„კონტე კატეგორიული იყო. დარჩენა კვარასაც უნდა“ - ცნობილი ჟურნალისტი სატრანსფერო ჭორებზე
ევროპულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. დღემდე, არაერთმა გავლენიანმა სააგენტომ დაწერა, რომ პარიზელები ქართველის ტრანსფერის სანაცვლოდ მზად არიან „ნაპოლის“ 130 მილიონ ევრომდე გადაუხადონ, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას შენარჩუნებას ყველა გზით ცდილობს.
ზოგიც წერს, რომ კვარას ნეაპოლში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია, რაშიც მთავარი როლი გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ითამაშა.
ცოტა ხნის წინ კი „ნაპოლისთან“ დაახლოებული რადიო Kiss Kiss Napoli-ის მთავარმა რედაქტორმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ პსჟ-ის მხრიდან ინტერესი საერთოდ არ ყოფილა, ამ ინფორმაციის წყაროდ კი პარიზული კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი მოჰყავს.
რას ამბობს დე მაჯო:
„დღეს დილით, პარი სენ-ჟერმენის ერთი ფეხბურთელისგან გავიგე, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გუნდის გეგმებში საერთოდ არ არის ნახსენები. იმის შანსი, რომ კვარა ზაფხულში გუნდს დატოვებს, ძალიან მცირეა. „ნაპოლის“ სურს, რომ ახალი გუნდის შენება კვარასგან დაიწყოს და ვფიქრობ, კონტე მის მიმართ უფრო კატეგორიული უნდა იყოს. ის ლურჯებში უნდა დარჩეს და ეს თავად ფეხბურთელსაც სურს, მამამისიც დარჩენისკენ უბიძგებს, თუმცა, კონტრაქტის გაუმჯობესების შემთხვევაში. ვფიქრობ, თუ კლუბი მას ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს, გამოსასყიდი თანხის პუნქტში ზუსტად ოსიმენის მსგავსად უნდა მოიქცეს. ასე მინიმუმ 1 სეზონით შეინარჩუნებენ“.
იტალიურ პრესაში იწერება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასთან კონტრაქტის გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აწარმოებენ. ბოლო ცნობებით, „პარტენოპეის“ მზადაა კვარას წლიურად 5.5 მილიონი ევრო გადაუხადოს და გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაუწეროს.