გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„დასაკარგი არაფერი აქვთ“ | გერმანული გამოცემის სტატია საქართველოს ნაკრებზე

გერმანული გამოცემა, Sportschau საკუთარ მკითხველს ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ნაკრებებზე საინტერესო სტატიებს სთავაზობს და ამჯერად, საქართველოს ეროვნულ გუნდზე დაწერა. Sportschau-მ „ჯვაროსნების“ სუპერვარსკვლავსა და მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და დაასახელა ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ევროზე თვალი უნდა ვადევნოთ.

„საქართველო, თავის სამ ეროვნულ გმირთან ერთად, უკვე მეცხრე ცაზე იმყოფება. ჯვაროსნებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვეს და გიორგი მამარდაშვილს, ბუდუ ზივზივაძესა და ვილი სანიოლს უკვე გმირის სტატუსი აქვთ. საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ნაკრებიდან, რომელიც ევროპირველობაზე ერთა ლიგის პლეიოფებით გავიდა. ქართველები გერმანიაში სადებიუტო ტურნირზე ითამაშებენ და მათ წარმატებაში დიდი წვლილი სანიოლმა, ზივზივაძემ და მამარდაშვილმა შეიტანეს. ბუდუმ პლეიოფის ნახევარფინალის ბედი გადაწყვიტა, მამარდაშვილმა კი ორივე თამაშში კარი მშრალად შეინახა.

ამჟამინდელი სიტუაცია

საქართველო ფიფა-ს რეიტინგში 75-ე ადგილს იკავებს და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ 8 ქულა აიღო, მაგრამ მთავარ ტურნირზე მაინც მოხვდა. ჯვაროსნებს აუტსაიდერებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მათთვის უკვე უდიდესი მიღწევაა.

მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ნაკრების ისტორიული წარმატების არქიტექტორი გერმანული საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. ვილი სანიოლი ჯვაროსნებს 2021 წლის თებერვლიდან წვრთნის. მისი გუნდი საშუალოდ მატჩში 1.61 ქულას იღებს და სანიოლი პირველი სპეციალისტი იქნება, ვინც საქართველოს ევროზე უხელმძღვანელებს. მსოფლიო დონის ყოფილი მარჯვენა მცველი 3.5 წლის განმავლობაში უმუშევარი იყო და როგორც ჩანს, გრძელმა პაუზამ მის კარიერაზე ძალიან კარგი გავლენა მოახდინა.

სუპერვარსკვლავი

საქართველოს ნაკრების ორი გამორჩეული ფეხბურთელიდან ერთი თამაშობს პოზიციაზე, რომელზეც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. ჯვაროსნების კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ვისაც შარშან ბაიერნს უკავშირებდნენ. მამარდაშვილმა კარი მშრალად პლეიოფის ორივე შეხვედრაში შეინახა და პენალტების სერიაში გუნდს გმირად მოევლინა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. კვარა ნაპოლის ღირსებას იცავს და 2023/24 წლების სეზონში 11 გოლი გაიტანა. 2022/23 წლების სეზონში, მან მონაწილეობა 25 საგოლე მოქმედებაში მიიღო და ნეაპოლში მეტსახელად კვარადონა შეარქვეს.

ფეხბურთელი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ

ერთი მატჩი და გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე ბუდუ ზივზივაძე სპორტული ოლიმპოს მწვერვალზე აღმოჩნდა. მან ლუქსემბურგთან დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს პირველი ოპონენტი დაამარცხებინა. ევროზე, ჯვაროსნების მეტოქეების მთელი ყურადღება კვარაცხელიასკენ იქნება მიმართული, რის შედეგადაც კარლსრუეს თავდამსხმელს შეეძლება, თავისუფალი ზონებით ისარგებლოს. გასულ სეზონში, მან 12 გოლი გაიტანა და ქომაგთა ფავორიტი გახდა.

სათამაშო სტილი

ნაკლებად სავარაუდოა, აუტსაიდერმა საქართველომ შეტევაზე გააკეთოს აქცენტი. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი დაცვისა და კვარაცხელიას ინდივიდუალიზმის იმედად იქნება. ვილი სანიოლი სავარაუდოდ, 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს", - წერს გერმანული გამოცემა.

ცნობისთვის, 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება
„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება