სერუ გირასი, სებასტიან ჰიონესი, დენიზ უნდავი, მაქსიმილიან მიდლშტადტი, კრის ფიურიხი
Aa Aa

სება ჰიონესის მაგია | რას თამაშობდა გასული სეზონის სუპერ შტუტგარტი?

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე დღეები რჩება და ყველა განსაკუთრებულად ველოდებით, რამდენად შეძლებენ გასული სეზონის გამორჩეული გუნდები, რომელთაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, იმავეს გაკეთებას უკვე სხვა რეალობაში, ევროტურნირებზე თამაშის ფონზე. ერთ-ერთი ასეთი სებასტიან ჰიონესის „შტუტგარტია“, რომელმაც სრულიად საფეხბურთო სამყარო გააოცა და თავი მილიონობით გულშემატკივარს შეაყვარა.

„ლევერკუზენის“ სუპერ სეზონის შემდეგ, რთულია გერმანულ ფეხბურთში, 2023-24 წლების სეზონში, რომელიმე სხვა გუნდმაც აღგაფრთოვანოს, მაგრამ „შტუტგარტის“ შემთხვევა ცალკეა და განსაკუთრებულია.

გერმანიის 5-გზის ჩემპიონებს 2015-16 წლების სეზონიდან მოყოლებული, ანუ რაც მე-2 ბუნდესლიგაში გავარდნენ, იდეალური პერიოდი ნამდვილად არ ჰქონდათ. მართალია, ქვედა ლიგიდან იმავე წელს დაბრუნდნენ და მომდევნო ბუნდესლიგაში მე-7 ადგილიც დაიკავეს, მაგრამ ამას კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონი და დაქვეითება მოჰყვა. ისევ ერთწლიანი მეორებუნდესლიგური პერიოდი და კვლავ დაწინაურება - 2020 წლიდან „შვაბები“ ელიტის წევრები არიან, წელს კი საერთოდ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონებიც გახდნენ და 14-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესოა, როგორ მოახერხა ასეთი შედეგის მიღწევა „შტუტგარტმა“, უკეთ გავიცნოთ მთავარი მოქმედი პირები, ჩავხედოთ ტაქტიკასა და სხვადასხვა სათამაშო ვარიაციებს. სტატიის მიზანს კიდევ უფრო მარტივად რომ მიხვდეთ: ეს არ იქნება სეზონის მიმოხილვა და გამორჩეული მომენტების გახსენება ან გამორჩეული მატჩების განხილვა, არამედ მიიღებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, რომლებიც სიტყვა „როგორ“-ით იწყება. ასე რომ, გავაანალიზოთ, როგორ და რა გზებით მიაღწია სებასტიან ჰიონესმა იმას, რომ შეეკრა ასეთი სათამაშო სტრუქტურა იმ რესურსის გარშემო, რაც ჰქონდა.

სებასტიან ჰიონესი: კაცი, რომელმაც სუპერ გუნდი 4 თვეში შექმნა

როცა ეს სტატია იწერება, ერთი წლით ადრე, „შტუტგარტი“ ბუნდესლიგაში ძლივს დარჩა და პლეი-ოფის თამაში მოუწია. „მერსედეს ბენც არენაზე“ 2022-ის ოქტომბრიდან 2023-ის აპრილამდე 3 მწვრთნელი (პელეგრინო მატარაცო, მიხაელ უიმერი და ბრუნო ლაბადია) გამოცვალეს, რაც სერიოზულ პრობლემებზე აშკარად მიუთითებს. აპრილის პირველ კვირაში „შვაბებმა“ სეზონში რიგით მე-4 მწვრთნელი, 40 წლის სებასტიან ჰიონესი წარადგინეს და უმაღლესში ადგილის შენარჩუნების მისია მას დააკისრეს - „ჰამბურგთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირება 5-ბურთიანი სხვაობით მოიგეს - 3:0 და 3:1.

ჰიონესი გერმანულ ფეხბურთში ხმაურიანი გვარია და კაცი პირველი იმაზე დაფიქრდები, აკავშირებს თუ არა რამე „იმ“ ჰიონესებთან. თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ აკავშირებს და ძალიან ბევრიც: დიტერ ჰიონესის ვაჟი და, შესაბამისად, ული ჰიონესის ძმისშვილია. დაბადებიდან დიდ ფეხბურთთან უწყვეტი კავშირი აქვს, რაც კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებისთვის მშვენიერი საფუძველია...

„წარმატება მის დეენემშია ჩაწერილი და, ამ ფონზე, აღარაა გასაკვირი, რომ „შტუტგარტი“ დასარჩენად მებრძოლი გუნდიდან ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდად აქცია. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელია“, - წერდა მასზე, რამდენიმე თვის წინ, ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი.

სებასტიანს დიდი ფეხბურთის თამაში არ გამოუვიდა. „ჰერტასა“ და „ჰოფენჰაიმის“ მეორე გუნდებში თამაშობდა, ცოტა ხნით „ჰოფეს“ ძირითად გუნდშიც დააწინაურეს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია - ზინსჰაიმელები მაშინ ელიტის წევრები ჯერ არ იყვნენ. შემტევი ნახევარმცველი იყო და კარიერაში გამართულ 174 პროფესიონალურ მატჩში 7 გოლი და 20 ასისტი აქვს. მოკლედ, ბევრი ვერაფერი ხომ?! სამაგიეროდ, საინტერესოდ დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა და ყურადღება პირველივე სერიოზული სამსახურით მიიპყრო. იქამდე, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა კლუბების ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა.

მიუნხენის „ბაიერნი II“-თან ერთად, 2019-20 წლებში, მე-3 ბუნდესლიგაში ჩემპიონი გახდა. საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ „ბაიერნი II“ პირველი და დღემდე ერთადერთი სარეზერვო გუნდია, რომელმაც გერმანიის მე-3 ლიგაში ტიტული მოიგო. ხმების 64%-ით, ჰიონესი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

თემაზე მაშინ მოკლე, თუმცა მრავლისმომცველი კომენტარი გააკეთა „რეკორდმაისტერის“ შეფმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ: „რასაც ჰიონესმა და მისმა გუნდმა მიაღწია, ფანტასტიკაა“.

იმ „ბაიერნში“ რამდენიმე, დღეისთვის უკვე, სახელიანი ფეხბურთელიც იყო: „ლევერკუზენის“ იოსიპ სტანიშიჩი, პსვ-ის უნიჭიერესი ნახევარმცველი მალიკ ტილმანი, „კრისტალ პალასის“ კრის რიჩარდსი, ჯამალ მუსიალა, რომელიც 16-17 წლის იყო და სეზონი 2 გოლით დაასრულა. ასევე მისი შტუტგარტელი შეგირდებიდან 2 მის გუნდში იყო, ერთი კი - მეტოქისაში: ანგელო შტილერი, რომელიც „სებას“ „ჰოფენჰაიმშიც“ ჰყავდა, უოო-იეონ ჩონი და დენიზ უნდავი, რომელიც „მეპენში“ იყო და შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 17 გოლი და 12 ასისტი. ლოგიკურია, ჰიონესს უნდავი მაშინ შეემჩნია და მისდამი სიმპათიებიც გასჩენოდა. ოღონდ, უნდა ითქვას, რომ დენიზი უკვე 24 წლის იყო და ამ ასაკში მე-3 ბუნდესლიგაში თამაში დიდად საამაყო არაა და, ალბათ, ბევრს მისი ასეთი პროგრესის არც სჯეროდა. უნდავისა და მისი თანაგუნდელების შესახებ ოდნავ ქვემოთ დაწვრილებით ვილაპარაკოთ.

დავუბრუნდეთ ჰიონესის პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს. მიუნხენში გატარებული წარმატებული 1-წლიანი პერიოდის შემდეგ, ჰიონესი „ჰოფენჰაიმს“ შეუთანხმდა. მისვლის პირველსავე წელს ევროტურნირის გამოცდილების მიღების საშუალებაც მიეცა და გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფი მოაგებინა, ბუნდესლიგაში კი მე-11 ადგილზე გაიყვანა. მომდევნო წელს ეს შედეგი ორი საფეხურით გააუმჯობესეს, თუმცა სეზონის ბოლოს წასვლა არჩია.

„ჰოფეში“, ჰიონესის ერთ-ერთ ხმაურიან ამბად, „ბაიერნის“, ყველა ტურნირის ეგიდით, 32-მატჩიანი (9 თვე) წაუგებელი სერიის დასრულება უნდა მივიჩნიოთ. 2020 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ფლიკის სუპერ გუნდიმა, ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „შალკეს“ 8:0 მოუგო, მეორე ტურში კი ჰიონესის ბიჭებთან 1:4 განადგურდა.

საინტერესოა, ჰიონესს მაშინ სტილით ყველაზე მეტად სწორედ ფლიკს ადარებდნენ, „სებამ“ კი ჰანსის მოუგო მაშინ, როცა ის და მისი გუნდი ულაპარაკო მწვერვალზე იყვნენ და მსოფლიოში საუკეთესოდ სამართლიანად ითვლებოდნენ.

აი, რას წერდა ბუნდესლიგის ვებგვერდი ჰიონესი-ფლიკის მსგავსებაზე: „4-2-3-1 სქემის მოყვარული ჰიონესი აქცენტს დაცვით სტაბილურობასა და მრავალფეროვან შეტევით ვარიაციებს შორის ბალანსზე აკეთებს. ასევე, ახალგაზრდა ფეხბურთელებში ინვესტირებით ცდილობს, მათი გამოცდილ მოთამაშეებთან შერწყმა, გუნდისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. მისი ერთ-ერთი პლუსია, თამაშის რიტმის გრძნობა და შინაარსის კითხვა, რაც საშუალებას აძლევს, მიმდინარეობა შეცვალოს და ე.წ. „Game-Changing“ გადაწყვეტილებები მის გუნდზე დადებითად აისახოს. კარგად დააკვირდი, შეიძლება, შენ ახლა მომავალ ჰანსი ფლიკს უყურებ სახეში“.

ეს შეფასება მოკლედ რომ შევაჯამოთ, ფლიკსა და ჰიონესს შორის მთავარ მსგავსებად ორი მიმართულების გამორჩევა შეიძლება: 1) თამაშის მიმდინარეობისას მისი შეცვლის უნარი; 2) ახალგაზრდა ფეხბურთელების ნდობა და მათთვის მნიშვნელოვანი როლის მიცემა.

ბუნდესლიგის საიტს ასევე აღნიშნული აქვს, რომ სებასტიანის საყვარელი სისტემა 4-2-3-1-ია, თუმცა ის არაა მწვრთნელთა კატეგორიაში, რომლებიც საყვარელ სქემას პრაქტიკულად არ ან ძალიან იშვიათად ცვლიან. მაგალითად, ამ სეზონის ბუნდესლიგის 34 მატჩიდან 20-ში გუნდი თავისი ფავორიტი მონახაზით ათამაშა. თუმცა, 8-ჯერ აქცენტი 4-4-2-ზე გააკეთა, 4-ჯერ 3-4-3-ზე და ორჯერაც 3-4-2-1-ზე.

ალბათ, მთლად ასეთი ფანტასტიკური სეზონი არ გამოვიდოდა, რომ არა „სებას“ ბავშვობის სენტიმენტები „შტუტგარტის“ მიმართ. მისი მამა, დიტერი „შვაბების“ რიგებში 1975-79 წლებში თამაშობდა, თუმცა მაშინ ჯერ დაბადებულიც არ იყო, სამაგიეროდ, შემდეგ აკადემიაში მიიყვანა და იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი წელი გაატარა.

„ჩემთვის, „შტუტგარტი“ განსაკუთრებული კლუბია. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ამ სტადიონის ტრიბუნებზე ვიჯექი და გუნდს ვგულშემატკივრობდი. 3 წლის განმავლობაში ვატარებდი ამ ლოგოს მკერდით, დაახლოებით 25 წლის წინ კი ამ ლოგოს ქვეშ გერმანიის 17-წლამდელთა ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის, „შტუტგარტი“ რაღაც განსაკუთრებული ემოციაა“, - გვიყვება ჰიონესი.

მეტ-ნაკლებად ყველა კარგი მწვრთნელი ახერხებს, გუნდის დეენემთან ახლოს მივიდეს და გუნდის თითოეულ მატჩში ისე „ანთება“ სცადოს, რომ ფეხბურთელებმა ექსტრა მუხტით და მოტივაციით ითამაშონ, მაგრამ როცა კლუბის დეენემი შენსასთან ასე ახლოსაა, ასეთი ბავშვური სენტიმენტები გაკავშირებს და იქაური ემოციების დუღილი შენს გულთან ასე ორგანულად ახლოს მოდის, ეს კიდევ დამატებითი პლუსია.

დანიელე დე როსი დამწყები მწვრთნელია, სპალ-იში მისი სამწვრთნელი კარიერა სრულიად წარუმატებელი იყო: 2022-ის ოქტომბერში დანიშნეს, 17 მატჩში გაუძღვა გუნდს (3 მოგება, 6 ფრე და 8 წაგება) და თებერვალშივე გაათავისუფლეს. მაგრამ, აბა, შეხედეთ მის „რომას“, რა ვნებით თამაშობს თითოეული ფეხბურთელი და როგორ უნდა გუნდის ლოგოსთვის რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება. დე როსი უცებ დიდი მწვრთნელი არ გამხდარა, უბრალოდ, ესაა ის შემთხვევა, როცა კლუბი ძალიან გიყვარს, მის ყველაფერს კარგად იცნობ, ბევრი თავგადასავალი გაკავშირებს და ეს განაპირობებს იმას, რომ დიდი შანსია, ფეხბურთელების ასე ექსტრა მოტივაციის დამუხტვა შენ უკეთესად გამოგივიდეს, ვიდრე ნებისმიერ სხვას, ვისაც თუნდაც „რომა“ მოსწონს, პატივს სცემს, მაგრამ ასეთი ემოციური კავშირი არ აქვს. მთლად დე როსი-„რომას“ დოზით არა, მაგრამ ფაქტია, ჰიონესსაც აქვს „შტუტგარტთან“ იმ ტიპის ბმა, რაც მას ამის საშუალებას აძლევს - მისგან წამოსული ყველა სიტყვა კლუბის სიყვარულის, მუხტისა და მოტივაციის შესახებ ნამდვილი და ორგანულია, რასაც ფეხბურთელებიც გრძნობენ და ეს მათი გონებისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გასაღებია.

ამრიგად, გარდა უშუალოდ სამწვრთნელო და საფეხბურთო ასპექტებისა, ეს ფაქტორი არის ის, რაც ამ სეზონში „შტუტგარტის“ დამატებითი პლუსი იყო. ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერი აქვს, რომ დიდი მწვრთნელობის გზას შეუდგეს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს, ანუ მოტივირებული და შემართულია. „შტუტგარტი“, რომელიც ძალიან უყვარს, ის ადგილია, საიდანაც ბევრი რამის დამტკიცება შეიძლება, „სებამაც“ ეს გზა აირჩია და რაღაც განსაკუთრებული შექმნა: გუნდის სათამაშო სტილით მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა და რეკორდსმენ ჩემპიონ „ლევერკუზენის“ შემდეგ, ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, გავიდა მეორე ადგილზე, ესე იგი, თვით მიუნხენის „ბაიერნზე“ ზემოთაც!..

