით იმასაც, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 2023/24 წლების სერია A-ში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. Whoscored-მა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 10-ჯერ დაასახელა, რაც ტოპ 5 ჩემპიონატში არავის გაუკეთებია.