თორნიკე შენგელია, ლუკა ბანკი, ნიკოლა მიროტიჩი, ეტორე მესინა
Aa
Aa

შენგელია საოცარი კალათბურთელია - მიროტიჩი ვირტუსთან მატჩის წინ

დღეს ბოლონიაში იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის ფინალური სერია აიღებს სტარტს და ოქროს მედლებისთვის ბოლო წლების ტრადიციული მეტოქეები, „ვირტუსი“ და „ოლიმპია მილანო“ იბრძოლებენ. ბოლო სამი სეზონია სერია A-ს გადამწყვეტ დუელში სწორედ ეს კლუბები ხვდებიან და თუ 2021 წელს ბოლონიელებმა გაიმარჯვეს, მომდევნო ორ შემთხვევაში უფრო ძლიერები ლომბარდიელები აღმოჩნდნენ.

მატჩს თან უამრავი ინტრიგა ახლავს - პირველ რიგში ის რომ, როგორც „ვირტუსის“, ასევე „ოლიმპია მილანოს“ დამრიგებლები, ლუკა ბანკი და ეტორე მესინა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ამზადებენ კალათბურთელებს. მილანელთა ესპანელ ლეგიონერს ნიკოლა მიროტიჩს კი, როდესაც მომავალი ფინალისა და მეტოქის შესახებ ჰკითხეს, მან ყველაზე მეტი თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

რა თქვა მიროტიჩმა თოკოზე

„ვირტუსის“ შემადგენლობიდან თუ რომელიმე მოთამაშის გამოყოფას მომთხოვთ, უპირველეს ყოვლისა თორნიკე შენგელიას დავასახელებ. „ბარსელონაში“ ასპარეზობისას ხშირად მიწევდა ქართველის წინააღმდეგ თამაში, რომელიც „ბასკონიას“ ნამდვილი ლიდერი იყო. გუნდის კაპიტნად კალათბურთში შემთხვევით არავის ირჩევენ - შენგელიას აქვს საოცარი უნარი, რომ ყველაზე რთულ სიტუციაშიც კი გამოსავალი იპოვოს და თანაგუნდელები ერთი მიზნის გარშემო ერთ მუშტად შეკრას. გარდა ამისა, ის ბუნებით ალტრუისტი ადამიანი და მოთამაშეა, რომელიც უკეთეს პოზიციაზე მყოფ პარტნიორს პასს არასოდეს უგვიანებს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ „ვენეციასთან“ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში ფენომენალურად ითამაშა და დაგროვებული ქულების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში კარიერული რეკორდი დაამყარა - მის ანგარიშზე 32 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. „ვირტუსი“ – „ოლიმპია მილანოს“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება და ფინალური სერია რომელიმე გუნდის სამ მოგებამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია ვერ გააჩერეს - ვირტუსი ფინალშია
შენგელია ვერ გააჩერეს - ვირტუსი ფინალშია