ცხადია, საინტერესოა, როგორ და რა ტაქტიკურ-ტექნიკური გზებით მოახერხა ეს ჰიონესმა კლუბში მისვლიდან თვეებში. შემდეგ ქვეთავში განვიხილოთ „შვაბების“ სათამაშო მონახაზი, სქემები, მათი ლავირების სპეციფიკა და ის დეტალები, რაც კონკრეტული გეგმის წარმატებულობას განაპირობებდა.

სანამ დაანონსებულ თემებზე გადავალთ, დავაზუსტოთ, რომ „შტუტგარტს“ ჩემპიონთა ლიგაზე ჰიონესთან ერთად ვიხილავთ: „წასვლას რომ განვიხილავდე, კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. აქ ვრჩები, რადგან მაქვს შეგრძნება, რომ ერთად კიდევ რაღაცის შექმნა შეგვიძლია. გარწმუნებთ, რომ მომავალ სეზონშიც „შტუტგარტის“ მწვრთნელი ვიქნები“.

ტაქტიკა: როგორ თამაშობს ჰიონესის „შტუტგარტი“

ამ თავში მიმოვიხილოთ შტუტგარტელთა ზოგადი ტაქტიკური მონახაზი, სათამაშო გეგმის დეტალები და ოპერაციათა ვარიაციები, ქვედა თავში კი უკვე ამ ყველაფრის შემსრულებელ მთავარ ფეხბურთელებზე და მათ როლებზე ვილაპარაკოთ.

Whoscored-ის მიხედვით, „შტუტგარტი“, 2023-24 წლების სეზონში, ბურთის ფლობაზე დამყარებულ ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: საშუალოდ 60.4%, რაც „ლევერკუზენისა“ (62.1%) და „ბაიერნის“ (61.3%) მაჩვენებლის შემდეგ ლიგაში მე-3 შედეგია. ჰიონესის იდეაა, რომ გუნდმა ბურთის კონტროლთან ერთად, მეტოქის ხაზები მაქსიმალურად ხშირად დაშალოს, რასაც კარგი პასის მქონე ფეხბურთელების მეშვეობით ცდილობს. ამ მხრივ გუნდის ეფექტიანობაზე მიუთითებს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ბუნდესლიგის სრულ სეზონში ჯამურ გადაცემათა საშუალო სიზუსტე 87%-ს აღწევდა. ცხადია, ამ გეგმურ დეტალებს, ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობაც ემატებოდა. ასე რომ, ჯამურად ამ ყველაფრის დამსახურება იყო ის, რომ „შვაბებს“ საგოლე შანსების შექმნა კარგად გამოსდიოდათ.

ბურთის ფლობა 1-4-2-4 სქემით: ე.წ. „Low Build Up

განვიხილოთ ბურთის ფლობის ერთ-ერთი ვარიანტი, როცა შტუტგარტელთა სათამაშო სქემა 1-4-2-4 ხდება და გუნდი ბურთის ამოტანას ე.წ. Low Build Up-ით ხდება. ფორვარდები ცდილობენ, მაქსიმალურად ზემოთ აიწიონ, რისი მიზანიც მეტოქის ნახევარდაცვასა და თავიანთი გუნდის დაცვას შორის სივრცის გამოთავისუფლებაა, ასევე, მეტოქის პროვოცირება, პრესინგი ითამაშოს. დავაკვირდეთ ფოტოებს და ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

ასეთი განლაგების პირობებში, მოწინააღმდეგის მცველებს, მათ ორი იძულებითი ვარიანტი ექმნებათ, რა დროსაც „შტუტგარტი“ ყველა ვარიანტში უპირატესობას იღებს: 1) თუკი ისინი ფორვარდებთან აიწევენ და მათ აიყვანენ, განაპირა მცველები გარემარბებთან ერთი-ერთზე რჩებიან და სწრაფი ამოსვლით ან გრძელი გადაცემით, შეტევის მწვავედ განვითარების საშუალება იქმნება; 2) თუკი ფორვარდებთან არ აიწევენ და პოზიციაზე დარჩებიან, მაშინ „შვაბებს“ რიცხობრივი უპირატესობა მოედნის ცენტრში შეექმნებათ, რაც საშუალებაა იმისთვის, რომ ბურთის, განსაკუთრებული წნეხის გარეშე, თავისუფლად ამოტანაზე იზრუნონ და დალაგებული პოზიციური შეტევის განვითარება სცადონ.

ბურთის ფლობა 1-3-2-5 სქემით: ე.წ. „High Build Up

ჰიონესი ბურთიანად პოზიციური თამაშის ერთ-ერთ ვარიანტად 1-3-2-5 სისტემას იყენებდა: ესე იგი, მეკარე, როგორც აქტიური მოთამაშე, 3 მცველი, 2 საყრდენი ნახევარმცველი და 5 შემტევი. ამ 5 შემტევიდან 2 ე.წ. „უინგ ბექია“. უკეთესი წარმოდგენა ფოტოთი შევიქმნათ, რაზეც ვსაუბრობთ და ქვემოთ დეტალებით ჩავშალოთ.

მოედნის ცენტრში 2 საყრდენისა და 2 შემტევი ნახევარმცველის ყოლის პირობებში, მეტი სათამაშო ვარიანტის შექმნასთან ერთად, შეცდომის შემთხვევაში, მეტოქისთვის ნაკლები სივრცეც რჩება. ჰიონესს მოსწონს, როცა ეპიცენტრი შუა ხაზი ხდება და ამისთვის 3-დან ერთ-ერთ ცენტრალურ მცველს ავალებს, ოდნავ მაღლა და ფლანგისკენ გადაიწიოს, რაც ისევ და ისევ შუაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნას ემსახურება. ამასთანავე, კარგი განლაგებაა იმისთვის, რომ ბურთის დაკარგვისას, გადასვლები სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს, რადგან მომენტალურ პრესინგში ბევრი ფეხბურთელი ერთვება, პოზიციური განლაგებაც საკმაოდ მჭიდრო და მოსახერხებელია. როგორც უკვე მივხვდით, ამ ოპერაციაში ბევრი ფეხბურთელის ჩართვა, სივრცის მაქსიმალურად შევსებას ემსახურება.

ასევე, რაც ასე განლაგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, შემცირდეს პასების სიგრძე, რაც ავტომატურად ნიშნავს, პასების დროის შემცირებას და, შესაბამისად, მეტოქის დაცვითი ბლოკისთვის ნაკლები სამოქმედო დროის მიცემას. ასე რომ, თუკი ეს მონახაზი გამართულად მუშაობს, გუნდს სივრცისა და დროის ეფექტიანად გაკონტროლების საშუალება აქვს.

განვიხილოთ ამ მონახაზის კიდევ ერთი დამატებითი დეტალი: როცა გუნდი, ბურთთან ერთად, მოედნის სასურველ სივრცეს მყარად აკონტროლებს და წინსვლასაც ახერხებს, ავტომატურად, სამივე ცენტრალური მცველი მეტოქის ნახევარზე გადადის და, შეტევაზე მომართული თანაგუნდელებისთვის, დამზღვევ ბლოკსა და, ამავდროულად, დამხმარე 3-კაციან ბურთის გამანაწილებელ სტრუქტურას ქმნის.

ასეთ ვითარებაში, სისტემა ზუსტად იმნაირადვე მუშაობს, რაზეც ზედა აბზაცში ვილაპარაკეთ, უბრალოდ, გუნდს კიდევ უფრო დიდი რიცხობრივი უპირატესობა ეძლევა და ოპერაციების განსახორციელებლად მეტი რესურსი აქვს. მეორე მხრივ, ცხადია, იმატებს რისკის ფაქტორი და ამის პრევენციისთვის „შვაბთა“ მთავარი იარაღი, ისევ და ისევ, შემჭიდროებული განლაგებაა.

სქემატური ლავირება ბურთის ფლობისას

ჰიონესის კიდევ ერთი ეფექტური იარაღი, რომელსაც ეფექტიანობაც ხშირად ახლდა, ბურთის ფლობისას ფორმაციის ცვლილებაა, რასაც ფეხბურთელთა პროცესში სწრაფი გადაადგილება განაპირობებს. ეს ხერხიც სხვადასხვა მონაკვეთებში რიცხობრივი უპირატესობის შექმნას ემსახურება.

მაგალითად, როცა მეტოქე 3 შემტევით აპრესინგებს, ჰიონესი ერთ-ერთ საყრდენს ავალებს, უკან დაიწიოს, ამით ერთკაციანი უპირატესობა იქმნება და ბურთის ამოსატანად მეტი ვარიანტი ჩნდება, მინიმუმ ერთი კაცი თავისუფალია და დანარჩენი უკვე ტექნიკური შესრულების საქმეა.

ასევე, რამდენიმე მატჩისას იყო მომენტები, როცა ჰიონესმა 1-3-2-5 სქემა, 1-2-3-5-ად გადააქცია, რასაც ერთ-ერთი ცენტრალური მცველის შუა ხაზში აწევით აკეთებდა. ეს ხდება მაშინ, როცა მეტოქე ღრმადაა „ჩამჯდარი“ და თავისი მესამედის გარეთ პრაქტიკულად უმოქმედოა. ეს სისტემა უფრო მეტად ვერტიკალურია და, შუიდან შეტევით, მეტოქის დაცვის დაშლაზეა მომართული.

აი, როცა, მეტოქე თავს ასევე დიდი ძალებით იცავს, მაგრამ არა „ჩამჯდარი“, არამედ, გაცილებით ამოწეული და ხაზებს შორის გადანაწილებული, ჰიონესს აქცენტის ფლანგებზე გაკეთება და დაცვის „გაწელვის“ იდეაც მოსწონს.

ამას აკეთებდა ერთ-ერთი ცენტრალური მცველის ფლანგზე გადაწევისა და ერთ-ერთი შემტევის უკან დახევის საშუალებით. ასეთ დროს, სქემა 1-4-2-4 ხდებოდა და გუნდს საშუალება ეძლეოდა მეტი ჰორიზონტი ჰქონოდა. ანუ, ეს სისტემა შედარებით ჰორიზონტალურია და გუნდს ფლანგებზე აქცენტირების საშუალებას აძლევს.

პლუს 1 თავისუფალი კაცი ხაზებს შორის

გუნდის სათამაშო სისტემა კიდევ ერთი უპირატესობის გაჩენაზე იყო მომართული: მეტოქის პრესინგისა და დაცვის რგოლებს შორის სივრცეში ერთი თავისუფალი კაცი დაეტოვებინა. რიცხობრივი უპირატესობისა და მოედნის შუაში მჭიდრო განლაგების ფონზე, ეს ხშირად გამოდიოდა, ამ თავისუფალ კაცს კი შეეძლო, ხაზებს შორის სივრცეებით ესარგებლა და თამაში ინდივიდუალური ოსტატობის ან პასის ხარჯზე გაემწვავებინა.

ხშირ შემთხვევაში, ეს პოტენციური თავისუფალი კაცი შემტევი ნახევარმცველი ან უკან დახეული შემტევი იყო, მაგრამ ჰიონესი ამ საქმისთვის განაპირა მცველებსა და საყრდენ ნახევარმცველებსაც აქტიურად იყენებდა.

შერბენები და ჩარბენები მეტოქის მესამედში: როგორ ქმნიან და იყენებენ სივრცეს

„შტუტგარტის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, მეტოქის მესამედში ეფექტიანი თამაშია: ისინი ბევრ შანსს ქმნიან, რადგან მეტოქის დაცვაში დატოვებულ ან თავიანთ მიერვე გამოთავისუფლებულ სივრცეებს ძალიან ბასრად უტევენ. პოზიციური შეტევისას, ეს დამატებითი კაცის გამოყენებით ხდება: ცენტრალური ნახევარმცველის ან განაპირა ცენტრალური მცველის, რომელიც სივრცეებში შერბენებს, ე.წ. Underlap-ებს, აკეთებს.

ასეთ დროს, ბურთით მყოფ ფეხბურთელს, რომელიც ხშირად გარემარბია, რამდენიმე ვარიანტი აქვს: 1) პასი შემრბენ თანაგუნდელს შეაყოლოს, რაც ზედა ფოტოებში კარგად ჩანს; 2) გარღვევა გააგრძელოს, რადგან შემრბენ კაცს მეტოქე მიჰყვება; 3) შეიწიოს და დასარტყმელი პოზიცია მონახოს ან თანაგუნდელს დაარტყმევინოს; 4) იერიში თავდამსხმელისკენ პასით გააგრძელოს.

მეორე ვარიანტია განაპირა მცველის ან განაპირა ცენტრალური მცველის ჩარბენა, ე.წ. Overlap-ი. როცა ბურთს უინგერი იღებს, უსწრაფესად კეთდება ჩარბენი, რაც 2-1-ზე უპირატესობას ქმნის და მეტოქის მარტო დარჩენილ მცველს ორი არჩევანი აქვს: 1) გაჰყვეს ჩამრბენს, რაც ბურთით მყოფ ფეხბურთელს კარისკენ შეჭრის საშუალება და შეტევის სახიფათოდ გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა; 2) არ გაჰყვეს ჩამრბენს და დაფაროს კარისკენ მიმავალი სივრცე, რა დროსაც შეტევა ჩამრბენზე პასით მწვავდება და მას ექმნება საშუალება, გამჭოლი პასი ან ჩაწოდება შეასრულოს.

პასი მცველებს ზურგს უკან და საჯარიმოს ათვისება

გუნდი სახიფათოა ისეთ მომენტებშიც, როცა ნახევარმცველი ბურთს იღებს და მცველების მისამართით პოზიციონირებას იწყებს. იგი ელოდება ერთ-ერთი ცენტრალური მცველის მასზე ამოსვლას, რის შემდეგაც მცველებს ზურგს უკან გაქცეულ ფორვარდზე აკეთებს გადაცემას და ის რეალურ საგოლე შანსს იღებს.

შემტევი ნახევარმცველები ასევე აკეთებენ შერბენებს საჯარიმო მოედანზე, ხშირად იქ მათი 4-5 თანაგუნდელიც არის, რის გამოც მეტოქის მცველები იძულებულები არიან, რომელიმე ან რამდენიმე მათგანი თავისუფალი დატოვოს. ცხადია, ძალიან სახიფათო მომენტის შექმნის ალბათობა მაღალია და ყველაფერი დიდწილად შემტევთა ოსტატობაზეა დამოკიდებული.

მაღალი და დაბალი პრესინგი

ჰიონესის გუნდი ბურთთან ერთად რომ აგრესიულია, ამაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ, თუმცა ისიც ცალკე სათქმელია, რომ მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს უბურთოდაც აგრესიულ თამაშს სთხოვს. ეს აგრესია ყველაზე ნათლად მაღალ პრესინგში გამოიხატება.

სებასტიანს სურს, მისი ფეხბურთელები მეტოქეს ერთი-ერთზე იყვანდნენ და მათ თავისუფლებას ერთი წამითაც არ აძლევდნენ. ბევრი გოლის გასატანად, ამ დავალების შედეგიანად შესრულება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბურთის მოპოვება, ერთი ან ორი მწვავე პასი და საგოლე მომენტი იქმნება. რომელიმე დიდი მწვრთნელი ხომ არ გახსენდებათ?!

„გეგენპრესინგი საშუალებას გაძლევს, ბურთი მეტოქის კარის სიახლოვეს მოიპოვო, მხოლოდ ერთი პასი გააკეთო და საგოლე შანსი შექმნა. მსოფლიოში არც ერთი გამთამაშებელი არაა გეგენპრესინგზე უკეთესი მეპასე“, - ეს იურგენ კლოპის ცნობილი შეფასებაა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ მწვრთნელისგან ამ მეთოდის აღება, ჰიონესის „შტუტგარტისთვის“ სასარგებლო და შედეგის მომტანი აღმოჩნდა: გირასი, უნდავი და თანაგუნდელები გეგენპრესინგის ჰიონესეულ ვარიანტს შესანიშნავად თამაშობენ.

ახალგაზრდა სპეციალისტი 1-5-2-3 სისტემას იყენებს მაშინ, როცა დაბალი პრესინგის თამაშია საჭირო. გუნდი ცდილობს, შუა ბლოკი მჭიდროდ შეკრას, უკანა ბლოკს კი, სიმჭიდროვესთან ერთად, ჰორიზონტალურობასაც აძლევს, რაც კარისკენ მიმავალი სივრცეების მაქსიმალურად შეზღუდვას ემსახურება.

დაბალი პრესინგის დროს, გუნდი მოქნილი უნდა იყოს: როცა მეტოქე განივ ან უკან პასს აკეთებს, ზედა ბლოკმა აქტიურად უნდა აიწიოს წინ, რასაც შუა და ქვედა ბლოკებიც სინქრონულად უნდა მიყვნენ. ეს მეთოდი როცა კარგად მუშაობს, „შვაბები“ მეტოქეს აიძულებენ, უკან დაიხიონ და შეტევის წამოწყების საშუალებას არ აძლევენ ან საერთოდ ბურთს იბრუნებენ.

საკვანძო როლები და მათი შემსრულებლები: ანუ ვინ ქმნის გუნდის თამაშს

„შვაბების“ ბურთის ფლობაზე დამყარებული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მაღლა აწეული დაცვის ხაზია, რაც, ცხადია, სარისკო განლაგებაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდში სწრაფი ცენტრალური მცველები გყავს. რომელიმე მცველზე გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ძალიან ნელია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის მიხედვით, 2023-24 წლების სეზონში განვითარებული სისწრაფეების 100 საუკეთესო შედეგში შტუტგარტელთა უკანახაზელებიდან მხოლოდ 1 კაცია - იოშა ვაგნომანი (35.87 კმ/სთ), მე-11 ადგილზე. ეს იმ ფონზე, რომ ვაგნომანს სეზონის ნახევარი ტრავმების გამო გაუცდა და ჩემპიონატის 18 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ლოგიკურია, გაჩნდეს კითხვა: მაშინ, როგორ აბალანსებს ამ არც ისე სწრაფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ზემოთ ამოწეულ დაცვის ხაზს ჰიონესი? ცხადია, პასუხი კომპლექსურია, მაგრამ ამ კომპლექსურობაში მთავარი როლი აქვს იმას, რაზეც ზედა ქვეთავებში არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება: კომპაქტური და ძალიან მჭიდრო განლაგებით, რა დროსაც მეტოქე სივრცეში უნდა მოიმწყვდიო და იქიდან გამოსვლის საშუალება არ მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეგექმნება.

წინა თავში „შტუტგარტის“ ტაქტიკურ მრავალფეროვნებასა და მის ეფექტიანობაზე ვრცლად ვისაუბრეთ, თუმცა ყურადღება შეგნებულად არ გამიმახვილებია კონკრეტულად ფეხბურთელებზე. მათზე, ვისაც „შტუტგარტის“ თამაშზე გადამწყვეტი გავლენა აქვთ და რომელთა გარეშეც სებასტიან ჰიონესის ტაქტიკური ხრიკები ვერ იქნებოდა ისეთი შედეგის მომტანი, როგორიც სახეზე გვაქვს.

გუნდმა ჩემპიონატში 78 გოლი გაიტანა, რაც, „ლევერკუზენისა“ (89) და „ბაიერნის“ (94) შემდეგ, მე-3 შედეგია. ამ გოლების 35%, ანუ 28 გოლი, ერთი კაცის ანგარიშზეა - სერუ გირასის.

ფაქტი: გირასის აქამდე ჩატარებულ 10 პროფესიონალურ სეზონში, შიდა ჩემპიონატებში, ჯამურად 66 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც ერთ სეზონში საშუალოდ 6.6 გოლი გამოდის.

ბუნდესლიგის 7 ტურის შემდეგ, ჰარი კეინს 8 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც მაგარი შედეგია, მაგრამ გირასის გასაოცარი ფორმის ფონზე, ჰარი მას უკვე ბევრი გოლით ჩამორჩებოდა.

წარმოიდგინეთ, სერუმ 7 თამაშში, 3-ჯერ დუბლი შეასრულა და ორჯერ - ჰეთ-თრიქი, გარდა ამისა, ერთი გოლიც გაიტანა. ესე იგი, რა გამოდის: 7 მატჩში 13 გოლი შეაგდო, რაც ყველა დროის რეკორდია - დიდი მოწიწებით სცა პატივი გერდ მიულერის ხსოვნას და ასევე პატივისცემით მიესალმა რობერტ ლევანდოვსკის. ამ ორ გოლების მანქანასაც კი, რომელთაც 41 და 40-გოლიანი სეზონებიც ჰქონიათ, სეზონის ასეთი სტარტი - არასდროს. ვიდეოს გაჩვენებთ: უბრალოდ ნახეთ, რა ფორმაში იყო  იმ პერიოდში და რა სილამაზის გოლები გაჰქონდა.

როდესაც ბუნდესლიგის Youtube არხმა მასზე ჩანახატი მოამზადა, ერთ-ერთი კითხვა იყო, როგორ ან რის ხარჯზე გაჰქონდა ამდენი გოლი, გვინეელმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ გვყავს კარგი მწვრთნელი, კარგი გუნდი და ერთმანეთს ვენდობით. ფეხბურთში ნდობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ გირასიმ იანვარში აფრიკის თასზე ითამაშა, რის გამოც ბუნდესლიგის რამდენიმე ტურის გამოტოვება მოუწია. აფრიკის თასისა და მცირე ტრავმების მიზეზით, გვინეელმა შემტევმა ჩემპიონატის 6 თამაშში ვერ მიიღო მონაწილეობა - ესე იგი, 28 თამაშში 28 გოლი და 3 ასისტი შეასრულა. ეს ამბავი ციფრებში რომ გადავიყვანოთ, გირასის საგოლე კონტრიბუციის მაჩვენებელი საშუალოდ ერთ მატჩში 1.1-ია.

