არსენალი ჩელსიზე მეტად აქტიურია - ოსიმენის ამბავი მალე გაირკვევა
გასული სეზონის მსვლელობისას, ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებას მაისის ბოლოს გაააკეთებდა, თუმცა ჯერჯერობით მას კონკრეტული ისევ არაფერი უთქვამს.
სამაგიეროდ, საგრძნობლად გააქტიურებულია „არსენალი“ და აპირებს თანაქალაქელ „ჩელსის“ ნიგერიელი ფორვარდისთვის სატრანსფერო ბრძოლა მოუგოს. „არისტოკრატებს“ დიდი ხნის განმავლობაში სურდათ ოსიმენის დამატება, თუმცა ეს უფრო მაურისიო პოჩეტინიოს სურვილი იყო, რომელმაც თანამდებობა უკვე დატოვა და რამდენად სურს მის შემცვლელს, ენცო მარესკას აფრიკელი ფეხბურთელის სამსახური, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, მიკელ არტეტა დარწმუნებულია, რომ „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირი თავის საგოლე ალღოს ინგლისის პრემიერ ლიგაშიც გამოავლენს და კლუბის ხელმძღვანელებისგან ოსიმენის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს.
თავის მხრივ, ნეაპოლელები ცდილობენ რომელუ ლუკაკუს დამატების საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყვიტონ და საამისოდ ოსიმენის სანაცვლოდ დიდი ფულის აღება ძალიან დაეხმარებათ. პარტენოპეისთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვიქტორის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევროა მითითებული და რამდენად მზად არიან „მეთოფეები“ ამხელა თანხის გადასახდელად, რთული სათქმელია. რაც შეეხება „ჩელსის“, ის ცდილობს მოლაპარაკებებში ლუკაკუს ფაქტორის გამოყენებას, რომელიც მართალია „რომაში“ გამოდის, მაგრამ ბელგიელის სატრანსფერო უფლებები ჯერ კიდევ ლონდონურ კლუბს ეკუთვნის.