„საქართველოს ნაკრები მხოლოდ კვარაცხელია არაა“ | Opta F ჯგუფზე
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ F ჯგუფის პრევიუ შემოგვთავაზა. Opta-მ ჩვენს ჯგუფთან დაკავშირებით, საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზიც გაგვიზიარა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
„F ჯგუფის მთავარი ფავორიტი პორტუგალიაა, რომელსაც მერვედფინალში გასვლის ყველაზე მაღალი შანსი აქვს - 93.6 პროცენტი. თურქეთისა და ჩეხეთის შანსები 74.2 და 60.7 პროცენტია, ხოლო საქართველომ ჯგუფური ეტაპი 10 000 სიმულაციიდან 37.2 პროცენტში დაძლია.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჯვაროსნები პირველ დიდ ტურნირზე იასპარეზებენ. საქართველომ საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ერთადერთია, რომელსაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დებიუტანტის სტატუსი ექნება. საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი ბურთების უარყოფითი შეფარდებით დაასრულა და მე-4 ადგილი დაიკავა, მაგრამ ევროს საგზური ერთა ლიგის პლეიოფებით მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გოლი და 1 ასისტი გაიფორმა და საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ნაპოლის გარემარბმა, ჟერემი დოკუსთან ერთად, ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგიც განახორციელა. დებიუტანტი საქართველო მხოლოდ კვარაცხელია არაა და მართალია, აუტსაიდერის სტატუსი აქვს, მაგრამ ჯვაროსნები არ ჩამოწეროთ“, - წერს Opta.
ცნობისთვის, ვილი სანიოლის ბიჭებმა F ჯგუფში პირველი ადგილი სიმულაციების 6.1 პროცენტში დაიკავეს, მეორე ადგილი - 14.7 პროცენტში, მესამე ადგილი - 28.5 პროცენტში, მეოთხე ადგილი - 50.8 პროცენტში. ფოტო: nakrebi.ge