Total football analysis-ის შეფასება: „ფიზიკურად ძლიერი ცენტრფორვარდი, მომენტების გამოყენების ბრწყინვალე უნარით, რაც მის ერთ-ერთ უმთავრეს ძლიერ მხარედ ფინიშინგს აქცევს. ათლეტურობის, ფიზიკური ძალისა და ტექნიკის კარგი ნაზავი. გოლებისა და შეტევით ოპერაციებში მნიშვნელოვანი როლის შესრულების გარდა, გუნდის თამაშს თავისი სხვა უნარებითაც ეხმარებოდა. დრიბლინგის წყალობით, თამაშს ამწვავებდა ან ჯარიმებს გამოიმუშავებდა. მისი საკვანძო პასები გუნდს შეტევის ფართოდ გაშლა-განვითარებაში ეხმარებოდა. სებასტიან ჰიონესს გუნდის შეტევითი სტრატეგია მის ამ თვისებებზე ჰქონდა აწყობილი“.

ზემოთ, გირასის ამ სეზონის პირველი 13 გოლი უკვე გაჩვენეთ, დანარჩენ 15-საც აქვე გთავაზობთ.

შეტევის კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელსაც ასევე ფანტასიკური სეზონი ჰქონდა დენიზ უნდავია, რომელიც, ლოგიკურია, რომ ნაგელსმანმა „ევრო 2024“-ზეც წაიყვანა. როგორც ზემოთ გითხარით, უნდავმა ჰიონესის ყურადღება 2019-20 წლების სეზონში, მე-3 ბუნდესლიგაში თამაშით მიიქცია. რეალურად, დენიზის ხელახალი დაბადება იმ სეზონიდან იწყება.

რატომ ხელახალი დაბადება? 24 წლის ასაკში მე-3 ბუნდესლიგაში თამაში ნიშნავს, რომ ან უფრო ზემოთ ასასვლელად განაცხადი უნდა გააკეთო და პროგრესს დაედოს სათავე, ან კარიერის დანარჩენი წლების დაახლოებით ამ, ანუ სამოყვარულო, დონეზე გატარება მოგიწევს. მე-3 ბუნდესლიგაში გატანილი 17 გოლისა და გაკეთებული 12 ასისტის შემდეგ, ბელგიის მე-2 დივიზიონის კლუბმა, „როიალ უნიონმა“ დაუძახა და იქ გადასვლიდან 2 წლის თავზე, გერმანელის ანგარიშზე ჩატარებულ 65 მატჩში 43 გოლი და 16 საგოლე პასი იყო. ცხადია, ასეთი სტატისტიკის ფონზე, მას იქ არავინ დატოვებდა და პრემიერ ლიგის „ბრაიტონმა“ მისი ტრანსფერი 7 მილიონ ევროდ დახურა. 

ხაზი გავუსვათ, რომ როცა „ბრაიტონში“ გადავიდა, ეს მისთვის პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ მე-3 სეზონი იყო. აი, რას ამბობს თავად: „პირველი ექვსი თვე თამაში არ მიწევდა და ამის სულაც არ მრცხვენია. მაშინ, რაღაც ძალიან რთულის გაკეთებას ვცდილობდი. წარმოიდგინეთ: ბელგიის ჩემპიონატიდან პირდაპირ პრემიერ ლიგაში გადასვლა ნიშნავს, რომ 5-6 საფეხურით მაღლა ახვიდე. ბელგიის ლიგაც კი თავიდან რთული იყო, რადგან ეს პროფესიონალურ ფეხბურთში ჩემი მეორე სეზონი გახლდათ“.

გირასისგან განსხვავებით, რომელსაც მწვრთნელისგან გამოკვეთილი ცენტრფორვარდის ფუნქციები ჰქონდა მინიჭებული, უნდავი უფრო მეორე ფორვარდი იყო, რაც მის სტატისტიკასაც შეეტყო - 18 გოლი და 9 ასისტი. აქვე შეგიძლიათ, მის ყველა საგოლე მოქმედებას გადახედოთ.

გვერდით ტაბში კალკულატორს კიდევ ერთხელ ვხსნი და ვითვლი, გირასი-უნდავის ერთობლივად გატანილი გოლების პროცენტი გუნდის ჯამური გოლების რამდენი პროცენტია: 78 გოლიდან 46 ამ დუეტის ანგარიშზეა - 59% გამოვიდა. 

ფაქტი: ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ეგიდით, არც ერთ დუეტს ჰქონია ჯამურად ამაზე მეტი გოლი გატანილი: ასევე 46-46 ბურთი შეაგდეს ჰოლანდი-ფოდენისა და კეინი-მუსიალას წყვილებმაც.

Total football analysis-ის შეფასება: „გირასის მსგავსად, ამ სეზონში უნდავის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ფინიშინგი და მომენტების გამოყენებისას მაღალი ეფექტიანობა იყო. მისი გუნდური ხასიათი და გამარჯვების წყურვილი, რაც სპორტულ აგრესიულობასთან ერთიანდებოდა, გუნდისთვის საკვანძო მნიშვნელობის ფეხბურთელად აქცევდა. გადამწყვეტ მომენტებში სიტუაციის ცივსისხლიანანად შეფასებისა და სწორი გაგრძელების პოვნის უნარი, რაზეც, გოლების გარდა, საგოლე გადაცემების რაოდენობა მიუთითებს“.

შეიძლება, გირასი-უნდავის დუეტივით სტატისტიკა არ ჰქონდა, მაგრამ შეტევაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კაცი 21 წლის ენცო მილო (ზოგი გამოთქმით - მიიო) იყო. პოზიციით შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მარჯვენა გარემარბადაც გვევლინებოდა და 5 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. თამაშის ყურებისას ნათლად მიხვდებოდი, რომ ამ ბიჭის ინტელექტი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ბონუსია. უბრალოდ, ნახეთ, გირასიზე რა პასს აკეთებს!

მისი სწორი ნაბიჯების წყალობით, გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანი, აგრესიული და აზრიანი ხდებოდა. 15 წლის ტალანტი „მონაკოს“ ცნობილმა აკადემიამ თავისთან მიიწვია და ფეხბურთელად იქ ჩამოყალიბდა, ესე იგი, ის გზა გაიარა, რაც კილიან მბაპემ, იანიკ კარასკომ ან ბენუა ბადიაშილემ. როგორც თავად ამბობს, თინეიჯერ ენცოს „მონეგასკთა“ მაშინდელი ვარსკვლავების, რონი ლოპეშისა და ფაბინიოს მაისურის მიღებამ, დიდი მუხტი მისცა.

Total football analysis-ის შეფასება: „თავისი მრავალმხრივობითა და ეფექტიანობით, მეტოქის მესამედში სერიოზული ფუნქცია ჰქონდა. იმის მიუხედავად, თუ რომელ პოზიციაზე თამაშობდა, საგოლე შანსებისას გონებამახვილური გადაწყვეტილებების მიღების უნარს არასდროს კარგავდა. თამაშის გადამწყვეტ მომენტებზე საკვანძო გავლენას ხშირად ახდენდა. ორ პოზიციაზე შესანიშნავად ადაპტირების უნარი მის ინტელექტს ხაზს უსვამს და სებასტიან ჰიონესისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცევს“.

ამ ფორმაციის „შტუტგარტში“ ანჯელო შტილერი ის მოთამაშეა, რომელსაც ჰიონესი ყველაზე კარგად იცნობს. ეს 23 წლის შრომისმოყვარე ნახევარმცველი „სებას“ ხელმძღვანელობით „ბაიერნის“ მეორე გუნდშიც თამაშობდა, შემდეგ კი „ჰოფენჰაიმში“ მიიყვანა და გუნდისთვის მნიშვნელოვან წევრად მალევე იქცა. „შტუტგარტს“ კი მის ტრანსფერში 5.5 მილიონი ევრო გადაახდევინა. შეიძლება ითქვას, რომ შტილერი ჰიონესის ფავორიტი შეგირდია და სეზონის მიმდინარეობისას კარგად ჩანდა, რამდენად ენდობოდა და რამდენად მნიშვნელოვან ფუნქციებს აკისრებდა.

