„კვარას შეუძლია კონტეს ახალი აზარი იყოს“ - ხვიჩას როლი 3-5-2-ში
„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნის შემდეგ, „პარტენოპეის“ ქომაგებს ახალი იმედები ჩაესახათ და მომდევნო სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელიან. ამჟამად მთავარი კითხვები სატრანსფერო ბაზარზეა, სადაც კლუბს აქტიურობა მოუწევს, რომ კონტესთვის სასურველ შემადგენლობას მოუყაროს თავი.
ნეაპოლური გამოცემა ilmionapoli ანტონიო კონტეს ტაქტიკის შესახებ საუბრობს და მის ახალ გუნდში კვარაცხელიას როლსაც ეხება.
„კონტე განსაკუთრებით ცნობილია თავისი 3-5-2 ტაქტიკით, რომელსაც შესაბამისი ფეხბურთელები სჭირდება, თუმცა ანტონიოს მოუწევს ამჯერად გუნდს მოერგოს, რადგან ეს არ არის „ჩელსი“, სადაც ვისი შეძენაც სურდა ყველა მასთან მიჰყავდათ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, თუმცა კონტეს მაინც მოუწევს ამჟამინდელი რესურსის მაქსიმალურად გამოყენება.
საინტერესო იქნება ამ სქემაში კვარაცხელიას როლის გაგება. თუ, მისი საუკეთესო ვარიანტის ხილვა გსურთ, ის მარცხენა ფლანგზე უნდა გამოიყენოთ - მისი ტექნიკა, ფეთქებადი დრიბლინგი, ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ხვიჩას შეუძლია კონტეს ახალი აზარი იყოს. აზარზე საუბარი საჭიროა, რათა კვარას ახალი როლი გავიგოთ.
კონტემ იმ დროს ჩელსის ორი ტაქტიკური ვარიანტი მისცა - 4-5-1 და 3-4-3. ანტონიოს შეუძლია ნაპოლის იმჟამინდელი ჩელსის სტილის ფეხბურთი ათამაშოს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
2016-17 წლების სეზონში კონტემ პრემიერ ლიგაში „ჩელსისთან“ ერთად შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა. იტალიელის გუნდი მატჩების უმრავლესობაში სწორედ 3-4-3 სქემით გამოდიოდა. სამი ცენტრალური მცველი, ორი ვინგბექი, ორი ცენტრალური ნახევარმცველი და სამი ფორვარდი. კონტეს გუნდი აზარი-კოშტა-პედროს სამეულით უტევდა.
ედენ აზარს სქემაში სრული თავისუფლება ჰქონდა მიცემული, თუმცა ბელგიელი მაინც თავისთვის საყვარელ ზონებში მოქმედებდა - მარცხენა ფლანგიდან ცენტრში და საჯარიმოსკენ. Ilmionapoli სწორედ ამაზე წერს და მიანიშნებს, რომ კვარასაც მსგავსი როლი ექნება.