მამარდას ტრანსფერის შანსი მცირდება - ნიუკასლი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს
„ნიუკასლში“ გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, „კაჭკაჭებთან“ დაახლოებული სააგენტო The Northern Echo ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პრემიერ ლიგაში ქართველი მეკარის ტრანსფერის შანსები მცირდება.
გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნამდვილად შედგა, თუმცა, „ვალენსიას“ მიერ მოთხოვნილი მაღალი საფასურის გამო, „ნიუკასლმა“ შესაძლოა მამარდაშვილის ყიდვა გადაიფიქროს.
რა წერია სტატიაში:
ლორის კარიუსის გაშვებისა და დუბრავკას მომავლის კითხვისნიშნის ქვეშ დადგომის შემდეგ, „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელებმა მეკარის დამატება დაისახეს პრიორიტეტულად.
„ნიუკასლის“ ოფიციალურმა პირებმა „ვალენსიასთან“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე მოლაპარაკებები გამართეს, მაგრამ ესპანური კლუბის მხრიდან, ქართველისადმი მაღალი შეფასების გამო, მოლაპარაკებები დროებით შეჩერდა.
ვალენსიაში მტკიცედ აცხადებენ, რომ მამარდაშვილს 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელები კი შიშობენ, რომ თუ ქართველი მეკარე ევროპის ჩემპიონატზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, ფასი კიდევ უფრო გაძვირდება.
„ნიუკასლში“ კარგად ესმით, რომ მამარდაშვილს დაბალ ფასად ვერ იყიდიან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ნიკ პოუპი მომავალ სეზონში კვლავ პირველი მეკარეობისთვის იბრძოლებს, 35 მილიონი ევროს გადახდა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ისეთი მეკარისთვის, რომელიც შესაძლოა მეორე ნომერი იყოს.
აქედან გამომდინარე, „ნიუკასლი“ ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს, რომლებსაც საგრძნობლად დაბალ ფასად იყიდიან, ესენი არიან - ჯეიმს ტრაფორდი და აარონ რამსდეილი.
23 წლის მეკარემ გასულ სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 37 მატჩში მამარდამ 13-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 41 ბურთი გაუშვა.