Total football analysis-ის შეფასება: „ატაკან კარაზორთან ძლევამოსილი და მეტოქეთათვის მრისხანე დუეტი შექმნა. ორკესტრის მთავარი დირიჟორი, რომელიც თავისი მოედნის ხედვით, პასებითა და გადაწყვეტილებებით, მოწინააღმდეგის ხაზებს შლის და შესაძლებლობებს ქმნის. მისი დაცვიდან შეტევისკენ გადაადგილების უნარი გუნდის თამაშს უფრო მოქნილს ხდის. წნეხის დროს ინარჩუნებს სიმშვიდეს და ბასრი პასების დარიგებას მაინც ახერხებს, გუნდის ტაქტიკისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა“.

ამ ფორმაციის „შტუტგარტში“ ატაკან კარაზორი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი „შვაბია“. იგი „მერსედეს ბენც არენაზე“ 2019 წლიდან თამაშობს, მასზე უფრო ადრე აქ მხოლოდ ერთადერთი კაცი მოვიდა - რობერტო მასიმო, 2018-ში. მასიმო ამ სეზონში სათადარიგო ფეხბურთელად ითვლებოდა და 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფიზიკურად ძლიერი შრომისმოყვარე შუახაზელი გუნდის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. „დორტმუნდის“ მეორე გუნდშიც თამაშობდა, თუმცა დიდი კარიერის დასაწყისად მაინც „ჰოლშტაინ კილში“ გატარებული პერიოდი უნდა ჩაითვალოს.

Total football analysis-ის შეფასება: „27 წლისა და 191 სმ. სიმაღლის ფეხბურთელი „შტუტგარტის“ შუახაზში უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოგვევლინა. მისი დაცვითი ოსტატობა და საჰაერო ორთაბრძოლებში დომინაცია გუნდის დაცვითი ოპერაციების უპირველეს დასაყრდენად აქცევდა. უნდა გამოვარჩიოთ მისი მომენტის შერჩევის უნარი (Timing), რის გამოც მეტოქეებისთვის რთულ ბარიერს წარმოადგენდა და ნახევარდაცვის ხაზს სოლიდურობას მატებდა. მის გამორჩეულ სათამაშო დისციპლინაზე მიუთითებს ის, რომ სათამაშო პოზიციის ფონზე, იშვიათად ჯარიმდებოდა. შეიძლება, გუნდის ბურთის გათამაშებაში დიდი დოზით ჩართული არ იყო, მაგრამ ძალიან წარმატებულად თამაშობდა ერთი ან ორი შეხებით პასებისას. ის, როგორც ფარი, „შტუტგარტის“ ნახევარდაცვის საიმედოობას განაპირობებდა. ასევე, მისი მოქმედებები, თამაშის შემქმნელი თანაგუნდელებისთვის, თავიანთი საქმის საკეთებლად, აუცილებელი ელემენტი იყო“.

მაქსიმილიან მიდლშტადტი გუნდს ბერლინის „ჰერტადან“ სეზონის დასაწყისში შეუერთდა და თავიდან ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილებოდა. ჰიონესი მას ცვლილებებზე ათამაშებდა, თანდათან კრის ფიურიხთან კარგი შეთამაშებისა და თავისი პერფორმანსების ფონზე, მე-8 ტურში სასტარტოში ადგილიც მოიპოვა. დარჩენილ 26 ტურიდან კი მხოლოდ 3-ჯერ არ იყო ძირითადში, აქედან ერთხელ დისკვალიფიკაციის გამო. „შვაბების“ შეტევები მისი ჩართვებით მრავალფეროვნებას იძენდა და ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენაფლანგელად სამართლიანად განიხილებოდა. მის ანგარიშზე სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე პასია.

Total football analysis-ის შეფასება: „მიდლშტადტის შეუცვლელ ფეხბურთელად ქცევა მისმა შეტევითმა უნარებმა და სათამაშო თვისებებმა განაპირობა. მისი ზუსტი და სახიფათო ჩაწოდებები მეტოქეებს საქმეს ურთულებდა. გუნდის შეტევით ოპერაციებს ბონუსს სძენდა, რაც მრავალფეროვნების პირდაპირი სინონიმია. შთამბეჭდავი პერფორმანსების წყალობით, გერმანიის ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა“.

26 წლის კრის ფიურიხი „დორტმუნდის“ აკადემიის აღზრდილია, „შტუტგარტის“ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბება კი მისთვის ამ გუნდში ყოფნის მე-3 სეზონში მოახერხა. 8 გოლი და 7 ასისტი, წესით, პასუხია იმაზე, რატომ გამოიძახეს იგი გერმანიის ნაკრებში, მაშინ როცა, არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არასდროს გამოუძახებიათ.

არც ის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ გერმანიის ტოპ კლუბები მისი ტრანსფერისთვის იბრძვიან. როგორც აპრილში Bild-ი წერდა, „დორტმუნდის“, „ლევერკუზენისა“ და „ლაიპციგის“ ინტერესის ფონზე, თავად ფიურიხს „ბაიერნში“ გადასვლა ურჩევნია. გარემარბს „რეკორდმაისტერიც“ ეძებს და ამ შესაძლო ტრანსფერზე ბევრი საუბარიც მიდის. ვნახოთ... იქამდე, აქვე შეგვიძლია, გადავხედოთ მის რამდენიმე საგოლე გადაცემას.

Total football analysis-ის შეფასება: „იგი გუნდის შეტევითი არსენალის უმნიშვნელოვანესი წევრია. სათამაშო დინამიკა, შესანიშნავი აჩქარების უნარი და კარგი დრიბლინგი საშუალებას აძლევს, საჯარიმოში შეიჭრას და მეტოქის დაცვას დიდი დარტყმა მიაყენოს. სწრაფი, ტექნიკური და კარგი ფინიშინგის თვისების მქონე შემტევი, პასებსაც ეფექტიანად არიგებს და თანაგუნდელებს შესაძლებლობებს უქმნის. მრავალმხრივი ფლანგის შემტევია, რომელიც ცენტრისკენ შემოსვლისასაც თავს კომფორტულად გრძნობს“.

ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი ფიურიხს სტილით მარკო როისს ადარებს. კრისის დრიბლინგისა და დაყენებული ტექნიკური დარტყმის უნარების კარგი გამომხატველია მისი „ფრაიბურგთან“ გატანილი ერთმანეთზე ლამაზი გოლები.

მაქსიმილიან მიდლშტადტის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა გუნდის დაცვის ხაზის სხვა მნიშვნელოვანი წევრებიც არ დავივიწყოთ. საერთოდ, ტაქტიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჰიონესი სეზონის მიმდინარეობისას ყველა მცველს აქტიურად იყენებდა და ამ ამპლუის ნებისმიერ მოთამაშეს ბუნდესლიგის მინიმუმ 15 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.

იაპონელი ჰიროკი იტო (26 მატჩი) ჰიონესისთვის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. სხვათა შორის, იტო „შტუტგარტის“ ისტორიაში მე-6 იაპონელია - ამ ქვეყნიდან ბუნდესლიგის არც ერთ სხვა გუნდს ამდენი წარმომადგენელი არ ჰყოლია. სეზონის მიმდინარეობისას თავიანთი მნიშვნელოვანი როლები ჰქონდათ ენტონი რუოლს (22 მატჩი), პასკალ შტენცელს (23 მატჩი), იოშა ვაგნომანს (18 მატჩი), ლეონიდას სტერჯიუსა (15 მატჩი) და დან-აქსელ ზაგადუს, რომელიც დაცვის პრაქტიკულად შეუცვლელ წევრად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმის გამო 19-ზე მეტ შეხვედრაში ვერ ითამაშა. დაცვის მთავარი კაცი კი ყველა ვარიანტში კაპიტანი, უალდემარ ანტონია, რომელზეც ქვემოთ ცალკე ვილაპარაკოთ.

საინტერესოა, რომ შტუტგარტელთა 27 წლის კაპიტანი უზბეკეთშია დაბადებული, რუსი და გერმანელი დედ-მამის ოჯახში. 2 წლის იყო, როცა საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ და იქ დასახლდნენ. ანტონიმაც, ცხადია, სათამაშოდ გერმანიის ნაკრები აირჩია და ასაკობრივებში დიდი წარმატებებიც ჰქონდა: 2017-ში U21-ში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ორი წლის შემდეგ კი - ფინალში დამარცხდა. „შტუტგარტის“ კაპიტნად ამ სეზონის დაწყებამდე აირჩიეს, ხოლო იანვარში კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

სებასტიან ჰიონესი მასზე ამბობს: „უალდემარს აქვს ყველაფერი, რაც კაპიტნისგან გჭირდება: დაუღალაობა, დისციპლინა, ვარჯიშებზე ყოველთვის 100%-ით იხარჯება. თანმიმდევრული და სტაბილურია, ძალიან ცოტა შეცდომას უშვებს. მწვრთნელისთვის, ოცნების ფეხბურთელია, რადგან ძალიან გუნდურია და მუდამ საერთო საქმეზეა ორიენტირებული“.

Bundesliga.com-ის შეფასება: „189 სმ. სიმაღლის ცენტრალური მცველის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მეორე სართულზე კარგად თამაშია. ერიკ დაიერის მსგავსად, ფიზიკურად მძლავრი, უკომპრომისო და პოზიციების მშვენივრად შემრჩევია. შეუძლია მარჯვენა მცველად და საყრდენად თამაშიც, რაშიც საფეხბურთო ინტელექტი ეხმარება. ბავშვობაში მისი კუმირი როი მაკაი იყო და თავადაც თავდამსხმელად თამაშობდა. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ მეტოქის საჯარიმო მოედანზე თავს მოხერხებულად გრძნობს“.

ანტონისა და მისი პარტნიორების შედეგიანობა ციფრებშიც ნათლად იზომება: ჰიონესის ჰიპერ შემტევმა გუნდმა ბუნდესლიგის 34 ტურში 39 გოლი გაუშვა, რაც, როგორც უკვე ვთქვით, მე-3 შედეგია. ცხადია, საიმედო მეკარის გარეშე ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა.

აი, რას წერს ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი ალექსანდრ ნიუბელზე: „არაჩვეულებრივი მეკარე! ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ბოლო წლებში გერმანულ სამეკარეო სკოლას აღუზრდია. როცა „პადერბორნის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თანაგუნდელებმა „მანუ“ შეარქვეს. სიმაღლე, შთამბეჭდავი აღნაგობა, საჯარიმოში დომინანტობა და შესანიშნავი რეფლექსები: მეორე ნოიერობა მთლად აზრს მოკლებული არაა ხომ“?!

თავად ნოიერს რამდენიმე თვის წინ ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ნიუბელს, გერმანიის ნაკრების მომავალი გოლკიპერი გახდეს: „შეუძლია. მას სჭირდება გამოცდილება, რასაც აუცილებლად მიიღებს კიდეც. თუმცა, ახლა რაც სახეზე გვაქვს, ფაქტია, რომ მშვენივრად ვითარდება და პროგრესირებს“.

საინტერესოა, რომ ნიუბელი 14-წლამდე თავდამსხმელად თამაშობდა, თუმცა, საკადრო პრობლემების გამო, მისი კარში დაყენება გადაწყვიტეს და ნელ-ნელა ალღოს აღება ამ პოზიციისთვის მოუწია. აღარ გვიკვირს ის ამბავი, როგორც თამაშობს ფეხით. 

ნიუბელმა ბუნდესლიგის 2023-24 წლების სეზონში 11 „მშრალი მატჩი“ (30 თამაშში) მიითვალა, რაც მხოლოდ ჩემპიონ ლუკას ჰრადეცკის მაჩვენებელს ჩამორჩება - 15. 

ბევრი „შტუტგარტი“ ფეხბურთს!

არ დაგვავიწყდეს, რომ ჰიონესი გუნდში ამ სეზონის დაწყებამდე 4 თვით ადრე მივიდა, ჯერ უმაღლესში ადგილის შენარჩუნების საკითხი მოაგვარა, შემდეგ კი ახალი სეზონისთვის გუნდის მოსამზადებლად სულ რაღაც 2.5 თვე ჰქონდა. ამის მიუხედავად, „შვაბებს“ პირველივე ტურებიდან ეტყობოდათ, რომ იდეალურად შეთამაშებულები იყვნენ და თუკი ტონუსს შეინარჩუნებდნენ, ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმუმისთვის თამაში შეეძლებოდათ. ოღონდ, არავინ თქვას, რომ ამ „შტუტგარტისგან“ ელოდა იმას, რაც საბოლოოდ გამოვიდა - ეს უბრალოდ ნონსენსია და მხოლოდ ჰიონესმა იცის, როგორ შეიძლება, გუნდი ასე „დაქოქო“ და ყველა მოთამაშეს საკუთარი მაქსიმუმი გამოავლენინო.

როცა ახერხებ იმას, რომ პროფესიონალ ფეხბურთელებს თავიანთი საქმისგან სიამოვნება მიაღებინო და ზუსტად იცი ფასი იმ იდეის, რომლის გარშემოც მათ აერთიანებ, აღარაა წარმოუდგენელი, შექმნა რაღაც განსაკუთრებული და არაორდინალური. ისე, როგორც „შტუტგარტის“ შემთხვევაში მოხდა.

მიუნხენის „ბაიერნის“ ჩამოტოვება, 14-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და „მერსედეს ბენც არენაზე“ იმ საოცარი საფეხბურთო დუღილის დაბრუნება, რომელიც ბოლოს 2006-07 წლებში იყო. შეიძლება, ბევრ თქვენგანს ახსოვდეს კიდეც ის სეზონი: ლევან კობიაშვილი, „შალკესთან“ ერთად, ჩემპიონობისთვის იბრძოდა და მთავარი კონკურენტი სწორედ „შტუტგარტი“ იყო. მარიო გომესის პირველი დიდი სცენა, ბრაზილიური ტექნიკისა და გერმანული ხასიათის მქონე ჟერონიმო კაკაუ, 19-20 წლის სამი ხედირა, ერთსეზონიან პრაიმიანი ტიმო ჰილდებრანდი, კაპიტანი თომას ჰიტცლსპერგერი. მაგარი „შტუტგარტი“ იყო და ჩემპიონიც გახდა. მახსოვს იმ სეზონის „მერსედეს ბენც არენას“ ატმოსფერო და დღესასწაულები. ჰიონესმა რაღაც ასეთი დააბრუნა და რა მაგარი სანახავი იყო ეს არა?! იმედია, შემდეგი სეზონის „შტუტგარტიც“ მინიმუმ ასეთივე იქნება და გემრიელ ამბებს ჩემპიონთა ლიგაზეც ვნახავთ. ბევრი სებასტიან ჰიონესი და „შტუტგარტი“ ფეხბურთს!

გაზიარება: